The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ქვარცხავა

ილია ქვარცხავა
Date of birth:16 March, 1909
Date of death:17 January, 1975  (at 65 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საჯიჯაო, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 

ამავე წელს მას მიეცა რეკომენდაცია ასპირანტურაში შესასვლელად; 1931 წელს მიავლინეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკის ინსტიტუტში; 1934 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ამის შემდეგ მიიწვიეს მოსკოვის საკავშირო ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სადაც შეისწავლა ფოტოელექტრონული მოვლენები და ელექტრონთა მეორადი ემისია რთული ზედაპირიდან; 1936 წელს თბილისში დაბრუნდა და დანიშნეს ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრისა და ერთდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგახსნილ ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - ელექტრონული მოვლენების ლაბორატორიის გამგედ; 1938 წლიდან ი. ქვარცხავა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი - დეკანად; 1946 წლის მარტიდან სხვა ქართველ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსებთან ერთად გადადის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, სადაც ფართოდ გაიშალა მისი სამეცნიერო მუშაობა; მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება, ერუდიცია 29 წლის მანძილზე სოხუმის ინსტიტუტში ფიზიკის განვითარებას შეალია; ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა როგორც ბირთვული და თერმობირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმის, მყარი ტანის ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში; მისი პირველი სამეცნიერო შრომები ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნის დროს გამოქვეყნდა; ისინი ძირითადად ეხებოდა გაზებში განმუხტვის ინერციას; ამ პერიოდის უმთავრესი შრომა იყო: "მეორადი ემისია და ჟანგბად-ცეზიუმიანი ფოტომგრძნობიარე ზედაპირების დაღლის მოვლენა"; მომდევნო შრომებში ი. ქვარცხავამ გააანალიზა გაზებში ფოტოელექტრული დენის გაძლიერების საკითხები და მეორადი ემისიის მოვლენები; სოხუმში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა ფიზიკოსთა ჯგუფი, რომელთა შრომებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს ექსპერიმენტული ფიზიკის განვითარებაში; 1936 წლიდან 1946 წლამდე, სოხუმში გამგზავრებამდე, მისი რედაქციით გამოიცა: პროფესორ მ. მირიანაშვილის "ზოგადი ფიზიკის კურსი" (I და II ნაწილი), აკადემიკოს ა. იოფეს "ზოგადი ფიზიკა" (I ნაწილი), დ. როჟანსკის - "აკუსტიკა და ოპტიკა", ა. ტუდოროვსკის "ელექტრობისა და მაგნიტიზმის კურსი" და სხვა; იგი ძირითადად იმპულსურ პროცესში პლაზმის თვისებებს სწავლობდა; გამოაქვეყნა შრომები დენის გატარებით მავთულების აფეთქების შესახებ. ამ შრომების გამოქვეყნების შემდეგ ქვარცხავა გაემგზავრა აშშ-ში ატომგულური სამეცნიერო ცენტრების მუშაობის გასაცნობად, სადაც წაიკითხა შრომები, რომლებიც შემდეგ დაიბეჭდა აშშ-ის ორ მონოგრაფიაში; მონაწილეობდა III საერთაშორისო კონფერენციაში (ზალცბურგში) პლაზმის ფიზიკის საკითხებზე; იქ მან წაიკითხა საკუთარი ექსპერიმენტების შედეგები, რითაც დაადგინა პლაზმის ახალი სივრცულ-პერიოდული სტრუქტურა; ამ დარგში გამოქვეყნებული მომდევნო შრომებით ი. ქვარცხავამ და მისმა სოხუმელმა მოწაფეებმა საქვეყნოდ გაითქვეს სახელი; ი. ქვარცხავას შრომების ავტორიტეტი აშკარა გახდა 1965 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პლაზმის ფიზიკას მიეძღვნა (ასეთ კონფერენციებს სისტემატურად ატარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამ წელიწადში ერთხელ); ამ კონფერენციის მუშაობაში ავადმყოფობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. მისმა მოხსენებამ, რომელიც ი. ღვალაძემ წაიკითხა, მაღალი შეფასება დაიმსახურა. პლაზმის სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა დავას; 1964 წელს მოხსენება წაიკითხა ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში პლაზმის სტრუქტურის საკუთარი იდეების შესახებ. აკადემიკოსმა მ. ლეონტოვიჩმა გაიზიარა ი. ქვარცხავას შეხედულებები და მიულოცა მას გამარჯვება. მისივე წინადადებით ამ სტრუქტურას "ქვარცხავას სტრუქტურა" ეწოდა; პლაზმის ფიზიკის მეორე მიმართულება კოაქსიალური ქვემეხებით შესწავლაა; ასეთი "ქვემეხების" პირველი კონსტრუქცია ი. ქვარცხავამ შეიმუშავა, მაგრამ მას "მარშალის ქვემეხები" უწოდეს ევროპაში. თუმცა, ხშირად იხსენიება როგორც "მარშალ-ქვარცხავას" ქვემეხებს. ასეთი ქვემეხები გამოიყენება როგორც პლაზმის ამაჩქარებელი და გახურებული პლაზმის წყარო. საქართველოში ექსპერიმენტული ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტრონული განმუხტვის ინერცია და წყვეტილი განმუხტვის ახალი სახე", დაიცვა 1934 წელს (ქ. მოსკოვი). 

წყარო: საქართველოს ფიზიკოსები/შემდგ.: ვ. პარკაძე. -თბ., 1982; ხობი ჩვენი სახლია: khobi-info.blogspot.com

Bibliography


Share: