| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარაული, ხარაგაულის რაიონი (ყოფილი შორაპნის მაზრა). თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობის დროს, ხელობით ზეინკალი იასონ მეტრეველი 1899 წლიდან განათლების მისაღებად საღამოს კურსებზე დადიოდა (იყო მხოლოდ ერთი კლასის განათლებით). 1904-1906 წლებში თურქმენეთში, ქ. აშხაბადში იყო პირველი იმიერკასპიის რკინიგზის ბატალიონის რიგითი ჯარისკაცი, სადაც 1904 წელს ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაცია, აქ იგი პროპაგანდას ეწეოდა ჯარისკაცებსა და მუშებში თვითმპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ, აშხაბადის გარნიზონიდან ირიცხებოდა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრად, ასევე იყო ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი 1905-1906 წლებში მეფის რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ქ. აშხაბადის აჯანყებისა, რაც მთელი კასპიის მხარეზე, ქალაქებსა და რკინიგზებზე გავრცელდა, სამივე აჯანყების დროს იყო დროებითი მთავრობის და სამხედრო შტაბის წევრი. მან ქ. აშხაბადში მოაწყო საიდუმლო სტამბა, სადაც თვითონ აწყობდა და ბეჭდავდა რუსულ არალეგალურ ჟურნალს "Солдат", პროკლამაციებს და სააგიტაციო ფურცლებს, რომლებიც ვრცელდებოდა მთელ თურქმენეთში. იასონ მეტრეველის ხელმძღვანელობით რევოლუციური მუშაობა დაიწყეს ჟურნალისტმა სარდიონ ახვლედიანმა, ფერშალმა არტემ ბერეკაშვილმა და რკინიგზის ტელეგრაფისტმა ავთანდილ თაყაიშვილმა. 1906 წლის 17 აგვისტოს იასონ მეტრეველი ამ სტამბაში მუშაობის დროს შეიპყრეს და გაასამართლეს საიდუმლო სტამბაში მუშაობისა და 1906 წლის 15 ივნისს ჯარში აჯანყების ბრალდებით, მაგრამ გასამართლებამდე, 1906 წლის 20 სექტემბერს იგი საპატიმროდან გაიქცა და სხვადასხვა სახელით და გვარით ცხოვრობდა (საველი ბოჭორიშვილი, ვასილ კახიანი, იოსებ ჩიჯავაძე, იოსებ ხუციშვილი) და კვლავ აგრძელებდა პოლიტიკურ-რევოლუციურ მუშაობას. 1907-1911 წლებში, როცა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გარდატეხა მოხდა, პარტიის წევრთა უმეტესობა მდგომარეობას შეურიგდა, ინტელიგენტები მუშათა ინტერესების სახელით იმავე მუშათა სულისკვეთებას გასაქანს არ აძლევდნენ და თვითმპყრობელობდნენ, იასონ მეტრეველმა 1912-1914 წლებში ჭიათურაში მუშათა ერთი ჯგუფისაგან ოპოზიციონური მიმდინარეობა შექმნა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაბატონებული მიმართულების წინააღმდეგ. ამ ჯგუფმა თავისი შეხედულებები გამოაქვეყნა 1914 წლის 18 მარტის გაზეთში - "აზრი" №15, რომელსაც ხელს აწერდა რვა ჭიათურელი მუშა: Arbeiter-Li (იასონ მეტრეველი), ანდრიკო (ა. ა. მეტრეველი), ლი-ხუნ-ჩანგი (ფ. ნინუა), არკადი (მ. არველაძე), განკიცხული (აკ. მიქელაძე), ურეკელი (ი. თარგამაძე), პეტრენკო (პ. პეტრიაშვილი) და ხიზნიევი (შ. ჯაფარიძე, იგივე ხიზანიშვილი). აქედან წარმოიშვა მიმდინარეობის სახელწოდება "რვა მუშა", შემდეგში "პროლეტარის ჯგუფი", რომელთა შესახებ დიდი კამათი ატყდა პრესაში (გაზეთი "აზრი", 1914, №15-68; "ჩვენი აზრი", 1914, №8; "ფიქრი", 1914, № 21-24; "ახალი ფიქრი", 1914, № 2, 7; "ვარსკვლავი", 1914, № 3;"ბათუმის გაზეთი", 1914, № 41-43; "შრომა", 1914, №8, 11; "თანამედროვე აზრი", 1916, № 134, 146; "ცხოვრება", 1916, № 10, 12; "ჩვენი ერი", 1916, №36 და სხვ.). ამ ოპოზიციის ხელმძღვანელობისათვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობამ 1915 წლის 3-5 ოქტომბერს იასონ მეტრეველი პარტიიდან გარიცხა, დანარჩენებს კი გაფრთხილება გამოუცხადა. ოპოზიცია მაინც გაიზარდა, 1915 წლის 3-5 ოქტომბერს ჭიათურაში არალეგალური ყრილობა