The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბაღდადიშვილი

ზურაბ ბაღდადიშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ბათუმის რკინიგზის კლუბთან არსებულ თვითმოქმედ ანსამბლში ეზიარა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას (ქორეოგრაფი ა. დიასამიძე). სულ მალე იგი გახდა "განდაგანასა" და "ხორუმის" ერთ-ერთი თვალსაჩინო შემსრულებელი. 1957 წელს ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა ა/კ რკინიგზის საგზაო კოლექტივების მხატვრული თვითმოქმედების ფესტივალში. მან დოლის თანხლებით წარმატებით შეასრულა "განდაგანა", "ხორუმი", "მთიულური" და ქების სიგელიც დაიმსახურა. 1958 წლიდან მოცეკვავე გადადის აჭარკოოპკავშირის კლუბთან არსებულ სახალხო ანსამბლში (ქორეოგრაფი გივი ჩიხლაძე). 1959 წელს საბჭოთა არმიის რიგებში გაწვეულმა მოცეკვავეთა მცირე ანსამბლი ჩამოაყალიბა და სისტემატურად გამოჰყავდა ჯარისკაცულ დღესასწაულებზე, რისთვისაც 1960 წელს ფესტივალში მონაწილეობისათვის სარდლის სიგელით დაჯილდოვდა. სამხედრო სამსახურიდან დემობილიზებული თავის სპეციალობას დაუბრუნდა და 1963 წელს მონაწილეობა მიიღო შავიზღვისპირეთის ფესტივალში და ლაურეატიც გახდა. 1966 წლიდან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მედოლე-მოცეკვავეა. 1967 წელს სსრკ 50 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულ სიმღერისა და ცეკვის საკავშირო კონკურსზე ლაურეატის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1968 წელს ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსში დიპლომით დააჯილდოეს. 1971 წელს გამოვიდა სსრკ XXIV ყრილობის საზეიმო კონცერტზე კრემლის ყრილობათა სასახლეში. იგი არის ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა III, IV, VI რესპუბლიკური კონკურსების სამგზის ლაურეატი, I ხარისხის დიპლომისა და ოქროს მედლის მფლობელი. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.172-173 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
    ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

გააზიარე: