| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო გეოლოგიის კათედრის ლაბორანტი და ასისტენტი, გეოლოგიური ინსტიტუტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ამზადებდა ახალ კადრებს. საქართველოში მთამსვლელობის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების აქტიური წევრი, 4 წლის განმავლობაში იყო მისი მდივანი, ყველა სამთამსვლელო ექსპედიციის მონაწილე: მონაწილეობდა 1924 წელს ოსეთისა და მთიანი რაჭის ექსპედიციაში, 1925 წელს იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე (5.595 მეტრი) სხვებთან ერთად პირველი ავიდა (ეს იყო პირველი მასობრივი ასვლა იალბუზზე), 1927 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, სხვებთან ერთად პირველი ავიდა იალბუზის დასავლეთ მწვერვალზე (5.629 მეტრი) და ყაზბეგზე, სადაც დადგა თვითჩამწერი მეტეოროლოგიური ხელსაწყოები. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ სვანეთში მოწყობილი დიდი ექსპედიციის დროს ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მთამსვლელთა მცირე ჯგუფთან ერთად პირველად ავიდა წანერის უღელტეხილის უბნის ერთ-ერთ უსახელო ციცაბო კლდის მწვერვალზე და სხვ. მთამსვლელობა მისთვის იყო სამეცნიერო კვლევევის ჩატარების საშუალება, ექსპედიციების დროს აგროვებდა მთის და კლდის ნიმუშებს, ექსკურსიების დროს მოხსენებებს აკეთებდა, ასეთივე მოხსენებებით გამოდიოდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ასევე იყო სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ტურისტული სექციის პრეზიდიუმის, შემდეგ იმავე საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების მდივანი და სხვ., 1929 წელს თეთნულდზე დაღუპულ სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის ცხედრების ძებნის დროს, მათი დაღუპვის ადგილი საფუძვლიანად შეისწავლა. დევი მიქელაძე სამეცნიერო ექსპედიციების შესახებ წერდა გაზეთებში: "კომუნისტი", "Заря Востока" და სხვ. იგი იყო ყინულოვან ორწვერზე პირველი მაღალმთიანი ობსერვატორიის აგების ერთ-ერთი მეთაური და აქტიური მონაწილე, კავკასიონის ქედის გაყინვის ერთი საუკეთესო მცოდნე, როგორც სტრატიგრაფიის სპეციალისტი ლექციებს კითხულობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში ლექციებს, ასევე აწარმოებდა რაჭა-ლეჩხუმსა და სამურყაზანოში შეგროვებული მასალის კვლევით მუშაობას. მას სპეციალობად არჩეული ჰქონდა საქართველოს ნეოგენის (მესამეული სისტემის ზედა ნაწილი) სტრატიგრაფია, რისთვისაც სამეცნიერო მივლინებით ლენინგრადში იყო გაგზავნილი სადაც ე. წ. ჩოკრაკული სართულის შესახებ შრომას წერდა და ამავე დროს ამზადებდა მასალებს Spanid ontella-ს გვარის მონოგრაფიისათვის. დაიღუპა ტრაგიკულად, მდინარე ნევაზე. მთამსვლელი, საქართველოში ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ურნა დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.352
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

