Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე შარვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაიბადა გრიგოლ კონსტანტინე ძე შარვაშიძისა და ნინა (მათო) ლევანის ასულ ფაღავას ოჯახში. 1907 წელს იქორწინა ნადეჟდა ანჩაბაძეზე, 1912 წელს დაამთავრა სოხუმის რეალური სასწავლებელი, 1913 წელს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი გახდა, შემდეგ კი რუსეთის საიმპერატორო ჯარის სამსახურში ჩადგა. 1913 წელს მან უმაღლესი ბრძანებულებით პირველი სამხედრო წოდება მიიღო და პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კავკასიის "ველური დივიზიის" ინგუშური ლეგიონის პირველ აფხაზურ ასეულში ჩაირიცხა. 1916 წელს ივანე შარვაშიძეს მილიციის უმცროსი ურიადნიკის წოდება მიენიჭა. იგი ინგუშურ ლეგიონში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამდე მსახურობდა და 1917 წლის 15 დეკემბერს როტმისტრის (კავალერიის კაპიტანი) წოდებით დატოვა. მალე დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს. ივანე შარვაშიძე რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას მიიჩნევდა, როგორც სახელმწიფოს გარე ჩარევებისაგან დაცვის საშუალებას. მეხუთე ლეგიონმა, რომელშიც ივანე შარვაშიძე მსახურობდა, აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისზე სომეხთა შეტევის მოგერიებაში და თავის წვლილი შეიტანა სომხურ-ქართული ომის ძლევამოსილი გამარჯვებით დასრულებაში. 1919 წელს ივანე შარვაშიძემ დატოვა ქართული ჯარი და გენერალ ა. დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადაინაცვლა. 1919 წლის ივნისში იგი შეუერთდა ჩეჩენ მოხალისეთა ცხენოსან დივიზიას. 1920-1923 წლებში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. 1923 წლის 23 დეკემბერს სამთვიანი სამუშაო კონტრაქტის მქონე, შავი მუშის სტატუსით გაემგზავრა პარიზში. კავკასიის, საქართველოსა და აფხაზეთის პატრიოტი ივანე შარვაშიძე ემიგრაციაშიც ემხრობოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა კავკასიური ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ივანე შარვაშიძე ჩაირიცხა აბვერის მიე შექმნილ ერთ-ერთი სადაზვერვო-სადივერსიო ქვედანაყოფის "თამარ II" ის შემადგენლობაში. ამ ჯგუფის მიზანი იყო "ქართველთა ძალებით საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყების ორგანიზაცია". ამ ჯგუფში ირიცხებოდა საფრანგეთში ემიგრირებული 130 ქართველი, ეს ჯგუფი 1941 წლის შემოდგომიდან რუმინეთში, ბუქარესტში იქნა გადასროლილი, როგორც თავად ივანე შარვაშიძე წერდა, იგი კავკასიაში გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში 8 თვის განმავლობაში (1942 წლის ზაფხულიდან 1943 წლის გაზაფხულამდე) იღებდა მონაწილეობას, ვიდრე გერმანელებმა კავკასიიდან უკან არ დაიხიეს. მალე ივანე შარვაშიძე ბერლინში ქართული მეკავშირე შტაბის განკარგულებაში გააგზავნეს, ამ სტრუქტურის ძირითადი დანიშნულება გერმანულ ინსტანციებსა და რაიხის ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს შორის შუამავლობა იყო. 1944 წლის მეორე ნახევარში ივანე შარვაშიძემ განაცხადი შეიტანა ჩრდილოეთ იტალიაში დისლოცირებული ვერმახტის კავკასიური კავალერიის დივიზიის ქართულ ლეგიონში გადაყვანაზე, გერმანული დოკუმენტების თანახმად იგი კავკასიური დივიზიის ქართულ საბრძოლო ჯგუფში ჩაირიცხა და 1944 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით ობერ-ლეიტენანტის წოდებაც მიენიჭა. ამის შემდეგ ივანე შარვაშიძე გიოტინგენში მდებარე კავალერიის სკოლაში მიავლინეს, სადაც 1944 წლის 11 დეკემბრიდან 1945 წლის 1 თებერვლამდე სპეციალურ სწავლებას გადიოდა. კავკასიურმა დივიზიამ, რომლის ერთ-ერთ ესკადრონს მეთაურობდა ივანე შარვაშიძე, საბოლოო ფორმირება ომის დასასრულამდე ვერ მოასწრო. ქართული საბრძოლო ჯგუფის ერთ-ერთი ოფიცრის, დიმიტრი შალიკაშვილის ცნობით, ივანე შერვაშიძემ ომის დასრულების შემდეგ ერთი წელი დაჰყო იტალიაში, გერმანელ სამხედრო ტყვეთა სხვადასხვა ბრიტანულ ბანაკებში, ვიდრე 1946 წლის ზაფხულში არ განთავისუფლდნენ. ივანე შარვაშიძემ პარიზში დაბრუნება ვეღარ შეძლო, მისი გვარი და სახელი ჯერ კიდევ 1945 წლის აპრილიდან ვერმახტის სამსახურში მყოფ სხვა ემიგრანტთა გვარსახელებთან ერთად, ფრანგული კონტრდაზერვის მიერ შეტანილ იქნა გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ძებნილ პირთა სიაში. სხვა მრავალ ყოფილ კავკასიელ ლეგიონერთა მსგავსად, ივანე შარვაშიძემ გადაწყვიტა საცხოვრებლად არგენტინაში გადასულიყო, სადაც არ არსებობდა კანონი სხვა ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენ პირთა ექსტრადაციის შესახებ, რაც მის გადაცემას საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, შეუძლებელს ხდიდა. კაპიტანი ივანე (ვანო) შარვაშიძე 1955 წელს ბუენოს-აირესში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის აფხაზური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.63-78 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |