The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ მესტიაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

სოფლის 2-კლასიანი სკოლისა და სიღნაღის 6-კლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მ. ნასიძის დახმარებით და მასწავლებელ-მოწაფეთაგან შეკრებილი თანხით, სახელმწიფო ხარჯზე ჩაირიცხა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა 1886 წელს.

მუშაობდა მასწავლებლად სიღნაღის 4-კლასიან საქალაქო სკოლაში, 1891 წლიდან კი თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში (მეორე შრომის სკოლა), 1929 წლიდან კახეთის საოლქო განათლების განყოფილების სკოლათა ინსტრუქტორი იყო. იშვიათ, სამაგალითო და მისაბაძ მასწავლებლად ითვლებოდა: მასწავლებლობის დაწყებიდან 44 წლის განმავლობაში, არცერთი დღე არ გაუცდენია და ხშირად თვით უჭმელ-უსმელი, ჩამორჩენილ მოწაფეებს ამეცადინებდა, არდადეგების დროს გლეხისა და მუშის შვილებს უფასოდ ასწავლიდა. 1921-1923 წლებში მონაწილეობდა მუშათა შორის წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის საქმეში (რისთვისაც მადლობა დაიმსახურა). შეადგინა და გამოსცა წიგნი "ბუნების მოვლენანი" (თბ., 1888), (ამ წიგნის 100 ცალი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა). ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც მართავდა სახალხო უფასო წარმოდგენებს, გლეხებს უკითხავდა მოხსენება-რეფერატებს, ხსნიდა წიგნთსაცავ-სამკითხველოებს და სხვ.; იყო "ქართული წიგნის გამოცემის ამხანაგობის" ერთი-ერთი დამფუძნებელი. 1917-1921 წლებში სოციალ-დემოკრატთა მენშევიკურ პარტიას ეკუთვნოდა, 1921 წლიდან კომპარტიის მსოფლმხედველობა გაიზიარა, საბჭოთა პრესაში ("სიმართლე", "ახალგაზრდა კომუნისტი", "მუშა", "პიონერი") აქვეყნებდა სტატიებს პედაგოგიურ, პოლიტიკურ, ანტირელიგიური და სხვ. საკითხებზე. მისი რწმენით: "ყველა ეპოქას თავისებურად ესმის მიზანი და სისტემა აღზრდისა. რაც გაბატონებულია ცხოვრებასა და საზოგადოებაში, იგივე უნდა იყოს გაბატონებული აღზრდის საქმეში... სკოლა უნდა იყოს საკმაოდ დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასთან... ახალმა სკოლამ უნდა მისცეს საბჭოთა ხელისუფლებას ისეთი მოქალაქე, რომელიც მისთვის საჭიროა პოლიტიკური მუშაობის საწარმოებლად. სკოლამ უნდა მოამზადოს საბჭოთა რესპუბლიკის შეგნებული მოქალაქენი, რომელნიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მუშათა სახელმწიფოს შენებაში და საიმედო დამცველნი იქნებიან შრომის იდეალების... საბჭოთა სკოლის მასწავლებელი, თუ მას სურს ხალხის სამსახური, უნდა გაიმსჭვალოს მშრომელთა ბატონობის აზრით, მაშინ ის პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას: მასწავლებელი სოციალური მდგომარეობით ეკუთვნის მშრომელთა ინტელიგენციას და ის უნდა იდგეს თავის სფეროში მშრომელთა ძალა-უფლების მამტკიცებელთა რიგებში". "...ბავშვი რა ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს, პირველდაწყებითი სწავლა დედის ენაზე უნდა მიიღოს, ე. ი. იმ ენაზე, რა ენაზედაც სკოლაში შესვლამდე ოჯახში ლაპარაკობდა და აზროვნებდა". სოლომონ მესტიაშვილი იყო განათლების მუშაკთა კავშირის წევრი, პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი და სხვ. 1924 წლის 9 თებერვალს სახალხო სახლში გადახდილ იქნა მისი 40 წლის მოღვაწეობის იუბილე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.223-224

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: