| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალფეს მიქელაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაღდადი, ბახვის თემი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელი 1881 წელს. სწავლის დროს დაუახლოვდა ხალხოსნებს (იოსებ თაყაიშვილს, გიორგი ხუტულაიშვილს, ეტლე ბებურიშვილს), მათივე დავალებით, ალფეს მიქელაიშვილმა 1881 წელს, იმპერატორ ალექსანდრე II მკვლელობის გამო დევნილი ისიდორე ქიქოძე ოსმალეთის საზღვარზე გადიყვანა და სტამბოლში ცნობილ მოვაჭრე ალ. ლოლუას ჩააბარა. ამ დროიდან იგი რევოლუციურ მუშაობაში ჩაება. 1886 წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის ქალაქის დეპუტატად (თავად), ამ თანამდებობაზე 6 წელს დაჰყო. ალფეს მიქელაიშვილის დეპუტატობის დროს, მისი თაოსნობით დაარსდა ქალთა სასწავლებელი, (სადაც ასევე ფუნქციონირებდა სცენა) მეეტლეთა ამხანაგობა (რომელსაც ოზურგეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა), მეაბრეშუმეთა ამხანაგობა "შუამავალი", ასევე აღიძრა საკითხი ოზურგეთ-ნატანების რკინიგზის გაყვანის შესახებ, 1889 წელს მისივე თაოსნობით გაიხსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სტამბა, რომლებმაც ოზურგეთისა და მისი მაზრის კულტურულ წინსვლას ხელი შეუწყვეს (მთელ რუსეთის იმპერიაში სწავლა-განათლების მხრივ, იმ დროის სტატისტიკური ცნობებით, ოზურგეთს პირველი ადგილი ეჭირა). საგამომცემლო საქმიანობაში ალფეს მიქელაიშვილის ეხმარებოდნენ კ. თავართქილაძე, გრ. გურიელი. 1895 წლიდან მათთან ერთად ბათუმში გახსნა სტამბა და წიგნის მაღაზია, დაიწყო იმ დროისათვის საჭირო იაფფასიანი წიგნების გამოცემა და აჭარაში გავრცელება. 1896-1897 წლებში იგი ბათუმში დაუახლოვდა მუშათა წრეებს, 1902 წლიდან კი მუშათა კლასსა და მთავრობას შორის ბრძოლაში მონაწილეობდა, მისი ბინა იყო რევოლუციონერთა და რევოლუციური მუშაობის თავშესაფარი, აქ იმართებოდა სოციალისტთა საიდუმლო კრებები, იხილებოდა და წყდებოდა სხვადასხვა საკითხები. 1904 წლის ბოლოს გურია-სამეგრელოს კომიტეტის გამოყოფის თაობაზე ყრილობა მოწვეულ იქნა მის სახლში, ქალაქის საავადმყოფოს უკან, სადაც ალფეს მიქელაიშვილმა პოლიციის თვალის ასახვევად სადილი გამართა. მან საკუთარი ხარჯით გაგზავნა ევროპაში ცნობილი ანარქისტები ძმები გოგელიები, რომლებიც მის სტამბაში მუშაობდნენ. თავისსავე ბინაზე ჰქონდა იარაღი – ყუმბარების საწყობი. გურიაში სახელგანთქმული ხატი "ლომისკარელი" 1903 წელს ალფეს მიქელაიშვილის მიერ აღზრდილ-გაწვრთნილმა რევოლუციონერებმა მოიპარეს. იგი თავის სტამბაში ბეჭდავდა პროკლამაციებს ხალხში გასავრცელებლად, 1905 წლის ბათუმის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელ იყო და სხვ. 1906 წლის 6 იანვარს ალფეს მიქელაიშვილი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, საიდანაც თავდებით დაიხსნა თავი და ევროპაში გადიხვეწა. ევროპაში ესწრებოდა სოციალისტურ კრებებს (დაესწრო სოციალ-დემოკრატთა ლონდონის ყრილობას), დაუახლოვდა ცნობილ სოციალისტებს და სხვ. 1907 წელს უსახსრობის გამო საქართველოში დაბრუნებული მთავრობამ შეიპყრო, 102-ე მუხლით გაასამართლა და 4 წლით კატორღა მიუსაჯა, რაც ციმბირში სამუდამო გადასახლებით შეუცვალა და გადაასახლა (ირკუტსკის გუბერნია, ქ. კირენსკში). ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. მისი ორი შვილი ილია და ნიკოლოზ მიქელაიშვილები პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისეებად წავიდნენ ჯარში და ერზერუმზე რუსის ჯარის გალაშქრების დროს შევიდნენ ერზერუმში, ხოლო რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს, ბათუმს რომ ოსმალებმა შემოუტიეს, ამ ძმებმა ბათუმის დასაცავად საკუთარი რაზმი შექმნეს და ქალაქს ბრძოლით იცავდნენ. ინგლისელთა ბათუმში ბატონობის დროს, როცა დენიკინელები ქართველ მოხალისე ჯარისკაცებს აგროვებდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ, ამ საქმის ჩაშლის მიზნით ბათუმში, ზღვის პირას, ნაშუადღევის 4 საათზე მოსეირნე დენიკინელი გენერალი ნათიევი და მისი ადიუტანტი ილია მიქელაიშვილმა სამ-სამი ტყვიით განგმირა. მეორე წელს, სრულიად უდანაშაულო, შემთხვევით შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, როცა ინგლისელ ჯარისკაცთა (ინდუსთა) ერთი ათეული ბათუმის ციხეში მივიდა მის გამოსაყვანად, ილია მიქელაიშვილმა საკნიდან გამოსვლისთანავე ერთ-ერთ ჯარისკაცს ხელიდან თოფი გამოსტაცა და კორიდორში 5-6 ჯარისკაცს ესროლა, იგი კორიდორშივე დახვრიტეს 1919 წლის 15 აგვისტოს. ალფეს მიქელაიშვილს რევოლუციური დამსახურებისათვის ეძლეოდა პერსონალური პენსია. რევოლუციონერი, მესტამბე-გამომცემელი და საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტკატორღელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.340-341; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; ანტი რუსული მოძრაობა გურიაშისა და აჭარაში : XIX- დასასრული XX დასაწყისი / ნინო ჯაველიძე, მერაბ მეგრელიშვილი // ალიონი .-ოზურგეთი,2019.-N26 (10319).-1 ივლისი.-გვ.7; რევოლუციის მსხვერპლი / კ. თავართქილაძე // თეატრი და ცხოვრება. - თბილისი, 1924. - N15. - გვ.13-14
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

