| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზეჭაბუკ ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაიბადა 1447-1453 წლებს შორის. 1500-1515წწ. სამცხის ათაბაგი, ყვარყვარე II-ის ძე. გაათაბაგდა თავისი ძმის, ქაიხოსრო II-ის შემდეგ. წყაროების მოწმობით, თავდაპირველად ქართლის მეფესა და მას მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა პოლიტიკურად ძლიერი სამცხისათვის, რომელმაც ამ პერიოდში ოსმალებთან ზავის შედეგად ჭანეთისა და აჭარის შემოერთებაც შეძლო, მნიშვნელოვანი კვლავ ეკლესიური დამოუკიდებლობა, შესაბამისად კი აწყურის ეპისკოპოსის ამაღლება გახდა. ამისათვის მან სამცხეში საკალმასოდ ჩამოსული ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი გამოიყენა. მისი მმართველობის დროს მისივე შეკვეთით შეიქმნა დოკუმენტი "წიგნი ანტიოქიის პატრიარქის დოროთეოსისა მაწყვერელისათვის კურთხევის უფლების მინიჭების შესახებ", ხოლო ბერძნულ ენაზე შექმნილი წიგნი "კონსტანტინოპოლში ღვთის უწმინდესი დიდი ეკლესიის დიდი რიტორის – მანუელის გარდამოცემა აწყურში მყოფი ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლისა და მარადქალწული მარიამის სათაყვანებელი ხატისა და მის მიერ სხვადასხვა დროს ქმნილ სასწაულთა შესახებ" სრულად ეხმიანება მისი პოლიტიკის იმდროინდელ ტენდენციას. წყაროში მოხსენიებულია როგორც სამეფოს მემკვიდრე (ქაიხოსროს შემდეგ) და თვითმპყრობელი. შექებულია მისი სულიერი და ფიზიკური თვისებები, სიქველე როგორც უცხოელებისა და ღარიბების მიმართ, ისე შეწირულობები ეკლესია-მონასტრებისადმი. იცოდა საღმრთო წერილი, აგრეთვე არაბული, სპარსული და თათრული ენები. 1515 წელს ბერად შედგა იაკობის სახელით. სამცხემ ეკლესიური დამოუკიდებელობა როგორც ჩანს 1518 წლამდე შეინარჩუნა, თუმცა ათაბაგთა ბრძოლას ეკლესიური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად შედეგი არ მოჰყოლია. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

