| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოჰან ანტონ გიულდენშტედტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რიგა. სწავლობდა ბერლინის სამედიცინო-ქირურგიულ სასწავლებელში; ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი 1767 წელს. 1768 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით პეტერბურგში ჩავიდა 1768-1774წწ. ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად; ექსპედიციამ, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ყოველმხრივი გამოკვლევა-შესწავლა, 1770 წლის იანვრიდან 1771 წლის აგვისტომდე მოიარა ჩრდილოეთ კავკასია და სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც დაჰყო 1772 წლის ოქტომბრამდე; მან მოიარა მთელი ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვრებზე; შეხვდა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს; 1772 წლის ნოემბრიდან 1773 წლის ივლისამდე კვლავ ჩრდილოეთ კავკასიაშია; 1775 წლის 2 მარტს პეტერბურგში დაბრუნდა; მის ნაშრომში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ, მათ შორის ყველაზე დიდი ადგილი ქვეყნის გეოგრაფიულ და მინერალოგიურ აღწერა უჭირავს. კუთხეებისა და პუნქტების დასახელებისას ისინი ისტორიულადაც მიმოიხილა, აღწერა არქიტექტურული ძეგლები, წარმოადგინა ფოლკლორული მასალა, დაწვრილებით შეეხო ადგილობრივ ფლორას და ფაუნას; მის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით შედგენილ საქართველოს რუკას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება (ვახუშტის რუკასთან ერთად); განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებას; ავტორმა უხვად მოგვაწოდა ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობილების, სოციალური ურთიერთობის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი სარეწების, ვაჭრობა-ხელოსნობის, ბაზრებისა და ფასების, მიმოქცევაში არსებული მონეტების, ზომა წონის ერთულების, სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია მის ნაშრომში დაცული ეთნოგრაფიული ცნობები (ქორწილი, დასაფლავება, საცხოვრებელი სახლები, ტრანსპორტი, ღვინის დაყენების წესი და მრავალი სხვა); როგორც ექიმს აინტერესებს ავადმყოფთა მკურნალობის ადგილობრივი მეთოდები. აღწერილი აქვს ყვავილის აცრა და სხვა. იძლევა იმ მედიკამენტთა ვრცელ სიას, რომლებსაც საქართველოში იყენებდნენ. ბოლოს იგი ახასიათებს ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს (მეფეებს, მოხელეებს, რეზიდენტებს და ა. შ.); კავკასიაში მოგზაურობის დროს შეკრიბა ლექსიკური მასალა და შეადგინა კავკასიაში გავრცელებული ენების შედარებითი სიტყვათა კონები; თითოეული ასეთი კონა შეიცავს 340-მდე სიტყვას (ესენია არსებითი სახელები, ნაცვალსახელები, რიცხვითი სახელები, ზედსართავები, ზმნები); სიტყვები დალაგებულია შინაარსობრივად. მთის მრავალი იბერიულ-კავკასიური ენის ლექსიკური მასალა ასე ვრცლად პირველად ჩაიწერა, ამიტომ მათი შესწავლის ისტორიაში ამ დოკუმენტაციას დიდი ღირებულება აქვს; ლექსიკური მასალის შედარების საფუძველზე გამოყო ენათა ექვსი ჯგუფი: ქართული (ქართული, მეგრული, სვანური), ქისტური (ჩაჩნური, ინგუშური, თუშური), ლეკური (ხუნძურ-დიდოური, ანწუხური, ჭარული, ყაზიყუმუხური, ახუშური), ჩერქეზული (ყაბარდოული და აფხაზური), ოსური, თათრული. ეს ენები ჯგუფებად დაყო და ცალკეული ჯგუფის წევრთა ნათესაური ურთიერთობის საკითხი პირველად წამოაყენა. 1780 წლდან "თავისუფალი ეკონომიური საზოგადოების" პრეზიდენტი. გერმანელი მეცნიერი, მოგზაური. წყარო: განმანათლებლობა საქართვერლოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

