| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აშილ მიურატი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნიუ-ჯერსი, ამერიკის შეერთებული შტატები. აშილ მიურატი დაიბადა ლუსიენ მიურატისა (1803-1878) და მისი ამერიკელი მეუღლის, ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერის (1810-1879) ოჯახში. სამხედრო ინსტიტუტში განათლების მიღების შემდეგ იგი საფრანგეთის არმიაში ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა, პირველად ალჟირში დანიშნეს, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა 1870 წლამდე, როდესაც საფრანგეთსა და პრუსიას შორის ომი დაიწყო და მას საფრანგეთში დაბრუნება მოუწია. პრუსიის სწრაფი და დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პარლამენტმა მონარქია გააუქმა. 1868 წელს 21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს მისთხოვდა. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. კათოლიკური საქორწინო ცერემონიალი ტიუილრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ. იმპერტორმა წყვილს საქორწინოდ ერთი მილიონი ფრანკი მიართვა და პარიზში სასახლე აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის იმპერატორისგანაც მიიღეს. ამის შემდეგ აშილი და სალომე სამეგრელოში წამოვიდნენ და ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. აშილი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, მათ შორის ღვინის წარმოებაშიც. მან სამეგრელოში ვაზის რამდენიმე ფრანგული ჯიში შემოიტანა და, ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. მეგრელები, რომელთაც ბატონყმობის უღელი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ აშილ მიურატი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მოსამსახურეებსა და გლეხებთან გვერდიგვერდ ესოდენ დიდი ენთუზიაზმით შრომობდა. მათ აგრეთვე ანცვიფრებდათ ის, თუ როგორ თანაუგრძნობდა აშილ მიურატი სამეგრელოში მცხოვრებ უბრალო ხალხს და როგორ იღვწოდა იგი სკოლების, გზებისა და კლინიკების აშენებისათვის. აშილი გამუდმებით ადევნებდა თვალს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ იქ საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. აშილი და სალომე ცხოვრობდნენ სამეგრელოში 1895 წლამდე, როცა მიურატი გარდაიცვალა. აშილის სიკვდილი, საიდუმლოებით არის მოცული. ოფიციალურ ვერსიად თავის ტვინში სისხლჩაქცევა დასახელდა, მაგრამ სამეგრელოში მიაჩნდათ, რომ მან თავი მოიკლა. იმ წლის დასაწყისში წყვილის კუთვნილი ზუგდიდის რეზიდენცია დაიწვა და ამ მოვლენის შესახებ საგაზეთო ცნობები მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ხანძარი შემთხვევით არ მომხდარა, რომ სალომემ სახლი დააზღვია, ძვირფასი ნივთები გადამალა და დაზღვევის ფულის მისაკუთრების მიზნით სახლს ცეცხლი თავად წაუკიდა. ზოგიერთის აზრით, აშილმა ამ ამბით გამოწვეული სკანდალის გამო თავი დამცირებულად იგრძნო და ტყვია დაიხალა. მრავალი მისი თანამემამულე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რათა აშილს გამოსთხოვებოდა. იგი სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღში დაკრძალეს. მრავალი წლის მანძილზე ხალხი პატივს მიაგებდა მის ხსოვნას, ასუფთავებდა მისი საფლავის ქვას. 1975 წელს აღიმართა მემორიალური დაფა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად. სალომე დადიანის მეუღლე, ანტუანეტ კატრინ (ბებე), ლუი-ნაპოლეონ ლუსიენ და შარლ დავიდ მიურატების მამა. წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

