| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულქან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიაგულქან ლორთქიფანიძე ცნობილია, როგორც ხელნაწერთა მომგებელი (შემძენი, პატრონი, მიმზღველი, სასყიდლის მომცემი) და შემწირველი. მას მეუღლის-გიორგი აბაშიძის მსგავსად ჰქონია მწიგნობრული ინტერესები. გულქანის დაკვეთით გადაუწერიათ მეტაფრასი, რომლის ანდერძში ასეთი მინაწერია: "აღვაწერიე ესე საუფლო წმიდა მეტაფრასი მე, ლორთქიფანიძის ასულმან გულქან, ჩემის ცოდვილის სულის საოხათ, ძისა ჩემისა ერისთვის შოშიტას სადღეგრძელოთ. ვინცა წაკითხოს, ღვთის მადლს, შენდობა მიბრძანეთ". გულქან ლორთქიფანიძის მოგებულია აგრეთვე ერთი კრებული, რომელშიც შესულია "კურთხევანი" და სხვა თხზულებანი. ანდერძ-მინაწერებში გულქან ლორთქიფანიძე რამდენჯერმე იხსენიება: "ნებითა და შეწევნითა ღვთისათა და ბრძანებითა მოურავის ქალისა ბატონის გულქანისათა შემოკრებული იწერების საეკლესიოთა წესითა ყოვლითურთ სრული და უკლები კურთხევანი". ცნობილია გულქანის მიერ კაცხის ტაძრისათვის შეწირული ხელნაწერები და მისი მეუღლის გიორგი აბაშიძის დაკვეთით 1723 წლის გულანი. ხელნაწერის ანდერძი: "მე, უღირსმან დიდის წარჩინებულის ლორთქიფანიძის მეფის მოლარეთუხუცესის, ქუთაის ქალაქის მოურავის, დიდის გედევან გენათლის ძმის ბეჟანის ასულმან, კათალიკოზის გრიგოლის და ნიკოლოზ გენათლის დამან, ერისთავის შოშიტას დედამ და დიდის გიორგი აბაშიძის თანამეცხედრემან და მეუღლემან გულქან შემოგწირეთ ჩუენს საძვალეს, მონასტერს... დავდევით გულანი ესე სულთა განმანათლებელი". გულქან ლორთქიფანიძეს მეუღლესთან ერთად შეუწირავს კაცხის მონასტრისათვის XVI საუკუნის "მარხვანი", რომლის ანდერძი ამჟამად ნაწილობრივ გადალეულია და ძნელად იკითხება: "სადიდებლად წმიდისა ერთარსისა და განუყოფელისა სამებისა მე, აბაშიძემ... თანამეცხედრემან ჩემმან ლორთქიფანიძის ასულმან გულქან.. წმიდა ესე მარხვანი... ბეჟანის წარსამართებლად". იმერეთის მეფის მოლარეთუხუცესის, ქუთაისის მოურავის ბეჟან ლორთქიფანიძის ასული, ძლიერი დიდებულის გიორგი აბაშიძის მეუღლე, შოშიტა ერისთავის დედა, გრიგოლ II (ერისკაცობაში გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742 წლებში) და ნიკოლოზ ლორთქიფანიძე გენათელის (გელათელი) ეპისკოპოსი დასავლეთ საქართველოში 1682-1690/1691 წლებში, მოღვაწეობდა XVII საუკუნის ბოლოს, გელათის მონასტრის წინამძღვრობის პერიოდში) და. მწიგნობარი, ქველმოქმედი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.113-114
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