მოიწვია, დამოუკიდებელი მოქმედების გეგმა შეიმუშავა და საკუთარი ბეჭვდითი ორგანოს გამოცემა გადაწყვიტა (ამ ყრილობის დადგენილებანი, იასონ მეტრეველის წინასიტყვაობით, იმავე წელს არალეგალურად ცალკე წიგნაკად გამოიცა "რვა მუშელთა" კონფერენციის რეზოლუციების სახელწოდებით). ყრილობას დაესწრნენ: თბილისიდან ვ. და ლ. სუხიშვილები, პ. ავლოხაშვილი, ი. ჩხიკვაძე; გორიდან ნ. კაციაშვილი, ყოფილი სათათბიროს წევრი; ჭიათურიდან ი. მეტრეველი და შ. ჯაფარიძე; ქუთაისიდან რ. კალაძე; გურიიდან აპ. ორაგველიძე და სხვ. იასონ მეტრეველის აზრით, "საქართველოს მუშათა საქმეს, მწერლობისა და სახელმწიფოებრივ-ქონებრივი ყოფა-ცხოვრების მოწესრიგებას თვით მუშები უნდა ხელმძღვანელობდნენ და არა მათი სახელით "მოფუსფუსე" ინტელიგენტები. მუშათა ხმასა და გავლენას ნამდვილი ფასი უნდა ჰქონდეს, აბუჩად არ უნდა იგებდნენ, მუშათა ორგანო ყოველმხრივ მუშების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, მარქსისტული მიმართულების იდგეს კლასობრივ თვალსაზრისზე და იცავდეს მუშათა კლასის გონებრივ-ზნეობრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებს". ასევე იასონ მეტრეველი წერდა: "მუშათა მოძრაობის ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა მუშებისაგან, თვით მუშათა სიღრმიდან საკუთარი კლასობრივი იდეოლოგებისა და ხელმძღვანელების წარმოშობა-გამომუშავებაო: მუშა-მწერლები, მუშა-პუბლიცისტები, მუშა-პროპაგანდისტები, – როდესაც ყოველივე ამათ თავის საკუთარი წრიდან წარმოშობს მუშათა კლასი, მხოლოდ მაშინ იქნება მუშათა მოძრაობა სწორ ნიადაგზე და უძლეველი". იასონ მეტრეველმა მწერლობა დაიწყო ცხრაასიან წლებში, წერდა ლექსებს. მისი რევოლუციური შინაარსის ლექსების კრებული, 1903 წელს ცენზურამ აკრძალა, შემდეგ წერდა იუმორისტულ ჟურნალებში. 1907 წელს პარტიულ-პოლიტიკური შინაარსის წერილების წერა დაიწყო. პირველი წერილი "ფრაქციული უთანხმოების გამო", "მუშა საველის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა 1907 წლის გაზეთ "წყაროში" (№24). თანამშრომლობდა პარტიულ ორგანოებში ("ელვა", "ხომლი", "ბათუმის გაზეთი", "ცხოვრება", "სიმართლის ხმა", "სხივი" და სხვ.). 1917 წლის 15 იანვრის გამოსცა ყოველკვირეული ჟურნალი "პირველი ნაბიჯი", შემდეგ "პროლეტარის" სახელით მარქსისტული მიმართულების ჟურნალი, რომლის ფაქტიური რედაქტორი იყო და უმეტესად თვითონ წერდა ფსევდონიმებით: "მუშა საველი", "Arbeiter-Li", "Genug", "G.", "L", "ინხანი", "მკითხველი", "მანი", "მანსელიძე", "გული" და სხვ. ორივე გამოცემის ("პირველი ნაბიჯი" და "პროლეტარი") მეთაური სტატიები და ყველა ხელმოუწერელი წერილები იასონ მეტრეველს ეკუთვნის. უმთავრესად, წერდა ფრაქციული უთანხმოების შესახებ, რევოლუციისა და მთავრობის მიზნებზე, შეთანხმების აუცილებლობაზე და სხვ. იასონ მეტრეველს მოღვაწეობის მთავარ მიზანი იყო ჩაგრულ მუშათა კლასის და მშრომელი გლეხობის უანგარო სამსახური, ყოველგვარი ბოროტების აშკარა მხილება, მას ჟურნალის გამოცემაში მატერიალურ დახმარებას მუშათა კლასი უწევდა. იასონ მეტრეველი მონათესავე პარტიებს უტოპიად თვლიდა:" სოციალიზმის დამყარება შორეული საკითხია, რომლის დასამყარებლად ჯერ კიდევ განვითარების დიდი გზაა გასავლელიო". იასონ მეტრეველის რევოლუციური მოღვაწეობისა და თურქმენეთის აჯანყებათა შესახებ ვრცელი ისტორია დაწერა არტემ ბერეკაშვილმა, იოსებ იმედაშვილის რედაქტორობით, რომელიც 1931 წელს გამოსაცემად შეიძინა თურქმენეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტმა. თურქმენეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.268-270
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

