Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბრაგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს. 1986 წლიდან მუშაობა დაიწყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; 1992 წელს გახდა მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1994წწ. იკავებდა მუზეუმის სწავლული მდივნის თანამდებობას; 1994-2003წწ. იყო წინაქრისტიანული ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 2003-2004წწ. კვლავ წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე დაბრუნდა; ხელოვნების მუზეუმში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა მუზეუმის ეგიდით ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში; წინაქრისტიანული ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში კი მუზეუმის არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციას უხელმძღვანელა; 1992-2004წწ. იყო ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1995-2004წწ. ხელოვნების მუზეუმის "ნარკვევების" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2000-2005წწ. "არქეოლოგიური ჟურნალის" მთავარი რედაქტორი; 2004-2007წწ. საქართველოს პარლამენტში ეკავა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა; 2007 წლიდან მუშაობდა ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; 2006 წლიდან იყო სამეცნიერო ჟურნალ "იბერია-კოლხეთის" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2012-2013წწ. იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას; 2013-2015წწ. იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი; 1986-1992წწ. მონაწილეობდა მთელ რიგ არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა მთელ რიგ არქეოლოგიურ ექსპედიციებს; 2015-2016წწ. მონაწილეობა მიიღო მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში; 2017 წელს იყო თელავის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი; 2018 წელს შიდა ქართლისა და ლეჩხუმის (ხვამლის) არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი; 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ტაბახმელის არქეოლოგიური ექსპედიცია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ბრძოლის ველის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა; 2019-2021წწ. მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობდა სოფელ ითხვისში. მისი ხელმძღვანელობით უკანასკნელი არქეოლოგიური ექსპედიცია 2022 წელს, საჩხერეში, თოდაძის ციხეზე ჩატარდა. სამეცნიერო საქმიანობა და პუბლიკაციები: მის ძირითად კვლევით ინტერესს კოლხეთისა და იბერიის არქეოლოგიის პრობლემები წარმოადგენდა. მათ შორის იყო კოლხეთის სამეფოს გენეზისის პრობლემა, ურთიერთობები რომთან და აქემენიდურ ირანთან, მმართველობის სისტემა კოლხეთსა და იბერიაში. მან ამ საკითხებზე სამი ათწლეულის განმავლობაში არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა არმაზისხევის პიტიახშთა სახლის გენეალოგიის საკითხში, კოლხეთის სამეფოს წარმოშობის მიზეზების დადგენაში, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევაში. 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ კოლხეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი". გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში; ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მათ შორის 5 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2012 წელს მისი ავტორობით გამოცემული "არქეოლოგია" - პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო არქეოლოგიაში; 1986-2023წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმში ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთში, ირანსა და თურქეთში; იყო არაერთი წიგნისა, თუ კრებულის თანაავტორი და რედაქტორი. მათ შორის 2013 წელს გამოცემული ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონის ავტორებიდან ერთ-ერთი; 2021 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია "კოლხეთი და იბერია-არქეოლოგიური ძიებანი". პედაგოგიური საქმიანობა: 1992-2003წწ. იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (მოგვიანებით თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი) დოცენტი; 1999-2005წწ. იყო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი, 2010 წელს კი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2011 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორის Erasmus + ჟან მონეს პროექტში. როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ის სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობდა სხვა უნივერსიტეტებთან. 2022 წელს მისი მონაწილეობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოიპოვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლების გრანტი პროექტისთვის "საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები"; სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მათ შორის აღნიშვნის ღირსია მისი დამსახურება მშვიდობის მშენებლობის საქმეში, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის პროცესში მის დამსახურებას უკავშირდება. წყარო: დავით ბრაგვაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; კავკასიის უნივერსიტეტი: cu.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |