დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი.
1937 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; დაამთავრა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტორ-მშენებლის სპეციალობით 1943 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1945 წელს.
1941 წლის 23 ივნისიდან 1942 წლის ოქტომბრამდე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. ომის დამთავრებამდე მუშაობდა თბილისის გასამხედროებულ ქარხნებში. 1947 წელს მუშაობდა კუიბიშევის სახ. ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1947-1948 წწ. მუშაობდა N11 პროფტექნიკურ სამხატვრო-სახელოსნო სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში. 1948 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა ქალაქ გორის მთავარ არქიტექტორად.
1949 წელს მისი მონაწილეობით შედგენილი და დამტკიცებული იქნა ქ. გორის რეკონსტრუქციისა და დაგეგმარების გენერალური გეგმა. მისი გორის მთავარ არქიტექტორად მუშაობის რვა წლისა და სამი თვის განმავლობაში, გაშენდა ბამბეულის ქსოვილების კომბინატი, ახალი ქუჩები და მოედნები, სტალინის მუზეუმი, სასტუმრო ინტურისტი, ლენინის ძეგლი, სტალინის მონუმენტი, ადმინისტრაციული სახლი, სავაჭრო ცენტრი, კავშირგაბმულობის სახლი, ახალი ხიდი მტკვარზე, მრავალი საცხოვრებელი სახლი და საწარმო, რომელთა მშენებლობაში იგი უშუალოდ მონაწილეობდა. ამასთანავე, აქტიურად იყო ჩართული გორის პარტიულ და საზოგადოებრივ მუშაობაში. რამოდენიმეჯერ არჩეული იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის დეპუტატად, აღმასკომის წევრად, პარტიის საქალაქო კომიტეტის პლენუმის წევრად და სხვ. 1956-1959წწ. მუშაობდა გორის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ("ნიიავტომატპრომში") უფროს ინჟინერ-მშენებლად.
1959-1966წწ. იყო საპროექტო-დაგეგმვის სამუშაოთა განყოფილების უფროსი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ "საქმთავარკოლმშენში". 1966-1976წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროში კოლმეურნეობებში მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად. 1977 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი. ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება "საქკოლმჯანმრთელობაში" ჯერ ინსპექტორად და მთავარ სპეციალისტად, შემდეგ კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ. 1932 წლიდან სკკპ-ის რიგებში ყოფნის 58 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, 8-ჯერ იყო არჩეული პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნად. მის მიერ დაპროექტებულია არაერთი ნაგებობა გორში და გორის რაიონში (მათგან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული გორის კულტურისა და დასვენების პარკის კოლონადა), ჯავაში, გურჯაანში, სამგორში... სხვებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში მრავალი დასასვენებელი სახლის, სანატორიუმის, პიონერთა ბანაკის, კლუბის, საბჭოთა მეურნეობათა ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. 1981 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმჯანმრთელობას" წყალტუბოს 500 ადგილიან სანატორიუმ "საქართველოს" პროექტირებასა და მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის. მთავრობისა და სხვადასხვა უწყებებისაგან მიღებული აქვს მრავალი სხვა ჯილდო: 1982 წ. მიენიჭა სამკერდე ნიშანი "სკკპ რიგებში ყოფნის 50 წელი". 1983 წელს საქ სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია ნიშნით "მეთერთმეტე ხუთწლედის დამკვრელი" და სხვ. მასზე არის ა. სუმბაძის ნაშრომში : გორი. - Л.З. Сумбадзе. Гори. Очерк архитектуры. Москва 1950г., გვ. 44, 68: ელ ვერსია მოთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიალში": dspace.nplg.gov.ge. და საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი VIII, თბ.1980, გვ. 616.
წყარო: ეკატერინე გაჩეჩილაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.