შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსეი ლოსევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი. დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1911 წელს; მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს. მას ურთიერთობა ჰქონდა რუსული ინტელექტუალური აზრის საუკეთესო წამომადგენლებთან – ვ. ივანოვთან, ს. ბულგაკოვთან, ი. ილინთან, ს. ფრანკთან, ე. ტრუბეცკოისთან, პ. ფლორენსკისთან. XX ს. 20-იან წლებში შექმნილ ნაშრომებში ყოფიერებისა და აზროვნების უნივერსალური მოდელების გააზრებას, მეტაფიზიკური პოზიციების დასაბუთებას, ძირითადად, ქრისტიანული მეტაფიზიკის, ნეოპლატონური დიალექტიკის ქრისტიანული რეცეფციის, ჰეგელის დიალექტიკური მეთოდისა და ჰუსერლის ფენომენოლოგიის გავლენით ახორციელებდა. განავითარა ე. წ. "ენერგეტიკული სიმბოლიზმის" კონცეფცია. 1929 წელს მალულად ბერად აღიკვეცა. 1930 წელს ანტიმარქსისტული წიგნისთვის "მითის დიალექტიკა", ე. წ. მებრძოლი იდეალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და გულაგში გადაასახლეს, საიდანაც დაინვალიდებული 1933 წელს გაათავისუფლეს. აკრძალული ჰქონდა ფილოსოფიური ტექსტების გამოცემა, მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ (1953) შექმნა მონუმენტური ფილოსოფიური ნაშრომი: "ანტიკური ესთეტიკის ისტორია" (8-ტომეული, 1963–1988); "აღორძინების ესთეტიკაში" (1978) სიღრმისეულად და ორიგინალურად არის გააზრებული დასავლეთი კულტურისა და ისტორიული პროცესის შინაგანი ლოგიკა, რენესანსისა და ჰუმანიზმის ფილოსოფიური საფუძველი ნეოპლატონიზმის, ღმერთისა და სამყაროს ერთიანობის ნეოპლატონური თვალსაზრისის სახით. ის კარგად იცნობდა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებას. იგი შუა საუკუნეების ქართველ მოაზროვნეებს მიიჩნევდა ნეოპლატონურ-არეოპაგიტული რენესანსის დამწყებებად ევროპაში და ხაზგასმით აღნიშნავდა ნეოპლატონიზმის თავისებურებას მათ ნააზრევში ("სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე", 1986); აკად. ნ. კონრადთან ერთად არსებითად იზიარებდა შ. ნუცუბიძის "აღმოსავლური /ქართული რენესანსის თეორიას". ის "ქართული ნეოპლატონიზმის" ერთ-ერთ თეორეტიკოსადაც გვევლინება. პროფესორი (1919), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1943). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436-437 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |