The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ოდიკაძე

გივი ოდიკაძე
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1997  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარა ბათუმის ქორეოგრაფილ სტუდიაში. 1936 წელს მან თბილისში გამართულ მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბავშვთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. 1937 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის პირველ დეკადაზე. სამშობლოში დაბრუნებულმა ბათუმის სტუდიაში განაგრძრო სწავლა, პარალელურად აჭარის ეთნოგრაფიულ ანსამბლში ჩაირიცხა. 1944 წელს იგი ერთ-ერთი სატანკო არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად დაინიშნა. 1946 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოცეკვავე-მსახიობად და წარმატებითაც გამოდიოდა სპექტაკლებში. 1948 წელს მოსკოვის ლუნაჩარსკის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-საბალეტმაისტერო ფაკულტეტზე ჩააბარა. ჯერ კიდევ სტუდენტი ხელმძღვანელობდა მოსკოვის მეტრომშენის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს. იმავე პერიოდში მან ცეკვები დადგა პუშკინის სახ. მოსკოვის ოპერეტისა და საბჭოთა არმიის თეატრებში. მოგვიანებით მას იწვევენ დონეცკში დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეში" ცეკვების დამდგმელად. 1953 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბათუმში დაბრუნებული აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 1957 წელს თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მისი ნამოღვაწარი მაღალპროფესიულად შეფასდა. იგი წარმატებით მუშაობდა კინოსა და თეატრის ხელოვნებაში. დადგა სცენები ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "მაია წყნეთელი", "ყვავილი თოვლზე", "განაჩენი", "ჭიაკოკონა" და სხვა. წარმატებით მოღვაწეობდა ბალეტმაისტერად ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში. მისი მოღვაწეობის სფერო ფართო და მრავალმხრივი იყო. წლების მანძილზე  ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, აჭარკოოპკავშირის, ბათუმის პიონერთა სახლის, საზღვაო სასწავლებლის, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტისა და საშუალო სკოლების მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებში. არის მსოფლიო ახალგაზრდობის VI და რესპუბლიკური ფესტივალების სამგზის ლაურეატი, არჩეული იყო საქართველოს ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის სსრკ ხალხთა ცეკვების ფაკულტეტის დეკანად. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ. 98-99; გივი ოდიკაძე : ხსოვნა// საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1997. - 9 აგვისტო. -  N191 (2564). -გვ.8

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: