Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ემუხვარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1916 წელს. პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის სახალხო კრების წევრი ვლადიმერ (ლადი) ემუხვარი დაიბადა კონსტანტინე გიორგის ძე ემუხვარისა და მარიამ (ძაკუ) ანჩაბაძის ოჯახში. ბავშვობა სამეგრელოში, თავისი ნათლიის, დადიანის ქალის ოჯახში გაატარა. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1912 წელს კი დაამთავრა ერევნის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. 1914 წლის 7 მარტს მეფის პოლიციამ დააკავა კიდეც, როგორც ამ პარტიის წევრი. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო. ვლადიმერ ემუხვარი ფლობდა ქართულ, აფხაზურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. კავკასიაში დაბრუნების შემდეგ, 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე მუშაობდა ტფილისის სასამართლო პალატის ვექილის თანაშემწედ. 1917 წლის მარტში ის შეუერთდა სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის შემადგენლობას, ხოლო, იმავე წლის ნოემბერში აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრიც გახდა. შემორჩენილია ამ ორგანოს ოქმები და სხვა მასალები, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ვლადიმერ ემუხვარის პოლიტიკური პოზიცია აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობის ურთულეს საკითხთან დაკავშირებით. მას კარგად ესმოდა, რომ აფხაზები საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ ბოლშევიკებს, ამ მიზეზით იგი ხელშეკრულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს სთავაზობდა ორ ხალხს, რომელთა ბედი მისი ღრმა რწმენით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. ამასთან ერთად, ვლადიმერ ემუხვარი, რა თქმა უნდა, კარგად ხედავდა იმ შეცდომებს, რომლებსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა უკიდურესად ტრადიციონალისტურ აფხაზურ საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენის მქონე აფხაზური არისტოკრატიის მიმართ უშვებდა. ამის შედეგი იყო, რომ 1918 წლის მიწურულს ვლადიმერ ემუხვარმა დატოვა სოციალ-დემოკრატთა რიგები და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. ეს ფაქტი ხსნის, თუ რატომ არ მეგობრობდა ის სოციალ-დემოკრატებთან ემიგრაციაში ყოფნისას. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვლადიმერ ემუხვარი ბერლინში მიავლინა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილი ახალგაზრდას ძალზე პერსპექტიულ მეცნიერად მიიჩნევდა და პირადად იყო დაინტერესებული, რომ მას დისერტაცია ევროპაში დაეცვა. საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ვლადიმერ ემუხვარი ბერლინში ქართველ სტუდენტთა კავშირის წევრი იყო, გერმანიის დედაქალაქში ცხოვრება მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. მატერიალურ გაჭირვებას თან დაერთო ჯანმრთელობის პრობლემებიც. ეს კარგად ჩანს მის მიერ ივანე ჯავახიშვილისადმი მიწერილი წერილებიდან. 1921 წლის მარტიდან, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ვლადიმერ ემუხვარის მდგომარეობა გართულდა. მას შეუწყდა თბილისის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სტიპენდია, 1924 წელს კი საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ ევროპაში მყოფ სტუდენტებს მოსთხოვა მიეღოთ საბჭოთა მოქალაქეობა და გერმანიაში ბოლშევიკების მიერ შექმნილ საბჭოთა ამიერკავკასიის სტუდენტთა კავშირში გაწევრიანებულიყვნენ. 1924 წლის ბოლოს ვლადიმერ ემუხვარმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ჩეხოსლოვაკიაში გადავიდა, სადაც 1925 წლიდან პრაღაში, უკრაინულ თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. 1927 წელს მას სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. პრაღაში იგი აფხაზეთის მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა არზაყან ემუხვარმა მიიწვია. ჩეხური პოლიციის ცნობით, 1924 წელს პრაღაში ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1927 წლის ივლისში ვლადიმერ ემუხვარი საცხოვრებლად პარიზში, კავკასიური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის ცენტრში გადავიდა. თუმცა იქ თავის დამკვიდრება გაუჭირდა. ფრანგული პოლიციის მონაცემებით, 1927-1928 წლებში იგი საზოგადოება "კომექსიმში" შავ მუშად მუშაობდა, მოგვიანებით კი რესტორან "რენესანსში" ჭურჭლის მრეცხავადაც მუშაობდა. 1928 წლის თებერვალში ვლადიმერ ემუხვარმა საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. იგი დუს (პროვინცია საფრანგეთში) დეპარტამენტ ქ. მონბელიარში გადავიდა, შემდეგ კი ქ. სოშოში. მრავალი სხვა ემიგრანტის მსგავსად, მასაც მძიმე ფიზიკური შრომით უწევდა ლუკმაპურის შოვნა. მუშაობდა პეჟოსა და სიტროენის ავტოქარხნებში. 1931 წელს ვლადიმერ ემუხვარი საფრანგეთის ქ. გრენობლში ცხოვრობდა. მთელი მისი ყურადღება მწირი ემიგრანტული ლუკმის მოპოვებისა და თვითგანათლების ამაღლებისკენ იყო მიპყრობილი. პუბლიცისტურ საქმიანობაში განსაკუთრებულ აქტიურობას არ იჩენდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა 1936 წლის ნოემბრიდან, იაპონიასა და გერმანიას შორის ანტიკომინტერნული პაქტის დადების შემდეგ. ტოკიომ და ბერლინმა სწრაფად მიიქციეს კავკასიელ ემიგრანტთა მემარჯვენე ბანაკის წარმომადგენელთა ყურადღება. არაოფიციალური არხების მეშვეობით მათ წამოიწყეს იმ ორგანიზაციების ძიება, რომლებიც პერსპექტიულნი იყვნენ სამუშაო კონტაქტებისა და მომავალი თანამშრომლობის თვალსაზრისით. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ჟურნალ "კავკასიის" გარშემო გაერთიანებულ იმავე სახელწოდების ემიგრანტულ ორგანიზაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკდებელი კავკასიური კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, მასში როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთკავკასიის გაერთიანებით. 1937 წლის ივნისში დაიწყო ჟურნალ "კავკასიის" ქართულ ენაზე გამოცემა. ვლადიმერ ემუხვარმა, როგორც ერთიანი კავკასიის იდეოლოგიის მხარდამჭერმა, აქტიურად დაიწყო ჟურნალთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, იგი სხვა ემიგრანტულ ჟუნალ-გაზეთებშიც აქვეყნებდა სტატიებს: "თეთრი გიორგი", "დამოუკიდებელი საქართველო", "სამშობლო", "კავკასიონი" და სხვ. 1939 წელს დაწყებულმა მერე მსოფლიო ომმა ვლადიმერ ემუხვარს ბოლშევიკური რეჟიმის დაცემის იმედი გაუჩინა. იმავე წლის სექტემბერში იგი "პეჟოს" ქარხანასთან ერთად ბორდოს შემოგარენში მდებარე დაბა მერინიაკში გადაიყვანეს, სადაც 1941 წლის დასაწყისამდე გერმანელებთან თარჯიმნად მუშაობდა. ამავე წლის მაისიდან ის რკინიგზაზე დაჰყვებოდა გერმანულ ეშელონებს, რომლებიც ბორდომდე მოძრაობდნენ და მათ თარჯიმნობას უწევდა. 1944 წლის აგვისტოში მერინიაკიდან გერმანელთა ევაკუაციისას ვლადიმერ ემუხვარი, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა, გერმანელ რკინიგზელებთან ერთად გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ ჯერ თარჯიმნად მუშაობდა საბჭოთა ტყვეების გერმანულ ბანაკებში, შემდეგ კი დეპორტირებული მუშის სტატუსით, ჰანოვერის შემოგარენში, დაბა ვიულფელში მდებარე გერმანული ჯავშანტექნიკის ქარხანაში. პარიზში ვლადიმერ ემუხვარი 1945 წლის მაისში დაბრუნდა. 1947 წლამდე უმუშევარი იყო და თავს დანაზოგითა და სხვა ქართველი ემიგრანტებისგან მიღებული შემწეობით ირჩენდა. 1947 წელს კი ობერვილიეში მდებარე ნახშირის მომპოვებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა ზედამხედველად. ამ სამუშაოს ის 1952 წლის აგვისტომდე ასრულებდა, რის შემდეგაც აბონდანის მოხუცთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გარდაიცვალა 1961 წელს. ქართული და აფხაზური ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.21-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |