| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ემუხვარი![]()
ბიოგრაფია1920-1921 წლებში მსახურობდა თურქეთში ქართული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში. 1921 წლის 8 თებერვალს ოფიცერი დავით ემუხვარი მონაწილეობდა სიმონ მდივნის (თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლის) და ქემალ ათათურქის შეხვედრაში. აღნიშნულ შეხვედრას ათათურქის ადიუტანტი, აფხაზი ანჩაბაძეც (აჩბა) ესწრებოდა. საქართველოს დიპლომატიურ მისიის შემადგენლობაში შემავალი აფხაზი ოფიცერი, დავით (ბოძღო, ბოდღო) მელიტონის ძე ემუხვარი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი კავკასიის ფრონტზე მსახურობდა და თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი სამხედრო სიმამაცისთვის ოფიცრის წოდებაც მიიღო. 1917 წლის სექტემბერში დავით ემუხვარმა, იგრძნო რეპრესიების მოახლოება, გამოაქვეყნა წერილი-მოწოდება ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელზე, ქუთაისში გამომავალ ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთში "ჩვენი ქვეყანა". იგი მოუწოდებდა მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ: "აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა ძლიერ სერიოზულია. დღევანდელი მომენტი აფხაზეთს დიდ საკითხს უყენებს წინ! იგი განახლების ხანაშია და, დღეს თუ ხვალ, დიდი ცვლილება უნდა შეიჭრას მის პატრიარქალურ ნახევრათ გამოღებულ ცხოვრების კარებში. ამიტომაც მეტი ყურადღება, მეტი სიყვარული, გულწრფელი რჩევა-დარიგება მოგვეთხოვება დღეს აფხაზეთის მეზობლებს, ტომით ერთს სისხლსა და ხორცს, კიდევ მეტი შრომა, დაკვირვება და სასტიკი ბრძოლა − მის მეთაურებს, აფხაზეთის გამოფხიზლების დღევანდელ წინამძღოლებს!" იზიარებდა რა, სხვა აფხაზ არისტოკრატთა მნიშვნელოვანი ნაწილის მსგავსად, ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა პოლიტიკურ შეხედულებებს, მკაცრად აკრიტიკებდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც უგულებელყოფდნენ აფხაზთა რეალურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს. ამავე დროს ის სასტიკად გმობდა აფხაზური საზოგადოების უმაღლეს ფენათა იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მეფის ხელისუფლების წლების დროს გარუსება განიცადეს და ამ მიზეზით ცდილობდნენ კვლავაც შეენარჩუნებინათ აფხაზეთი იმპერიის შემადგენლობაში: "ვერც იმათ ჩავთვლი აფხაზების კეთილის მყოფლათ, რომლებიც თვითონ უკვე გადაგვარებულან და სხვებსაც ურჩევენ საქართველოს ჩამოშორებას და უცხო ქვეყნის მიკედლებას. რადგან ესენი ეროვნულ წმინდა წყალში განგებ ისვრიან ტალახს, რომ წყალი აამღვრიონ და ეს მღვრიე წყალი თავის სასარგებლოთ გამოიყენონ. ამ მიზნით, წამდაუწუმ ხალხში დაძრწიან და ეროვნულ შუღლს, მტრობას და სიძულვილს სთესენ..." დავით ემუხვარს, რომელიც საქართველოში ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგაც დარჩა, ბოლომდე მოუწია იმ გოლგოთას გზით სიარული, რომელიც წილად ხვდა აფხაზური არისტოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლებს. 1918-1921 წლებში ის ქართულ არმიაში მსახურობდა. ბოლშევიკთა მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი 1923 წელს ბათუმში დისლოცირებული წითელი არმიის ქართულ ნაწილებში ადიუტანტად ირიცხებოდა. პარალელურად დაკავშირებული იყო საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო ცენტრთან - ქართული ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის ცენტრალურ საიდუმლო ორგანოსთან, რომელიც საქართველოში ბოლშევიკთა წინააღმდეგ ამბოხებულთა მოქმედებას უწევდა კოორდინირებას. დავით ემუხვარი დააპატიმრეს, მაგრამ თბილისში გადაყვანისას გაქცევა მოახერხა. შემორჩენილი ცნობებით იგი აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-ისტორიულ ფასეულობათა გადარჩენის საქმეში. კერძოდ, სწორედ მისი მცდელობების შედეგად დაკარგვას, ან სულაც განადგურებას გადაურჩა, ბედიის მონასტრის ოქროს ბარძიმი − ქართულ-აფხაზური შუა საუკუნეების ხელოვნების უნიკალური ნიმუში. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის თხოვნით, დავით ემუხვარმა გამოართვა ბარძიმი ბედიის მონასტრის ბერებს და წლების განმავლობაში მას ახლობელთა ერთ-ერთ ოჯახში ინახავდა. რა თქმა უნდა, ის სავსებით აცნობიერებდა, თუ რა სასჯელი მოელოდა, თუ კი ბოლშევიკებისთვის ცნობილი გახდებოდა ეს საქმე. ამ პერიოდში, ვალუტის მიღების მიზნით, ბოლშევიკური მთავრობა მასობრივად ახდენდა სამუზეუმო მნიშვნელობის ისტორიულ ფასეულობათა რეკვიზიციას, რომლემსაც ან უცხოეთში ყიდდა, ან სულაც ადნობდა ძვირფას ლითონებზე. დავით ემუხვარი მუშაობდა საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, 1942 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, იყო ჟურნალ "მოამბის" ტექნიკური რედაქტორი. 1942 წელს დავით ემუხვარი ხელახლა დააპატიმრეს, როგორც ქართველი ნაციონალისტი. ღრმად შეურაცხყოფილი და შეძრული წინადადებით, საიდუმლოდ ეთანამშრომლა შინასახკომის ორგანოებთან, იგი ციხის სარკმლიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აფხაზ დიდგვაროვანთა წარმომადგენელი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.257-258; ბოდღო ემუხვარი : პორტრეტი ანფასში / ნანა ქარდავა //ებგური : საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი.- ზუგდიდი, 2024.-N2 (21).-გვ.30-34 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

