| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარონ დე ჟოზეფ ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ბერტელო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პარიზი. რამდენჯერმე იყო საქართველოში, დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთსა და საერთოდ დასავლეთ ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. პირველად ჩამოვიდა 1897 წელს, მოიარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ წაიკითხა ლექციების სერია საქართველოზე, გამოაქვეყნა ფრიად საყურადღებო წიგნები: "საქართველოში" (1898, მანამდე, 1898 წ. 15. II. მოხსენებად წაიკითხა პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებაში), "კავკასიონის ქედის სამხრეთით" (1899), "კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით" (1899), "თბილისი" (1900), "იმერეთში" (1902), "აფხაზეთში" (1904). ფრანგ მკვლევარს საგანგებოდ მიუქცევია ყურადღება ქართულ თქმულება-ლეგენდებისათვის; ერთი ასეთი ლეგენდა-ზღაპრის "მიწა თავისას მოითხოვს" შემოკლებული თარგმანია შეტანილი მის წიგნში "მშვენიერება", რომელიც ჟ. მურიემ გადაბეჭდა ჟურნალ "ლე კოკაზ ილლიუსტრეში" [" Le Caucase illustré", 1899 – 1900, № 1, სათაურით Conte Géorgien (ქართული ზღაპარი)]. 1900 მან ამ ნაწარმოების სრული ილუსტრირებული ტექსტი გამოაქვეყნა პარიზში ცალკე წიგნად – "მშვენიერება. ქართული ლეგენდა, თარგმნილი და პირველად გამოქვეყნებული ფრანგულ ენაზე ბარონ დე ბაის მიერ". ასევე დიდად დაინტერესებულა ფრანგი მკვლევარი ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრებით, კვლევა საფრანგეთშიც გაუგრძელებია. 1899 წელს ი. ჭავჭავაძის "ივერიაში" გამოქვეყნდა წერილი "წმინდა ნინოს თაყვანისცემა საფრანგეთში", სადაც მისი ღვაწლი საგანგებოდაა აღნიშნული. მან თბილისში გაიცნო ი. ჭავჭავაძე, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ილიას მისთვის უჩუქებია თავისი სურათი ავტოგრაფით "ბარონს დე-ბაის. ილია ჭავჭავაძე. 1899 წ. ტფილისი", რომელიც ჩართული აქვს თავის წიგნში. ილიას პირად არქივში დღემდე დაცულია მისი ნაჩუქარი წიგნი "კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით", რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: "პოეტს, პატრიოტს, ისეთი მშვენიერი ქვეყნის შვილს, სადაც მზე მუდამ კაშკაშებს. თბილისი, 1899 წლის 12 ნოემბერი. სოსიკო დე ბაი". წიგნში "იმერეთი" ის აღტაცებული წერდა ა. წერეთელზე, რომლის მრავალი ლექსის თარგმანი (პროზაულად) ჩართული აქვს ამ თხზულებაში. თავისი წიგნები გამოუგზავნა აგრეთვე დ. სარაჯიშვილს, პოეტ გ. შერვაშიძეს; ახლო ურთიერთობა ჰქონდა მხატვარ გ. გაბაშვილთან (რომელსაც მისთვის უჩუქებია თავისი სურათი წარწერით), ე. თაყაიშვილთან, თ. სახოკიასთან, ა. ცაგარელთან და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

