The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფომინისია ბერიძე

ფომინისია ბერიძე
Other name:ვომინიჯა ბერიძე
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Historical Person, Poet

Biography

ცნობილი იტალიელი მისიონერი, მხატვარი და ხელოვანი ქრისტეფორე დე კასტელი საქართველოში 1628-1654 წლებში ცხოვრობდა. მოღვაწეობდა ქ. გორში, შემდეგ გურიაში გადავიდა, სადაც კათალიკოს მალაქიასა და გურიის მთავრის ხელშეწყობითა და მფარველობით ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მისიონერმა მხატვრულ ტილოზე გადაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, გამოჩენილი პიროვნებების პორტრეტები. გურიაში ქრისტეფორე დე კასტელმა დახატა მალაქია კათალიკოსის, ვახტანგ, სიმონ, მამია გურიელების, მისი ასულის ელენეს, ბატონიშვილის ქალის კარანცას (სახელი შეცვლილია), გურიელის ბატონიშვილი ქალის და რონიკას (ალბათ დარიას, დარიკოს) და სხვათა სურათები. ქრისტეფორე დე კასტელმა გაიცნო გურიის თავადი დავით ბერიძე, დაუახლოვდა მის ოჯახს. თავადის მეუღლე ფომინისია ბერიძე განსწავლული, ქველმოქმედი და ნიჭიერი პოეტი ყოფილა, იტალიელი მისიონერი გაეცნო მის პოეტურ შემოქმედებას. ფომინისია ბერიძე, სათნოებითა და სილამაზით აღსავსე ქალი, ქრისტეფორე დე კასტელის მდივან-წიგნობარიც ყოფილა. საქართველოს მეფესთან, დედოფალთან, მთავრებთან თუ თავადებთან ყველა მნიშვნელოვან მიმოწერას მისიონერის სახელით ის აწარმოებდა. მისიონერმა კასტელმა ამაგდარი მოღვაწე ქალის ფომინისია ბერიძის სურათი დახატა, რომელსაც საკმაოდ ფართო და დიდმნიშვნელოვანი წარწერა გაუკეთა: "ეს ქალბატონი დედობას მიწევდა. ბევრი მოწყალება მომცა. მრავალ შემთხვევაში შემიწყო ხელი. ჩვენი მწერალი იყო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი წერილის მიწერა გვინდოდა მეფესთან, დედოფალთან, აგრეთვე სხვასთანაც, სადაც წყალობით ვცხოვრობდით. აქ ქალბატონის სახლში მოვნათლე ათი ბავშვი. კეთილშობილი გურიის თავადის მეუღლე პოეტი ფომინისია ბერიძე, დიდად ნიჭიერი და სათნოებით სახელგანთქმული იყო". ფომინისია ბერიძის პოეტური ნაწარმოებები არ შემონახულა. იტალიაში მიხეილ თამარაშვილმა იპოვა XVII საუკუნეში საქართველოში მყოფი იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე დე კასტელის თხზულება, საქართველოს მოკლე ისტორია. წიგნში ჩართული ყოფილა სხვადასხვა სურათი იმ დროის მთავრებისა, მოღვაწეებისა, ეკლესიების და სხვ. მათ შორის იყო ფომინისია ბერიძის პორტრეტიც.

წყარო: გამონათება XVII საუკუნიდან / ვახტანგ სიდამონიძე // საქართველოს ქალი.-თბილისი, 1984.-№8.- გვ.17


Share: