The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ ბაგრატუნი

იაკობ ბაგრატუნი
Date of birth:25 August, 1879
Date of death:23 December, 1943  (at 64 years)
Burial location:ბრომტონის სასაფლაო, ლონდონი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე, ტფილისის გუბერნია.

დაიბადა სომეხი აზნაურის ოჯახში. ოქროს მედალზე დაამთავრა  ტფილისის ვაჟთა გიმნაზია 1898 წელს; კიევის სამხედრო სასწავლებელი 1900 წელს.

1900 წლიდან მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-19 მსროლელ პოლკში, ლაიბ-გვარდიის ავსტრო-უნგრეთის იმპერატორის სახელის კეკსგოლმის პოლკში. ამავე პერიოდში მას დაევალა სპარსეთში განსაკუთრებული სამხედრო-პოლიტიკური დავალების შესრულება, რომელიც მან თავისი ბუნებრივი სამხედრი-პოლიტოლოგიური ნიჭის, აღმოსავლეთის და აღმოსავლური ენების ცოდნის წყალობით, ბრწყინვალედ შეასრულა. 1904-1907წწ. იგი სწავლობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში, მაგრამ რუსეთ-იაპონიის (1904-1905წწ.) ომის დაწყებასთან დაკავშირებით, შეწყვიტა სწავლა და ფრონტზე გაემგზავრა, სადაც მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-19 პოლკის ასეულს. 1905 წლის 25 თებერვალს, სოფელ პუხესთან გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და კონტუზია მიიღო, მაგრამ პოზიციები არ დატოვა, ეხმარებოდა დაჭრილებს და აგრძელებდა ბრძოლის მართვას. მისი პირადი თავდადება და მამაცობა არა ერთხელ იყო ასახული მანჯურიის არმიის ჯარების მთავარსარდლის ბრძანებებში. 1907 წელს მიენიჭა გვარდიის შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება, გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში და დაინიშნა ლაიბ-გვარდიის კეკსგოლმის პოლკის ასეულის მეთაურად. 1908 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა კაპიტნის სამხედრო წოდება და დაინიშნა თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის, უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ. შემდგომში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის მე-4 (სადაზვერვო) განყოფილების უფროსად. ასრულებდა საიდუმლო სამხედრო-სამეცნიერო და პრაქტუკულ დავალებებს მონღოლეთში, ტიბეტში, კორეაში, ავღანეთში, ბუხარაში, კაშგარში, კერმიშში, კუშკასა და მევრში. მან გახსნა პანთურქ ემისართა შეთქმულება ტაშკენტსა და თურქესტანის სხვა ქალაქებში. სამსახურში წარჩინებისათვის მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა (1914-1918წწ.) პირველ მსოფლიო ომში, ომის დროს მსახურობდა თურქესტანის I-ი საარმიო კორპუსის შტაბში დავალებათა შტაბ-ოფიცრად. 1914 წლის ოქტომბერ - 1915 წლის იანვარში - დროებით ასრულებდა თურქესტანის I-ი საარმიო კორპუსის შტაბის უფროსის თანამდებობას. 1915 წლის იანვარ - 1916 წლის ნოემბერში იყო 76-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი, თურქესტანის მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსი, თურქესტანის მე-2 მსროლელ-საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი. 1915 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა თურქესტანის მე-8 მსროლელი პოლკის მეთაურად. რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ემხრობოდა რა ჯარში დემოკრატიული რეფორმების გამტარებლებს, 1917 წლის მაისში, არჩეულ იქნა პეტროგრადში, სრულიად რუსეთის ოფიცერთა ყრილობაზე დელეგატად. 1917 წლის ივნისიდან მსახურობდა რუსეთის სამხედრო მინისტრის, ა. კერენსკის (1881-1970) კაბინეტში. ცოლად ჰყავდა ა. კერენსკის და. 1917 წლის 12 ივლისს დაინიშნა პეტროგრადის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსად. იყო რუსეთის არმიაში სომხური ნაწილების შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1917 წლის იანვარში იყო არჩეულ სომეხთა სამხედრო კომისრად და სომეხთა სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ. აქტიურად იყო დაკავებული სომხური საარმიო კორპუსის ფორმირებით. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამდე, ღებულობდა ღონისძიებებს დროებითი მთავრობისადმი ერთგული ნაწილების კონცენტრაციის მხრივ, გასცა ბრძანება, ჩრდილოეთის ფრონტის შტაბს გამოემგზავნა პეტროგრადში სპეციალური სამხედრო რაზმი (ბრძანება ფრონტის სარდლობის მიერ არ იქნა შესრულებული). შედეგად ბაგრატუნიმ შეძლო მხოლოდ მწირი სამხედრო ძალების შეგროვება. 1917 წლის ოქტომბერში, დროებითი მთავრობის მინისტრმა ნ. კიშკინმა (1864-1930), რომელმაც მიიღო ქალაქში წესრიგის დამყარების რწმუნებულება, პეტროგრადის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლი თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მის ადგილზე დანიშნა უფრო ენერგიული გენერალი ბაგრატუნი, მაგრამ ვერც მან ვერ შეძლო ნეგატიური სიტუაციის განვითარების გარდატეხა. ბოლშევიკებისათვის ოლქის შტაბის გადაბარების შემდეგ იგი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იქნა დაპატიმრებული ზამთრის სასახლესთან. იმყოფებოდა პატიმრობაში პეტრეპავლეს ციხე-სიმაგრეში, მაგრამ 1917 წლის 15 დეკემბერს იქნა განთავისუფლებული და მეორე დღეს განაგრძო მოღვაწეობა სომეხთა სამხედრო კომისრის თანამდებობაზე. 1917 წლის ბოლოს და 1918 წლის დასაწყისში განაგრძობდა მუშაობას საარმიო კორპუსის ფორმირების დარგში და კავკასიაში სომეხ სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაში. 1918 წლის მარტში ჩამოვიდა ქ. ბაქოში, სადაც 15 მარტს მასზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც მას გაუკეთდა ფეხის ამპუტაცია. მიუხედავად უმძიმესი ჭრილობისა, მონაწილეობდა ბაქოს სომხური რაიონების დაცვის ორგანიზებაში, აზერბაიჯანულ პარტია "მუსავატის" მიერ მოწყობილ აჯანყების დროს, და 1918 წლის შემოდგომის დასაწყისში მონაწილეობდა ბაქოს დაცვაში თურქი და აზერბაიჯანელი გაერთიანებული ძალებისაგან. 1918 წლის აგვისტოდან იყო ბაქოში რუსული ჯარების სარდალი, მეთაურობდა ბაქოს დაცვას. თურქეთის ჯარების შეტევის პირობებში, 1918 წლის 16 სექტემბერს სომხურ შეიარაღებულ ფორმირებებთან და ლტოლვილებთან ერთად იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა ბაქო და წასულიყო ქ. ენზელიში (ჩრდილოეთი სპარსეთი). მაგრამ ბაქოდან თურქთა ჯარების წასვლის შემდეგ და ქალაქში 1918 წლის ნოემბერში ინგლისის ჯარების შესვლასთან დაკავშირებით 1918 წლის ნოემბერში კვლავ დაბრუნდა და სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე – სამხედრო მრჩევლად იქნა არჩეული. 1919 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა აშშ-ში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მისიის თავმჯდომარედ. მისია მიმართული იყო აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. 1919 წლის ნოემბერში მისია ჩავიდა ნიუ-იორკში. გენერალი ბაგრატუნი ხვდებოდა ბევრ ამერიკელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, გამოდიოდა მიტინგებზე, ითხოვდა სომხეთისათვის დახმარებას და სომხეთის სახელმწიფოს ოფიციალურ ცნობას. მიუხედავად იმისა, რომ 1919 წლის დეკემბერ - 1920 წლის იანვარში ბაგრატუნი მიიღო აშშ-ს სამხედრო მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ამერიკულმა ხელისუფლებამ უარი თქვა დახმარებაზე იმ ქვეყნისადმი, რომელმაც არ მიიღო ოფიციალური ცნობა. მისიის მიერ მუშაობის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში. 1920 წელს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის ელჩად ინგლისში, სადაც ცხოვრობდა სიკვდილამდე. საბრძოლო დამსახურებისთვის ბუხარის "ოქროს ვარსკვლავის" მე- III ხარისხის (1914) ორდენით. გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.42-46

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    პრასნიშის აღებისათვის
  • 1915 - წმინდა გიორგის იარაღი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1914 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1914 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)

Share: