The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ფესვიანიძე

დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2014  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე; დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს სპეციალობით 1942 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქვანახშირის ფენისებრ საბადოთა დამუშავების სპეციალობით 1947 წელს.

პირველი კურსის დასრულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეწყვიტა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში, მაგრამ, როგორც რეპრესირებულის შვილს, უარი ეთქეა არმიაში გაწვევაზე; 1941-1942წწ. მუშაობდა ბათუმის გეოლოგიურ-საძიებო პარტიაში, ქალაქის დაბომბვისაგან დაცვის მიწისქვეშა თავშესაფრის მშენებლობაზე და სხვა; 1943 წლის იანვრიდან იყო ბათუმის რაიონის სოფლების – ფერიისა და ორთაბათუმის საშუალო სკოლების დირექტორი, იმავე წლის ბოლოს დაბრუნდა თბილისში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა; სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს სამთო ელექტრომექანიკის კათედრაზე და მან თავისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა ინსტიტუტს დაუკავშირა, სადაც მუშაობის 60-ზე მეტი წლის განმავლობაში განვლო ყეელა საფეხური ლაბორანტიდან კათედრის გამგემდე; 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, I957 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1977 წელს – პროფესორის წოდება; იგი კათედრას თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა; მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეძღვნება საშახტო ამწევი დანადგარების და ბაგირგზების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის რაციონალური პარამეტრების დადგენას, სამუხრუჭო სისტემების სრულყოფისა და დანადგარების მართვის საკითხებს, კერძოდ საშუალო და მცირე სიმძლავრის საშახტო ჯალამბრებისა და ბაგირგზების ამძრავისათვის რეგულირებადი ცენტრიდანული მუხრუჭების ორიგინალური კონსტრუქციის დამუშავებას და სახელმძღვანელოს შექმნას საშახტო ამწევი დანადგარების გაანგარიშებისათვის; პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას; სხვადასხვა დროს იყო უმაღლესი სამთო განათლების საკავშირო სასწავლო-მეთოდური სამმართველოს წევრი, ხელმძღვანელობდა დარგობრივ კომისიებს სამთო-ტექნიკური საზოგადოების გამგეობას და მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, იყო ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, სამთო პროფილის სადისერტაციო საბჭოს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო-მეთოდური კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი, "სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვა. უმაღლესი ტექნიკური განათლების სისტემასა და სამთო ელექტრომექანიკის დარგში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მისი დამსახურება შეტანილია "სამთო ელექტრომექანიკის" ენციკლოპედიაში, რომელიც უკრაინაში 2008 წელს გამოიცა. 100-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 9 გამოგონების, 15 სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი. მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.296-297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    უმაღლესი ტექნიკური განათლებისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: