შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გავაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალაგირი, ჩრდილოეთ ოსეთი. 1929 წელს სწავლას იწყებს თბილისის მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო ცირკის შენობაში ჩატარდა ხალხური ცეკვების შემსრულებელთა კონკურსი. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ცნობილი კინომსახიობები ნატო ვაჩნაძე და კოხტა ყარალაშვილი. მათი თხოვნით იგი კონკურსგარეშე გამოიყვანეს საცეკვაოდ. მან ვირტუოზულად შეასრულა "მთიელთა ცეკვა" და ამის შემდეგ ხშირად გამოჰყავდათ ქ. ორჯონიკიძეში, გროზნოსა და ნალჩიკში გამართულ კონკურსებზე, სადაც უმაღლეს შეფასებებს იმსახურებდა. 1937 წლამდე იგი წამყვან სოლისტად მუშაობდა, ჩრდილოეთ ოსეთის მოცეკვავეთა ანსამბლში "კავკასიის მთის არწივები" (ქორეოგრაფი ვ. დარიალოვი-ბენიანიძე). 1937-1938 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ს. კავკასიძისა და ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით. 1938-1939 წლებში იგი ქ. ორჯონიკიძის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1940 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი მოცეკვავეა. 1941-1943 წლებში იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობია და მთიულური ცეკვების დამდგმელი. 1943-1945 წლებში სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრში (ხელმძღ. ე. კანდელაკი და კომპოზ. დ. თორაძე) ცეკვავდა ნ. რამიშვილთან, ი. სუხიშვილთან და ალ. ჩახავასთან ერთად. 1945-1946 წლებში, დარიალოვთან ერთად ხელმძღვანელობდა ქ. ფრუნზეს კავკასიური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. 1946 წელს დაბრუნდა ქ. ორჯონიკიძეში და 1954 წლამდე იმუშავა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ჯერ მოცეკვავედ, შემდეგ, ბალეტმაისტერად. შემდეგ, კი, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის მოადგილედ. 1954-1955 წლებში ჩეჩენო-ინგუშეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის მოცეკვავეა, ხოლო, 1955-1962 წლებში აფხაზეთის ფილარმონიის სოლისტი, მოცეკვავე და მხატვრული ხელმძღვანელი. 1962-1965 წლებში მუშაობს ქ. პენზის საოლქო ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად და მსახიობად. 1965 წლიდან აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის "ამბას" ჯერ მოცეკვავე და შემდეგ მხატვრული ხელმძღვანელია. გ. გავაშელის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "ქართველ მთიელთა ცეკვა", "ხანჯლური", "საკოლმეურნეო", "წითელი პარტიზანები", მის მიერ დადგმული ცეკვებიდან გამოირჩევა "მოხეური", "კენჭაობა", "ცეკვა ხანჯლებით", "ხონგა ქავთი", "სიმდი" და სხვა სახასიათო სიუჟეტური ცეკვები. იყო აფხაზეთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის ქორეოგრაფ-კონსულტანტი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.- თბ.,1988.-გვ.37-38 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |