The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა აბრამიშვილი

მანანა აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1943  (83 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1976 წლიდან შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან, იდგმებოდა მისი საავტორო პიესები ლექსად და პროზად, ასევე ინსცენირებები და ნათარგმნი პიესები. 1983 წელს იგი დაინიშნა ამავე თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ფიქრები ქარ და ქარ" (გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2019), ხელნაკეთი წიგნაკები მანანა აბრამიშვილის ლექსებითა და რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით (პროექტი "ანბანდიდი", 2019), საავტორო კრებული "მოდით, მოდით ბავშვებო" (გამოცემლობა "დიოგენე", 2009), მოთხრობა "დედა ენა" ("დიოგენე", 2010), პიესა (დამხმარე სახელმძღვანელო III -IV კლასებისთვის, გამოცემლობა "დიოგენე", 2012),  მოთხრობები (ჟურნალი "ანო და ვანო", 2008), საბავშვო ლექსები (ჟურნალი "ბაბილინა", 2010). არის სცენარის ერთ-ერთი ავტორი და რეჟისორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა "ჩვენ მეგობრები ვართ" (კინოსტუდია "პიონერ-ფილმის" პირველი ნაწარმოები, ქ. მოსკოვში საკავშირო დათვალიერებაზე დაიმსახურა I პრემია, 1960). მონაწილეობდა 1962 წლის დრამატურგთა საკავშირო კონფერენციაში (ქ. მოსკოვი). ჰოლივუდის ანიმაციური სტუდია "პიქსარი" მუშაობდა მის სცენარზე "შეყვარებული ბაყაყი" (საქართველოს კინოცენტრისა და "პიქსარის" ერთობლივი პროექტი). თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა მ. აბრამიშვილის საავტორო პიესები და ინსცენირებები: "გათავისუფლებული ზღაპრები" (1977), "ნიშხა-ნიშხა! ბარბალუკა!" (1980, 1982 წელს მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების საკავშირო დათვალიერებაზე დაიმსახურა დიპლომი), "ვარსკვლავი" (1981), "ეთერიანი" (1992), "ნატვრის ხე" (თ. ბართაიას თანაავტორობით, 1997), "გოგონა ციდა ყვავილების ქვეყნიდან" ( ჰ. ქ. ანდერსენის მიხედვით, 1998), "ზღაპარი წითელქუდაზე" (2003), "საახალწლო ზღაპარი" (2005), "საახალწლო კონცერტი" ( 2008), "მამოს თავგადასავალი" (დ. ნეპომნიაშჩის მიხედვით, 2008), "ზამთრის ზღაპარი" (2011), "ფეხბედნიერი მეკვლე" (2012), "დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები" (გ. ჭიჭინაძის მიხედვით, 2014), "სამი გოჭი" (ს. მიხალკოვის მიხედვით 2014), "მხიარული მზესუმზირა" (კ. მეშკოვის მიხედვით, 2015), "შვლის ნუკრის ნაამბობი" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 2015). ასევე თარგმნა პიესები: ვ. ცინიბულკის "ცისფერი მარგალიტი" (1976), ბ. აპრილოვის "პატარა პინგვინები" (1986), ი. ზლატოპოლსკის "ბედნიერების მეკვლე" (1992). მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის დედა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქალთა საბჭოს წევრი (1984-1985)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი-წოდება "ამაგდარი"
  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: