The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩხოტუა

დავით ჩხოტუა
სხვა სახელი:დავით ჩქოტუა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1849
გარდაცვ. თარიღი:1929  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, ლიტერატურათმცოდნე, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი.

დავით ზურაბის ძე ჩხოტუა ცნობილი გენერლის ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუასა და მართა დავითის ასულ მხეიძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1869-1875 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განყოფილებაზე, შემდეგ ორი წელი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის განყოფილებაზე, იმავე პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. დავით ჩხოტუა XIX საუკუნის აფხაზური კულტურის უბრწყინვალესი წარმომადგენელი იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთში. გიორგი შერვაშიძის ოჯახში გაეცნო დავით ჩხოტუა "ვეფხისტყაოსანს", რომელიც შემდგომ მისი სამეცნიერო შესწავლის საგანი გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის დაარსებული ჟურნალის "ივერიის" მუშაობაში. მისი პუბლიცისტური შემოქმედებიდან აღსანიშნავია "ორი აფხაზური წეს-ჩვეულება". პუბლიცისტიკის პარალელურად დავით ჩხოტუა ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას ეწეოდა. ჰქონდა ნაშრომები საბუნებისმეტყველო საკითხებზე, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა "რუსთაველის პოემის გმირები, მათი მსოფლმხედველობა" იყო. 1875 წელს გიორგი შერვაშიძემ დავით ჩხოტუა აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მამულების მმართველად მიიწვია. 1876 წლის 22 ივლისს, სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო დავით ჩხოტუას ოცწლიანი კატორღა მიუსაჯეს. იგი გადასახლებაშიც აგრძელებდა ინტელექტუალურ მუშაობას, სწავლობდა უცხო ენებს და მუშაობდა "ვეფხისტყაოსანზე". დავით ჩხოტუას მიმოწერა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვასილ პეტრიაშვილთან, რომელიც მას წლების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა. გადასახლებიდან დაბრუნდა 1906 წელს, სოფელ საბერიოში დააარსა სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობა, კუთვნილი მიწები გლეხებს დაურიგა. იგი სამეგრელოში ჩაის კულტურის გავრცელების ინიციატორიც იყო - მისგან სწავლობდნენ ჩაის დამუშავების ტექნოლოგიას. დავით ჩხოტუა გამუდმებით ეძებდა და სწავლობდა მშობლიური მხარის სასარგებლო წიაღისეულს. იგი შალვა დადიანის რომანის "გვირგვლიანების ოჯახის" ერთ-ერთი მოქმედი პირის, ვამეხის პროტოტიპია. 1920 წელს დავით ჩხოტუამ თავისი 800 გვერდიანი ხელნაწერი, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" გმირებს ეხებოდა, თბილისში მსახიობთა კავშირს გაუგზავნა, გადაწყდა ამ ხელნაწერის გამოქვეყნება, მაგრამ ხელნაწერი საეჭვო ვითარებაში დაიკარგა. გადარჩა ნაშრომის მხოლოდ 2 თავი, რომელიც მისი ძმიშვილის, რაფიელ ნიკოლოზის ძე ჩხოტუას სახლში ინახებოდა. ამ ფრაგმენტების პირველი პუბლიკაცია სიმონ ჯანაშიას ეკუთვნის. დავით ჩხოტუა 1929 წელს სოფელ ყულიშკარში გარდაიცვალა. დაკრძალეს გალის რაიონის ტერიტორიაზე. ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილი, ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუას ბიძა.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.273-276; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.172


გააზიარე: