The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნაკაშიძე

დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1873
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1906  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკოეს სასაფლაო, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:გამომგონებელი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა პაჟთა კორპუსი 1893 წელს.

მსახურობდა 43-ე ტვერის დრაგუნთა და ლეიბ-გვარდიის გროდნოს ჰუსართა პოლკებში.

ცოტა ხანს სამოქალაქო მოხელე იყო, მერე სამხედრო სამსახურში შევიდა - 43-ე ტვერის დრაგუნთა და ლეიბ-გვარდიის გროდნოს ჰუსართა პოლკებში მსახურობდა. სწორედ ამ სამსახურისას მიაქცია ახალგაზრდა ოფიცერმა ყურადღება იმდროინდელი ტექნიკის უკანასკნელ მიღწევას - ავტომობილებს. რამდენიმე წელი ამ თემას სწავლობდა, 1902 წელს გამოსცა წიგნი "ავტომობილი, მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის". ამ ნაშრომში მ. ნაკაშიძე ძალიან ოპტიმისტურად აღწერდა რუსეთის არმიის ავტომობილიზაციის მნიშვნელობასა და პერსპექტივას. თუმცა, ინტერესი ლიტერატურული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. მას მეწარმის თვისებები აღმოაჩნდა და სამხედრო კარიერა კომერციულ საქმიანობას შეუთავსა. იმავე 1902 წელს საავტომობილო ბიზნესით დაინტერესებულ გრაფ პოტოცკისა და პოლკოვნიკ გოლოვინთან ერთად ვარშავაში დააფუძნა ავტომობილთა ექსპლუატაციის ამხანაგობა "Grand Garage International d’Automobiles" – "ავტომობილების დიდი საერთაშორისო გარაჟი". მას შემოკლებით "ინტერნაციონალს" უწოდებდნენ. "ინტერნაციონალის" მთავარი საქმიანობა იმპორტული, ძირითადად ფრანგული ავტომობილებით ვაჭრობა იყო. ამავე დროს ფირმა ცდილობდა, საკუთარი ნაწარმიც შეექმნა და 1902-1904 წლებში რამდენიმე ავტომობილიც ააგო ფრანგული ძრავების გამოყენებით. მ. ნაკაშიძე პირადად იყო დაკავებული პარტნიორთა ქსელის განვითარებით. 1903 წელს მან საქმიანი კავშირი დაამყარა კიდევ ერთ ფრანგულ ფირმასთან - Charron, Girardot&Voigt. ამ ფირმამ, ჩვეულებრივ საავტომობილო ნაწარმთან ერთად, 1902 წელს ააგო ექსპერიმენტული ჯავშანავტომობილი Charon 50 CV. მსოფლიოში ეს ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო. დაიწყეს მისი გამოცდა ფრანგული არმიის პოლიგონებზე. სწორედ ამ დროს დაემთხვა ფირმა "შარონისა" და თავად ნაკაშიძის გაძლიერებული კონტაქტები, რომელთა შედეგადაც ეს უკანასკნელი "შარონის" ჯავშანავტომობილების განყოფილების უფროსი გახდა. საქმიანი წარმატებები აშკარა იყო და მ. ნაკაშიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა, რათა ავტომრეწველობისთვის სერიოზული ყურადღება დაეთმო. სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. მ. ნაკაშიძე მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა მანჯურიის ფრონტზე. ის ციმბირის კაზაკთა მე-7 პოლკში ჩარიცხეს პოდესაულის წოდებით, რაც კავალერიის შტაბს-როტმისტრის, ქვეითი ჯარის შტაბს-კაპიტნის თანაბარი წოდება იყო. იგი ფრონტიდანაც აგრძელებდა ურთიერთობას ფირმა "შარონთან". მანჯურიის ფრონტზე, საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, მან "შარონთან" ჯავშანავტომობილის შექმნის პროექტი შეათანხმა. ამ დროისთვის "შარონი" იყო ევროპაში (თუ მსოფლიოში არა) ერთადერთი ფირმა, რომელსაც ჯავშანავტომობილის შექმნის გამოცდილება ჰქონდა. თავადი მიხეილ ნაკაშიძე მანჯურიაში იმყოფებოდა და პროექტის შექმნაში აქტიურად ვერ მონაწილეობდა. ის ძირითადად ფრანგმა ინჟინრებმა დაამუშავეს, თუმცა გარკვეული კორექტივები ნაკაშიძემ მაინც შეიტანა, როგორც ფირმის ჯავშანავტომობილების განყოფილების უფროსმა. რადგან პროექტის სამხედრო უწყებისთვის წარდგენას აპირებდა, მანჯურიის ფრონტზე ყოფნით ისარგებლა და მოიპოვა გავლენიანი გენერლის, მანჯურიის პირველი არმიის სარდლის, ნიკოლაი ლინევიჩის მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან მოეწონა მტრისთვის მიუწვდომელი ტყვიამფრქვევიანი ჯავშანავტომობილის იდეა. გავლენიანი გენერლის პროტექციამ შედეგი მოიტანა - ნაკაშიძის პროექტი მოიწონეს, ოღონდ - თანადაფინანსების პირობით. ჯავშნოსანი ფირმას საკუთარი ხარჯით უნდა აეგო და სამხედრო სამინისტრო მისი შეძენის გარანტიას არ იძლეოდა, მხოლოდ მისი ტრანსპორტირებისა და მომსახურე ტექნიკოსის ხარჯების ანაზღაურებას კისრულობდა. მ. ნაკაშიძე მანჯურიაში მანქანის ჩატანასა და საბრძოლო პირობებში გამოცდას ვარაუდობდა. მძღოლის მოვალეობის შესრულებასაც კისრულობდა. მანჯურიიდან ვარშავაში გაემგზავრა მანქანის შესახვედრად და ისევ უკან, ფრონტზე გადასაყვანად. რუსეთი იაპონიასთან დამარცხდა, რის გამოც გენშტაბმა ჯავშანმანქანის მანჯურიაში წაღებაზე უარი თქვა და მისი გამოცდა სანქტ-პეტერბურგში დანიშნა. ეს ნაკაშიძისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის თავის წარმატებაში დარწმუნებული იყო და "შარონში" ექვსი მანქანა დაამზადებინა. სამხედროებმა მხოლოდ ერთის შეძენა გადაწყვიტეს, ისიც - გამოსაცდელად. 1906 წლის მარტში ჯავშანავტომობილმა პეტერბურგამდე ჩააღწია, სადაც "ნაკაშიძე-შარონ"-ი ეწოდა. მანქანა მთლიანობაში გამოსადეგად აღიარეს დაზვერვისთვის, კავშირის დამყარებისთვის, ცხენოსან ჯართან ბრძოლისთვის, მოწინააღმდეგის დევნისთვის, მაგრამ სამხედროებმა იქვე აღნიშნეს მისი ნაკლიც - დიდი მასა, რაც მოუქნელს ხდიდა. ამ სახით მანქანა მიღებისთვის უვარგისად ცნეს. მ. ნაკაშიძემ ბრძოლა განაგრძო, მანქანის გამოცდები გაგრძელდა, მაგრამ მეორე კომისიამ პირველის დასკვნები ძირითადად გაიმეორა. ნაკაშიძემ "შარონს" ნიმუშის მოდერნიზაციის მითითებები გაუგზავნა და შეეცადა, მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეინტერესებინა საპოლიციო მიზნით გამოყენებისთვის. იგი მიღებაზე ჩაეწერა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პიოტრ სტოლიპინთან. მ. ნაკაშიძის მიღება 1906 წლის 12 აგვისტოს დანიშნეს სტოლიპინის აგარაკზე პეტერბურგში. იგი სტოლიპინის მისაღებში იმყოფებოდა, როდესაც ტერორისტული აქტი პ. სტოლიპინის სალიკვიდაციოდ მოაწყო ესერ-მაქსიმალისტთა პარტიამ. თავად სტოლიპინი მსუბუქად დაშავდა, მაგრამ აფეთქების შედეგად დაიღუპა მასთან შეხვედრის მომლოდინე 27 კაცი. მათ შორის იყო მიხეილ ნაკაშიძეც. მასთან ერთად განადგურდა ახალი ჯავშანმანქანის ნახაზები და საბუთები. მისი დაღუპვის შემდეგ რუსეთის არმიაში და პოლიციაში ჯავშანავტომობილების გამოყენება რამდენიმე წლით შეჩერდა. თუმცა "ნაკაშიძე-შარონის" პროექტი და მასზე მუშაობის გამოცდილება მაინც დაეხმარა რუსეთს, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეექმნა საკუთარი ჯავშნოსანი. კავკასიის და რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე, ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯის) გუბერნატორის გენერალ ალექსანდრე ნაკაშიძის ვაჟი იყო.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.130; თავადი ნაკაშიძე - რუსული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელი /მანანა გაბრიჭიძე // გზა .-თბილისი,2022


გააზიარე: