The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მესხი

სხვა სახელი:К.Ме-хи  (ფსევდონიმი)
Кандама  (ფსევდონიმი)
კ. მ.  (ფსევდონიმი)
კ. მე-ხი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1864
გარდაცვ. თარიღი:1932  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის რაიონი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, სადაც გ. ლასხიშვილთან ერთად "ნაროდოვოლცების" ოდესის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აქ პროპაგანდას ეწეოდა სტუდენტ-ახალგაზრდობასა და პორტის მუშებში. სახლში მოწყობილი ჰქონდა სტამბა, სადაც ბეჭდავდა არალეგალურ წიგნებსა და პროკლამაციებს, უცხოეთიდან მიღებულ აკრძალულ წიგნებს ხალხში ავრცელებდა. 1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში მომხდარი სტუდენტების ამბოხების დროს, მე-3 კურსზე მყოფმა კოტე მესხმა, გიორგი ლასხიშვილთან ერთად, სტუდენტთა კომიტეტის მოთხოვნები უნივერსიტეტის რექტორს წაუკითხა, რის გამოც დააპატიმრეს, გ. ლასხიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოიყვანეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. 1888 წლის დასაწყისში ოდესაში მთავრობამ აღმოაჩინა "ნაროდოვოლცების" ფარული ორგანიზაცია, რის გამოც იმავე წლის თებერვალში კოტე მესხი თბილისში შეიპყრეს, ხოლო გიორგი ლასხიშვილი ქუთაისში, 1889 წლის 5 აგვისტოს ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში, სადაც 1894 წლის ბოლომდე დაჰყო. კონსტანტინე მესხი ეკუთვნოდა "ნაროდოვოლცების" სამხრეთის ორგანიზაციის კოგან-ბერნშტეინის ჯგუფს. თანამშრომლობდა რუსულ გაზეთებში და "ცნობის ფურცელში" 1905-1906 წლებში, სადაც წერილებს ათავსებდა სოციალ-დემოკრატთა წინააღმდეგ, აგრეთვე, წერდა "ივერიაში" საზოგადოებრივი საკითხების შესახებ, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონერთა, მენშევიკთა, ბოლშევიკთა და სხვათა გამოცემებში. წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმით: კ. მ., კ. მე-ხი, Кандама, К.Ме-хи, ხან სრულ სახელ-გვარს. 1905-1917 წლებში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა, 1906 წლის რეაქციის დაწყების შემდეგ თბილისი დატოვა. მისი თაოსნობით,  შეიქმნა თბილისის პოლიტკატორღელთა  "ნაროდოვოლცების" ჯგუფი, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ამ ჯგუფმა მიზნად დაისახა რევოლუციურ მოგონებათა შეკრება-გამოცემა და წევრთა დახმარება. 1917 წლიდან არჩეულ იქნა რევოლუციურ საბჭოში, თბილისის ეროვნულ საბჭოში, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და სხვ., ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შექმნა სახელმწიფო დაზღვევის ორგანიზაცია მთელ ამიერკავკასიაში. პარტიულ, საზოგადოებრივ და უმაღლეს კრებებზე ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით, გაზეთებში ათავსებდა სამეცნიერო ხასიათის წერილებს სახელმწიფო დაზღვევის მნიშვნელობის  შესახებ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არჩეული იყო 15 წევრისაგან შემდგარი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში "ესერთა" პარტიიდან. რევოლუციონერი, ხალხოსანი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.236-237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-1011)

გააზიარე: