The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე (არქიმანდრიტი)

გერმანე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ იაშვილი
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1947  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ისწავლა. 1885 წლის 5 აგვისტოს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1889 წელს ანაფორა უკურთხეს. 1892 წლის 29 ოქტომბერს ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. ამავე წლის 12 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1897 წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი, 1898 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1901 წლის 5 მარტს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის მმართველად გადაიყვანეს და ამავე წლის 25 მარტს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1912 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1912 წლის 17 ნოემბრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 11 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. მისი დანიშვნის დროს ქვათახევის მონასტერი ძლიერ შეჭირვებას განიცდიდა, რის გამოც მონასტერში ბერების რიცხვი  შემცირებული იყო. საძმოს შემადგენლობა მღვდელმონაზონ ნეოფიტესა (ვარდოსანიძე) და ორი მორჩილისაგან: მათე კირვალიძესა და გიორგი წიკლაურისგან შედგებოდა. მონასტერს დაგროვილი ჰქონდა უამრავი ვალები, რომლის გადახდაც მას საკუთარი ძალებით არ შეეძლო. მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსებაზე იფიქრა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესს არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრებიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 1912 წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან – მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელმონაზონი ეფრემი (მენთეშაშვილი), ხოლო შიო–მღვიმედან – მღვდელმონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს. 1913 წელს მამა გერმანემ მორჩილებად მიიღო და ანაფორები უკურთხა ბესარიონ კუხალაშვილს, საბა ვარდუაშვილსა (შემდგომაში მღვდელმონაზონი აბო) და სვიმონ ძამაშვილს (შემდგომში მღვდელმონაზონი აითალა). მან დახმარებისათვის მიმართა გორის ეპისკოპოს ანტონს (გიორგაძე) და სთხოვა, აღეძრა შუამდგომლობა წმინდა სინოდში, რათა მონასტრისათვის ვალები ეპატიებინათ. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღსდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მამა გერმანე ამჯერად უკვე საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია–სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიმართავს დახმარების სათხოვნელად, რათა გაუმჯობესებულ იქნას მონასტრის ძმათა მდგომარეობა. 1917 წლის 11–17 სექტემბერს, როგორც ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვარი მიწვეული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე დელეგატად. 1918 წელს არქიმანდრიტი გერმანე მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრებისა და მონასტრების დახურვა, სიწმინდეების შეურაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა–შევიწროება და ლიკვიდაცია. გამონაკლისი არც მარტყოფის მონასტერი იყო. 1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. 1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანე ძმებთან ერთად იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და ქირით დასახლებულიყო სოფლის ზემოუბანში. აღმსარებელი.

წყარო: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე. თბ., 2012.-გვ.476-484


გააზიარე: