The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუიჯი მაგაროტო

ლუიჯი მაგაროტო
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პადუა, იტალია.

დაამთავრა ვენეციის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ძირითადი ენა რუსული) 1970 წელს.

1976 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქართული ენის შესწავლას მიჰყო ხელი (მანამდე, მოსკოვში ყოფნისას, პასტერნაკისეული თარგმანებით გაეცნო ქართველ პოეტთა შემოქმედებას). თარგმნა გ. ტაბიძის 19 ლექსი და გამოაქვეყნა ვენეციის უნივწესიტეტის ენისა და ლიტერატურის წელიწდეულში (1978, ტ. XVII, განაკვეთი 3, ორიენტალისტური სერია). 1985 წელს თბილისში გამოვიდა გ. ტაბიძის ლექსების კრებული ქართულ და იტალიურ ენებზე მაგაროტოსეული თარგმანებითა და წინასიტყვაობით. მას აქვს ნაშრომები ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ცისფერყანწელების, ნ. ფიროსმანის, ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე, ქართული სუფრის ტრადიციაზე და სხვ. მან იტალიურად თარგმნა ილიას "სარჩობელაზედ" (1987), ვაჟას "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", "გველისმჭამელი", პ. იაშვილისა და ს. ჩიქოვანის ლექსები. მას ეკუთვნის ნაშრომები სლავისტიკასა და ქართველოლოგიაში. 1987 წელს ვენეციის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიის კათედრა, სადაც ქართული ენა ისწავლება დამოუკიდებელ საგნად; ქართველოლოგიურ ცენტრში გამოდის ჟურნალ "გეორგიკის" იტალიური სერია. მთარგმნელობით სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის 1999 წელს მიენიჭა ინგლისის ქართველოლოგიური ცენტრის მ. უორდროპის სახელობის პრემია. აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, ხშირად მონაწილეობს ქართველოლოგიის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ქართულ ჟურნალ–გაზეთებში სისტემატურად იბეჭდება ლუიჯი მაგაროტოს წერილები საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. ასევე გამოხმაურებები მის ნაშრომებზე და ინტერვიუები მასთან. იტალიელი ქართველოლოგი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2014). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.449; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი: rustaveli.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: