| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ მასხულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბაშა, სენაკის რაიონი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ლანჩხუთის სასოფლო სკოლაში, შემდეგ ჩააბარა მარტვილის სასწავლებელში ტელეგრაფისტის სპეციალობაზე. 1883 წელს მუშაობა დაიწყო რკინიგზაზე. თავიდანვე ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოძრაობაში (ეგ. ნინოშვილის, მ. ცხაკაიას და სხვათა გავლენით), უმთავრესად – რკინიგზის მუშათა კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. 1890 წლიდან გაზეთ "ივერიაში" ტყიბულის მაღაროს მუშების მდგომარეობაზე წერილებს ათავსებდა და მათ ინტერესებს იცავდა, რის გამოც 1896 წელს, როცა ამოიერკავკასიის რკინიგზა თავისი არსებობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ვასილ მასხულიამ მუშა-მოსამსახურეთა სახელით მიმართა გზის უფროსს (ინჟინერ ვედენეევს), რათა ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, ღარიბ მუშა-მოსამსახურეთა შვილებისათვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში რამდენიმე სტიპენდია დაენიშნა, ხოლო დიდ სადგურებსა და სახელოსნოებში წიგნთსაცავ-სამკითხველოები გაეხსნა და ყველა სადგურში თითო ცალი რუსულ-ქართული გაზეთი გამოეწერა. თუმცა გზის უფროსი პირველად ამის წინააღმდეგი იყო ბოლოს მაინც ვასილ მასხულიამ გაიმარჯვა, რკინიგზამ რამდენიმე სტიპენდია დანიშნა და სამკითხველოებიც დააარსა დიდ სადგურებსა და სახელოსნოებში. ვასილ მასხულიამ მოითხოვა, ბათუმის რკინიგზის უმთავრესი ხაზი სადგურ რიონიდან ქუთაისში შესულიყო, აქედან – სადგურ კოპიტნარზე გავლით, რაც ბათუმ-ქუთაისის ხაზს 10 ვერსით ამოკლებდა. მანვე აღძრა საკითხი შავი ზღვის რკინიგზის მიმართულების შეცვლის შესახებ (ქუთაისი, ხონი, მარტვილი, სალხინო, ზუგდიდი და სხვ.). 1905 წელს, სადგურ ქვალონში უფროსად ყოფნის დროს, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. მის ბინაზე იმართებოდა რევოლუციონერთა არალეგალური კრებები, სადაც იხილებოდა და წყდებოდა რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვისა და სხვა საკითხები. ფოთიდან გამოსული საბარგო მატარებელი, რომელსაც თოფები (ვინტოვკები) მოჰქონდა, ვასილ მასხულიასთან წინასწარი შეთანხმებით და წინადადებით, მთავარმა კონდუქტორმა კუკავამ ჭალადიდის ტყეში გააჩერა, რევოლუციონერებმა იარაღი გადმოტვირთეს და ტყეში გადამალეს. 1917 წლის რევოლუციამ მას მოუსწრო რკინიგზის ხაზზე – ევლახის რაიონში, საიდანაც იგი მუშა-მოსამსახურეებმა თბილისში გაგზავნეს პირველ საოლქო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ყრილობაზე დელეგატად. შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც 1918 წელს მუშა-მოსამსახურეებმა რკინიგზის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ კომიტეტმა, ვასილ მასხულიას თაოსნობით, ქუთაისის ქალაქის საბჭოს გადააბარა ოსმალთა შემოტევების დროს ბათუმიდან და ტრაპიზონიდან გამოტანილი ქონება. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ვასილ მასხულიას მოთხოვნით (გაზ. "ზარია ვოსტოკა", 1927, 27 იანვარი), რკინიგზის სამმართველომ შეცვალა სადგურებიდან შემოსული ფულის თბილისში გადაგზავნის წესი, რომლის წყალობით რკინიგზას ყოველწლიურად ასი ათასი მანეთის ეკონომია რჩებოდა. ვასილ მასხულია წერდა სტატიებს სწავლა-განათლების, კოოპერაციის, ქვანახშირისა და შავი ქვის მრეწველობის, მუშათა მდგომარეობის და სხვა საზოგადოებრივ-კულტურულ საკითხთა შესახებ, ხანდახან აქვეყნებდა ლექსებსაც. ვასილ მასხულია თავისი ნაწერებით იცავდა საქართველოს მთლიანობას და მშრომელი ხალხის ინტერესებს: "შრომისმოყვარე გამხადე, რომ ოფლით ვჭამო პურია, ჩემს სამშობლოს მამსახურე, არავის მქონდეს შურია". მისი აზრით: "რომელი ერიც თავისთავს და სამშობლო ენას ღალატობს, იმ ერს თავის დღეში სიკეთე არ დაეყრება". ვასილ მასხულიამ გაილაშქრა იმ თანამემამულეთა წინააღმდეგაც, რომელთაც მეგრელებისათვის ახალი ანბანის შექმნა განიზრახეს და, ბოლოს, შიგადაშიგ ავტონომიაზე დაიწყეს ლაპარაკი დედა საქართველოდან განცალკევების მიზნით. ვასილ მასხულია წერდა: "თითქმის ნახევარი, ქართული სიტყვებია მეგრულს კილოში და როდესაც ასეთი ნათესაობაა ქართულსა და მეგრულს შორის, რათ უარჰყოფთ ქართველებთან ნათესაობასა და ქართულ წერა-კითხვასო, დღეს სამეგრელოს მშრომელ ხალხს ავტონომია კი არ უნდა, არამედ დანარჩენ ქართველ მშრომელ ხალხთან ერთად მუშაობა ქვეყნის ეკონომიურ-კულტურული წარმატებისათვისო". მანვე პირველმა აღძრა საკითხი ქართველ მსახიობთა დასახმარებლად - საპენსიო თანხის შეგროვებისათვის, ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კედლების დაცვისათვის გალავნის შემოვლებით (რათა "შევუნარჩუნოთ იგი მომავალ თაობას", რისთვისაც ფულიც შეიკრიბა); ეგნატე ნინოშვილის საფლავზე რკინა-ბეტონის მოაჯირის გასაკეთებლად (ფული შეკრიბა და ეს დავალება თვითონ შეასრულა 1912 წელს) და სხვ. მუშა-მწერალი, პირველი მუშა-კორესპონდენტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.78-80 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

