| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოხარ მკურნალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ათენი, საბერძნეთი. თეოხარ მკურნალის მამა - ხარლამპი კორნარო (მკურნალი) - საბერძნეთიდან დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ჩამოვიდა, როგორც ზოგიერთი საბუთიდან და წიგნებზე გაკეთებული წარწერებიდან ირკვევა, ხარლამპის გვარი ყოფილა კურნაროზი. ხარლამპის და მის შვილებს დასავლეთ საქართველოში უწოდებდნენ "ბერძნებს". უკანასკნელ ხანებში, მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ხარლამპის გვარი ყოფილა კორნარო. ამას ადასტურებს საბერძნეთიდან ჩამოსული ხარლამპის უახლოესი ნათესავი, ინჟინერი გიორგი ივანეს ძე კორნარო, რომელიც მსახურობდა 1910-1915 წლებში ჭიათურაში, შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, ხარლამპის დაუმკვიდრდა გვარად "მკურნალი", რადგანაც იგი პროფესიით ექიმი იყო. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოში. რამდენიმე წლის შემდეგ ხარლამპისთან საბერძნეთიდან ჩამოვიდნენ მისი შვილები – ძმები: თეოხარი და ანასტასი, ხარლამპიმ კატეგორიულად და სასტიკად მოსთხოვა შვილებს, არ გაეწყვიტათ კავშირი სამშობლოსთან და იქ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვაჟები არ დაემორჩილნენ მამას და სამუდამოდ დარჩნენ მასთან, საქართველოში. თეოხარიც დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა, როგორც ახალგაზრდა ევროპელი და განათლებული ექიმი. იგი ხალხში სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობდა, შემდეგ საცხოვრებლად სამეგრელოსა და სამურყაზანო-აფხაზეთისკენ გადავიდა. "ბერძენი ექიმი თეოხარი" მოგზაურობდა მაზრებში და მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევდა, განსაკუთრებით სამეანო მიმართულებით. ამ დარგს მაშინდელი ადგილობრივი მოსახლეობა პირველად გაეცნო. ხშირ შემთხვევაში ბებიაქალები იმ პრაქტიკული მითითებებით ხელმძღვანელობენ, რომელიც მითითებული იყო "თეოხარის კარაბადინის" სახელით ცნობილ სამედიცინო ტრაქტატში. თეოხარმა ცოლად შეირთო მარტვილში მცხოვრები როსტომ ჭალაგანიძის ასული ქრისტინე, რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი სოფელ ნოქალაქევში, ტეხურის მარცხენა ნაპირზე გადასახლდნენ, მაგრამ ადგილობრივი თავად-აზნაურობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კერძო ინტრიგის საფუძველზე "ვინღაც ჩამოსული ბერძნის" სახლ-კარი ხანძრისგან იქნა განადგურებული. ამის შემდეგ თეოხარ მკურნალი იძულებული გახდა მთელი ოჯახით გადასახლებულიყო დაბა სუჯუნაში (სამეგრელოში – საჭყონდიდოში), სადაც მას დიდი თავაზიანობით შეხვდა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ტარასი და საეკლესიო-საჭყონდიდლო ქონებიდან დასასახლებლად მიწის ნაკვეთი დაუთმო. თეოხარის პოპულარობა აქაც დიდი იყო. დაუვიწყარია მისი ოჯახის და მოსახლეობის ურთიერთობა, მეგობრობა და ნათესაობა და ის სარგებლობა, რომელსაც თეოხარისგან და მისი ოჯახისაგან იღებდა მოსახლეობა. თეოხარს ოთხი ვაჟიშვილი დარჩა; კონსტანტინე (კოწია) მკურნალი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე; ალექსანდრე მკურნალი მამის თანაშემწე (გარდაიცვალა 1889 წელს), ნიკოლოზ მკურნალი და გრიგორი მკურნალი. ანასტასი მკურნალი (თეოხარის ძმა) გარდაიცვალა 1912 წელს. მისი შვილები რევოლუციურ ორგანიზაციებთან იყვნენ დაკავშირებულნი და ამ მიმართულებით ეწეოდნენ მუშაობას. უფროსი ვაჟი ალექსანდრე, როგორც რევოლუციონერი 1907 წელს ბათუმში ჩამოახრჩვეს; სპირიდონი გადასახლებული იქნა ციმბირში, გარდაიცვალა იქვე, ხოლო ორი ძმა – გრიშა და მიხაკო მკურნალები განაგრძობდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ (გრიშა გარდაიცვალა თბილისში, 1929 წელს). ხარლამპი მკურნალის შვილი, კონსტანტინე (კოწია) მკურნალის მამა და რომან მკურნალის ბაბუა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.364-365
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

