The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე მეუნარგია

პეტრე მეუნარგია
Other name:მაქსიმე მეუნარგია
Date of birth:15 April, 1888
Date of death:1972  (at 83 years)
Category:Public official, Actor/Actress, Painter, Politician, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი (ყოფილი ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია).
დაიბადა გლეხი ოქრომჭედლის, პავლე მეუნარგიას ოჯახში. ხეთის ორკლასიანი სკოლის დასრულების (1901-1902 წლები) შემდეგ შეისწავლა ფერწერა და დურგლობა. მუშაობდა ქარგლად (ხელოსანი, რომელმაც შეგირდობა დაამთავარა, მაგრამ ჯერ ოსტატად არ არის დალოცვილი და დაქირავებულ შრომას ეწევა). 1903-1928 წლებში საზოგადოებრივ-მასობრივ მუშაობას ეწეოდა თეატრალური ხელოვნების, მუშა-ხელოსანთა შორის წერა-კითხვის გავრცელების, სკოლების მატერიალური დახმარების, შემნახველ-გამსესხებელი და კოოპერატიულ დაწესებულებათა შექმნის  საქმეში, იყო როგორც ინიციატორი, ისე აქტიური მონაწილე. სოფელ ხეთასა და მის მიმდებარე სოფლებში გამართულ არაოფიციალურ თეატრალურ წარმოდგენებში, როგორც მსახიობი მონაწილეობდა სრულიად უფასოდ, ასრულებდა შემდეგ როლებს: ყოშო ("უბედური დღე"), ოსეფა ("ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), ქუჩუ ადამია, გიორგი, გაიოზი ("და-ძმა"), მაზუთიანი ("ციმბირელი"), ასევე იყო ტექნიკური მუშა და სცენის დეკორატორი. 1916 წლის 4 დეკემბერს  სხვებთან ერთად (ტ. ლატარია, პ. ჯალაღანია, ი. ჩომახია და ი. ჩეჟია) დააარსა "სამეგრელოს ქართული დრამატული საზოგადოება". პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია ასევე ეწეოდა სამხატვრო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1914 წლამდე ხატწერით იყო დაკავებული, 1914-1921 წლებში ზუგდიდის გიმნაზიისა და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გრაფიკულ ხელოვნებას ასწავლიდა, შემდეგ შარჟებს ათავსებდა "ეშმაკის მათრახსა" და "ტარტაროზში" (შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე 30-მდე შარჟი დახატა). თანამშრომლობდა პრესასთან: "თეატრი და ცხოვრება", "ბრძოლა", "ახალი აზრი", "Кавказский рабочий". 1905-1917 წლებში მოღვაწეობდა რევოლუციურ ასპარეზზე, როგორც მუშა-ხელოსანთა გაფიცვების ორგანიზატორი, პროპაგანდისტი, არალეგალური ლიტერატურის გამავრცელებელი, დევნილ რევოლუციონერთა ფინანსური დახმარე; მონაწილეობდა შეიარაღებულ აჯანყებაში. პეტრე (მაქსიმე) მეუნარგიამ 1910-1916 წლებში აღადგინა ზუგდიდში  სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, ერთ-ერთს თვითონ ხელმძღვანელობდა. 1915 წელს ენგურის ხიდის მშენებლობაზე ჩამოაყალიბა ორი ორგანიზაცია (რომელთაგან ერთს ხელმძღვანელობდა ვ. სართანია, მეორეს ნ. ცანავა და მ. გაბედავა), სხვებთან ერთად (ბ. ბერია, ბ. ხაბურზანია, ბ. ჩიჩუა, ვ. ბუკია, მ. დადიანი, ა. ერქომაიშვილი და ი. ჟვანია) შექმნა ზუგდიდის სამაზრო კომიტეტი და სხვ. 1917-1918 წლებში ზუგდიდის მაზრის (შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობის რაიონში) მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრ-თავმჯდომარე იყო, იმავე დროს, თავმჯდომარეობდა მუშებისაგნ არჩეულ მომრიგებელ კომისიას, მონაწილეობდა სამოქალაქო ომში (იყო პარტიზანი). 1906 წელს პოლიტიკური მუშაობის გამო ციხეში იჯდა. 1918 და 1921 წლებში, სამჯერ განდევნილი იყო ზუგდიდის მაზრიდან, როგორც პოლიტიკურად საშიში პიროვნება. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იყო სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის, რევოლუციური კომიტეტის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ზუგდიდ-სამურზაყანოს კოოპერატივთა სარაიონო კავშირის თავმჯდომარე, ბანკის მმართველი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რაიონული საბჭოს თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი, რესპუბლიკის წითელი ჯვრის თავმჯდომარის მოადგილე. 1956 წლის 5-9 მარტს იგი მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მანიფესტაციაში, პირადად შეადგინა 9 ანტისაბჭოთა ბიულეტენი, რომელსაც ავრცელებდა წარწერით - "განთავისუფლების კომიტეტი". საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე (მაქსიმე) პავლეს ძე მეუნარგიას 1956 წლის 12 ივლისს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, გადაასახლეს რუსეთში, მორდვეთის (Мордовия) ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ იავასში მდებარე შრომა-გასწორებით ბანაკ "დუბრავლაგში". მას იქაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი აქტიურობა და მისი ინიციატივით დაარსდა არალეგალური ორგანიზაცია - "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი". ამ კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა "მომავალი საქართველოს მოწყობის წესდება". 1957 წლის 5 თებერვალს მორდვეთის ასსრ უშიშროების კომიტეტმა მიიღო აგენტურული ინფორმაცია მსჯავრდებული პეტრე (მაქსიმე) მეუნარგიას, მ. ყიფიანის, ი. კუხიანიძის და ი. ბიბილეიშვილის შესახებ და 1957 წლის 6 მარტს განხორციელდა მათი ჩხრეკა. პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია და მ. ყიფიანი თბილისში ჩამოიყვანეს ბადრაგის თანხლებით. 1957 წლის 28 მაისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1958 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, "მეუნარგიას საქმის" სხვა მსჯავრდებულებს მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ისინი კვლავ "დუბრავლაგში" დააბრუნეს. შეურაცხადად ცნობილი პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია ჯერ დააბრუნეს ბანაკში, ხოლო ბანაკიდან გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის მიზნით. 1958 წლის 25 დეკემბრიდან - 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით ის იმყოფებოდა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში, ქალაქ ყაზანში. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1959 წლის 18 აპრილს მას გაუუქმდა იძულებითი მკურნალობა და იმავე წლის 10 მაისს იგი გაათავისუფლეს. პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია დაბრუნდა თბილისში, სადაც 1972 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიგოლ (გრიშა, გედი) მეუნარგიას ძმა.
 
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.284-285; დიდი ქართველები: facebook.com

Share: