The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირიონ I

Legal name:კირონ
Date of birth:5??
Category:Religious leader

Biography

სომხური წყაროების მიხედვით, იგი ჯავახეთის სოფელი სკუტრიდან (საქუდარია) იყო. 15 წელი იყო მძევალი სომხეთში, ე. წ. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციის დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში, სადაც მიიღო ბერძნული განათლება და აღიარა დიოფიზიტობა. ქ. დვინში, სომხურ მონოფიზიტურ საკათოლიკოსო ცენტრში გადასვლის შემდეგ დაუახლოვდა პატრიარქ მოსეს, აღიარა მონოფიზიტობა და დაიკავა აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხები. სომხეთში 5-წლიანი სასულიერო მოღვაწეობის შემდეგ ქართლის პრომონოფიზიტურად განწყობილ პირთა მხარდაჭერით კირიონ I მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ავიდა. მან კურსი აიღო ბიზანტიისკენ და დაუპირისპირდა სპარსეთს, იბრძოდა ეროვნული პროგრამის განხორციელებისთვის, რომლის მიხედვითაც ქართლის შერეულ მოსახლეობაში საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზე უნდა დამკვიდრებულიყო და სხვა ქრისტიანული მრწამსის მიმდევრების ქალკედონიკობაზე დასაყოლიებლად ახალი ქრისტიანული დოქტრინა უნდა შემუშავებულიყო. ამ ნიადაგზე ქართლის კათოლიკოსსა და ცურტავის მონოფიზიტ ეპისკოპოს მოსეს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა. კირიონ I-ის აქტიურობით 607–609 ქართული ეკლესია საბოლოოდ დიოფიზიტური მრწამსის მატარებელი გახდა, სომხური – მონოფიზიტობის ერთგული დარჩა. კირიონ I აქტიურად იყო ჩაბმული საერთაშორისო ურთიერთობებში. მას დიპლომატიური მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან, იერუსალიმისა და სომხეთის პატრიარქებთან, სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. არსებობს ვარაუდი, რომ კირიონ I და კიროს ფასისის მიტროპოლიტი (შემდგომში ალექსანდრიის პატრიარქი) ერთი და იგივე პიროვნებაა. ქართლის კათოლიკოსი 599–614/16.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 64-65


Share: