| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიაქეთევან ან ქეთაონ ბაგრატიონი იყო ასული საქართველოს მეფის გიორგი VIII (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის ასულისა, მისი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ინტერესი ცნობილია, ქეთევანის დავალებითაა დამზადებული რამდენიმე ხელნაწერი. ერთი მათგანი–პარაკლიტონი გადაწერა ზოსიმე კოჭობაისძემ, რომელიც გვამცნობს მომგებლის ვინაობას, ქეთევანის მიერ მოპოვებული დედნის ავკარგიანობას და მის მიერ გაწეულ საქმიანობას. ქეთევანის ანდერძიდან: "ღმერთმან უწყოდეს, რაიცა დედასა ეწერათ, სხუაი წიგნი მოვიდევ, რაიცა ტყული შევატყი იმაზედა გავმართი"; "გათავდეს წმიდანი ესე პარაკლიტონი ბრძანებითა პატრონისა მეფეთ-მეფისა ასულისა, პატრონის ქეთაონისითა"; "მე უბრალო ვარ, თუ მრუდად რათმე მოვიდეს სიტყუაი. დედა წიგნი პატრონსა ქეთაონს ეთხოვნა საღირასშვილისაგან, იმაზედან დამიწერია. არა დამიკლია რაი, ღმერთმან უწყოდეს, რაცა სხვისა წიგნზედან არა გამიმართავს. ქაღალდი მქონებოდა და დედა გუერდთაცა, გავათავებდი. პატრონის ყმასა ბევრსა შევეუხვეწე, არა ვის გაივლინა, მე უბრალო ვარ". ქეთევანს არა მარტო წიგნის გადაწერა დაუვალებია კალიგრაფისათვის, არამედ დედანიც უშოვია და მიუწოდებია მისთვის. ქეთევანის დავალებით მწიგნობარმა ზებედე ნაუას ძემ, რომელიც ქეთევანის გაზრდილი ყოფილა, გადაწერა მოზრდილი კრებული. მის ანდერძ-მინაწერებში ხშირად იხსენიება მომგებელი –"დიდისა და წარჩინებულისა მეფის ასული, დედოფალი, პატრონი ქეთაონ, რომლისა ბრძანებითა დაიწერნეს წმიდანი ესე წიგნი". ანდერძ-მინაწერებში შემონახულია ცნობები ქეთევანის ახლობლებზე (იხსენიებიან პაპა–ყვარყვარე ათაბაგი, მეუღლე–ვახუშტი, ყოფილი ვასილიოსი, მამა–მეფე გიორგი და სხვ. სულთა მოსახსენებელში იგი, "ქეთაონ-ყოფილ ქრისტინედაა" დასახელებული. სულთა მოსახსენებლის ჩვენებათა მიხედვით ზებედე ნაუას ძის მიერ გადაწერილი კრებული ქ. შარაშიძემ 1505-1515 წლებით დაათარიღა. ცნობილია ქეთევანის ბრძანებით დამზადებული საბაწმიდის ტიბიკონი. იგი გადაუწერია 1511 წელს ბანაში იაკობ ჯაყელის შვილს. ეს უკანასკნელი გვაუწყებს, რომ "დაიწერა წმიდა წიგნი ტიპიკონი ბრძანებითა მეფეთ-მეფისა გიორგის ასულის პატრონის ქეთაონ-ყოფილის ქრისტინესითა. მრავალმცა არიან წელნი სუფევისა მისისანი აქა მას მსხემობასა მზეგრძელობით... დაიწერა მონასტერსა ძელისა ჭეშმარიტისასა, ბანას". უკანასკნელი ანდერძ-მინაწერით ამ დროს, 1511 წელს ქეთევანი ბანის ტაძარში იყო შემონაზვნებული. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.71-73
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

