The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბოცო კორიშელი

ბოცო კორიშელი
Legal name:ვახტანგ ჩიქვინიძე
Other name:ვახტანგ კორიშელი
ჩიქვინიძე
Date of birth:1921
Date of death:July, 2015  (at 94 years)
Category:Sculptor, Musician, Educator, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა რუსთაველის თეატრის  მსახიობების პლატონ კორიშელის (ჩიქვინიძე) და სუზანა ბეჟანიშვილის ოჯახში. პლატონ კორიშელი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ბოცომ საშუალო სკოლა  დაამთავრა, მაგრამ  უნივერსიტეტში სწავლა არ შეეძლო. მეორე მსოფლიო ომის დროს, ვახტანგ კორიშელი წითელი არმიის რიგებში იბრძოდა, გერმანელ ფაშისტებს ტყვედ ჩაუვარდა. გადარჩა იმიტომ, რომ თარჯიმნობა დაავალეს. ამერიკულ ზონაში, ზალცბურგში გადავიდა, კარგა ხანს იმალებოდა. შემდეგ მიუნხენში ქართველი ემიგრანტების, ალჩიბაიების ოჯახში ცხოვრობდა. "ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი, გავიგე, კონსერვატორია იხსნებოდა და ჩაბარება გადავწყვიტე. დავუკარი და მიმიღეს", – ასე იხსენებდა ბოცო კორიშელი მიუნხენის კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავს. მოგვიანებით, ალჩიბაიების რჩევით სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში 1950 წელს ჩავიდა. დასახლდა ლოს-ანჯელესში. ლოს-ანჯელესიდან სანტა ბარბარას უნივერსიტეტში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ მორო–ბეიში დაიწყო მუშაობა. პიანისტის კარიერას პედაგოგობა არჩია, რაც მისი მოწოდება აღმოჩნდა. მისი გამოზრდილი მუსიკოსები ამერიკის სხვადასხვა ორკესტრებში უკრავენ. ბოცო კორიშელის სტუდიაში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი დირიჟორი კენტ ნაგანო,  მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა და ბავარიის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1960 წელს ბოცო კორიშელმა მორო ბეიში სიმფონიური ორკესტრი დააარსა და მისი დირიჟორი გახდა. კამერულ კონცერტებს სახლში, თავის დაარსებულ სტუდიაში მართავდა. ამ კონცერტებს, House concerts – სახლის კონცერტებს ეძახდნენ. ბოცო კორიშელის მოსწავლეები ამ საღამოებშიც მონაწილეობდნენ და ხშირად სოლო კონცერტებზეც უკრავდნენ. ბოცო კორიშელის მიერვეა დაარსებული ქალაქ სენ ლუის ობისპოს ახალგაზრდული ორკესტრი. ასევე, იგი ლექციებს კითხულობდა ფრაიბურგში, სადაც მიწვეული პროფესორის რანგში ასწავლიდა მუსიკისმცოდნეობას. ცხოვრების მეორე ნახევარი ბოცო კორიშელმა ქვაზე მუშაობას მიუძღვნა. ქანდაკებით გიორგი და ელენე პაპაშვილებთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა, გიორგი პაპაშვილმა ასწავლა ქვის თლა, მას განსაკუთრებით გრანიტზე მუშაობა უყვარდა. მორო–ბეიში მის მიერ შესრულებული რამდენიმე ქანდაკება დგას. "მუსიკასა და ქანდაკებაში, მათთან ფიქრების გაცვლა-გამოცვლაშია მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ნამდვილად იყო საშუალება, შემევსო დანაკარგი მამის და დედის, მთელი ჩემი ოჯახის". ბოცო კორიშელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ასწავლიდა ახალგაზრდებს დირიჟორობას, სხვადასხვა ინსტურმენტებზე დაკვრასა და ქანდაკების ხელოვნებას. საქართველოში პირველად მეუღლესთან ერთად 1991 წელს ჩამოვიდა, მეორედ, 2007 წელს, გადამღებ ჯგუფთან ერთად, რომელიც ბოცო კორიშელის შესახებ ფილმზე მუშაობდა. ბოცო კორიშელის ცხოვრების მძიმე გზას მიეძღვნა ამერიკელი დოკუმენტალისტის, ტომ უოლტერსის, ფილმი "ბოცო – მასწავლებელი თბილისიდან". ფილმმა მოიპოვა 10 საერთაშორისო ჯილდო და აღიარება. თავისი ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება ბოცო კორიშელმა აღწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში "Memories of a Teaching Life in Music". მსახიობ პლატონ კორიშელის შვილი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; ქართველობა არც ისე ძნელია, როცა საქართველო გიყვარს / ივანე ჭიპაშვილი, გოჩა გიორგიძე // კავკასიონი.-თბილისი, 1996.-26 მარტი.-N 52.-გვ.3; ქართული ღვაწლის ამერიკული დაფასება : ამერიკელები ქართველ ხელოვანზე, ბოცო კორიშელზე ფილმს იღებენ // 24 საათი.-თბილისი, 2007.-21 ივლისი.-N162 (1606).- გვ.A15

Bibliography


Share: