The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერონიკა ემუხვარი

ვერონიკა ემუხვარი
სხვა სახელი:ვერონიკა ემუხვარი-ჰარისი
ვერონიკა ევა ქრიუდსონი
ვერონიკა ჰარისი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1960  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პრილი, ლოზანა, შვეიცარია.
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რედქარი, უელსი, დიდი ბრიტანეთი.

ვერონიკა ქრიუდსონი ამერიკის მოქალაქეს, არტურ ჰარისს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მალე დაქვრივდა. ვერონიკა აშშ-ს უმაღლეს წრეებში ტრიალებდა, მეგობრობდა მრავალ ცნობილ პიროვნებასთან, მათ შორის გამოჩენილ ინგლისელ პოეტთან ალფრედ ნოიესთან, სახელგანთქმულ ამერიკელთან, შრიფტების დიზაინერ ფრედერიკო გაუდისთან და სხვ. პირველი მსოფლიო ომის დროს ვერონიკა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ჰერბერტ ჰუვერის მდივანი იყო, მდივნის მოვალეობას ასრულებდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზეც, ბელგიაში, ფინეთსა და გერმანიაში კი ამერიკული კვების მრეწველობის სფეროს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა. აშშ-ს არქივებიდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვერონიკა ჰარისი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც 1917 წელს ამერიკის არმიის კვარტერმაისტერის ნაწილის კორპუსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 1917-1919 წლებში აშშ-ს არმიის მისიით საფრანგეთში იმყოფებოდა. 1919 წლის აგვისტოში, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის დახმარების კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტის ძალისხმევით და აშშ-ს მთავრობისა და რიგითი ამერიკელების ჰუმანიტარული დახმარების შედეგად ასი ათასობით სომეხი და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები სხვა ეროვნების უამრავი ადამიანი დაღუპვას გადაურჩა. ვერონიკა ჰარისი კომიტეტს 1919 წელს შეუერთდა და იმ დროიდან მისი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული კომიტეტის კავკასიურ ფილიალთან, რომლის ოფისი, კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების არსებობის წლებში, თბილისში მდებარეობდა. 1921 წელს ვერონიკა კავკასიაში ახლო აღმოსავლეთის დახმარების სამსახურის დროებითი ხელმძღვანელი გახდა. 1922 წლიდან იგი კავკასიაში, ალექსანდროპოლში, ახლო აღმოსავლეთის დახმარების სამსახურის გენერალური დირექტორის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო 1923 წლიდან - ამ სამსახურის უფროსად. 1923 წელს ვერონიკამ თურქეთი დატოვა და გარკვეული დრო ტურინში (იტალია), პარიზსა და ინგლისში გაატარა. 1932 წელს იგი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად, ვერონიკა აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო საღამოებში, კითხულობდა ლექციებს, რომლებშიც დიდ დროს უთმობდა საუბრებს საქართველოზე, კავკასიაზე, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობაზე. უზარმაზარი როლი შეასრულა ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების ცხოვრებაში, მრავალმხრივად ეხმარებოდა მათ. ჯოტო ემუხვარმა და ვერონიკა ჰარისმა ერთმანეთი 1920 წელს თბილისში გაიცნეს. ვერონიკა ხშირად სტუმრობდა ჯოტოს მამაპაპისეულ მამულს ოქუმში. 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ ერთად დატოვეს ქვეყანა. დოკუმენტებით დასტურდება, რომ ვერონიკა და ჯოტო 1922 წლის 23 დეკემბერს კონსტატინოპოლში დაქორწინდნენ. ამ მოვლენას ამერიკული პრესაც გამოეხმაურა. ნიკოლოზ ჩხოტუას გარე ბიძაშვილი, ჯოტო (ნიკოლოზ) ალექსანდრეს ძე ემუხვარი 1888 წელს დაიბადა სამურზაყანოში, სოფელ ოქუმში, ალექსანდრე გიორგის (გიოს) ძე ემუხვარისა და ძაკუ ანჩაბაძის ოჯახში. იგი სრულიად ახალგაზრდა ასაკში შეუერთდა ქართული არმიის რიგებს და 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია რომ არა, მას ბრწყინვალე სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. უკვე ემიგრაციაში ყოფნისას, 1924 წელს, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო დესპანის და სრულუფლებიანი მინისტრის, აკაკი ჩხენკელის შუამდგომლობით ჯოტო სომიურის კავალერისტთა ცნობილ სკოლაში ჩაირიცხა და სწავლის პერიოდში სიმამაცითა და სიმარჯვით ყველა გააოცა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი პოლკში დარჩა, მაგრამ მოულოდნელმა ავადმყოფობამ დაამსხვრია ამ გაბედული, ბრწყინვალე ოფიცრის სამომავლო გეგმები. ჯოტო ორი წელი ებრძოდა იმ დროისთვის სასიკვდილო დაავადებას - ტუბერკულოზს. ვერონიკას ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია მეუღლე, რომელიც 1927 წლის 2 აგვისტოს, საფრანგეთის აღმოსავლეთით, ოტვილში გარდაიცვალა. ჯოტო ემუხვარმა მეუღლეს ანდერძად დაუტოვა, მისი ნეშტი მშობლიური მიწისთვის მიებარებინათ. ბევრი წვალების შედეგად ვერონიკამ სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გ. ჩიჩერინის დახმარებით სპეციალური ნებართვა მიიღო, მაგრამ მეუღლის ნების აღსრულება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლო: გემი სახელწოდებით "ჯოტო ემუხვარი" საქართველოს ნაპირებისკენ დაიძრა, ბათუმს მიუახლოვდა და ღუზა ნაპირიდან მოშორებით ჩაუშვა - ვერონიკას ნაპირზე გადმოსვლის ნება არ მისცეს. ბათუმში ვერონიკას ჯოტოს ძმა, ვლადიმერ (ბუჯგი) ემუხვარი და კონსტანტინე (ჩონჩორ) ემუხვარი ხვდებოდნენ. კონსტანტინე ემუხვარის ვაჟიშვილმა, პლატონმა, დაწვრილებით გაიხსენა, თუ რას ყვებოდა მამამისი ამ შემთხვევის შესახებ: ვლადიმერი გემბანზე ავიდა და რძალს თითქმის ერთი საათი ესაუბრა. საუბრისას ვერონიკამ სურვილი გამოთქვა მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად გალიდან ოქუმამდე კეთილმოწყობილი გზა გაეყვანა, მდინარე ოქუმზე ხიდი გაეშენებინა, ხოლო სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი აეგო. ვერონიკას ერთადერთი პირობა ჰქონდა - ამ ნაგებობებს ჯოტო ემუხვარის სახელი უნდა ეტარებინათ. მაგრამ მის ოცნებას განხორციელება არ ეწერა - ბოლშევიკური მთავრობის პირობებში ამ სურვილის შესრულება შეუძლებელი იყო. ჯოტოს ცხედარი კატარღაზე გადაასვენეს, ვერონიკა კი სამშობლოში დაბრუნდა. 1928 წლის 12 ივლისს გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში" გამოქვეყნდა განცხადება ჯოტო ემუხვარის გარდაცვალების (1927 წლის 2 აგვისტო) შესახებ, რომელიც იუწყებოდა: "დაკრძალვა გაიმართება ოჩამჩირის რაიონში, ოქუმში, 1928 წლის 16 ივლისს". ამ დღეს ჯოტო ემუხვარი საგვარეულო ეკლესიის ეზოში მშობლიურ მიწას დიდი პატივით მიაბარეს. აშშ-ს არქივების მონაცემებიდან ჩანს, რომ ვერონიკა ბევრს მოგზაურობდა. ის სანტა კრუზში, ლოს-ანჟელესში, სან დიეგოში, 1943 წელს სანტა-ბარბარაში, ვილა "საბერიოში" ნიკოლოზ ჩხოტუასთან ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო წლები კალიფორნიაში გაატარა. ვერონიკა ყოველთვის ოცნებობდა საქართველოში დაბრუნებაზე. იგი გარდაიცვალა 1 მარტს 1960 წელს ლოზანაში. დაკრძალულია პრილში (ლოზანა), ზურაბ ჩხოტუას გვერდით. ცხოვრების ბოლო წლები ნიკოლოზ ჩხოტუას ოჯახში გაატარა, რადგან მარტოხელა იყო. მან სიკვდილამდე შეინარჩუნა საქართველოსადმი სიყვარული და აფხაზი თავადის, ბრწყინვალე ოფიცრის, ჯოტო ემუხვარისადმი ერთგულება.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.289-292

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1922 - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მეორე ხარისხის ორდენი (სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ორდენი)
    სომეხთა მსხვერპლთა დახმარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის

გააზიარე: