The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იესე გარსევანიშვილი

დაბადების თარიღი:1792
გარდაცვ. თარიღი:1864  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოქონის ეკლასია, გორის რაიონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი 1814 წელს.

იესე 1818 წელს საქართველოს ეგზარხოსს განუწესებია მღვდლად გორში, მაგრამ იგი "მსგავსად წინაპართა მისთა" მასწავლებლად მიუწვევიათ ქუთაისში, გრიგოლ წერეთლის ოჯახში. მის შვილებს ალექსანდრესა და ქეთევანს ასწავლიდა რუსულ ენას. იგი მასწავლებელი ყოფილა დავით დადიანის ძისა. მასწავლებლად ოთხი წლის მუშაობის შემდეგ იესე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ გორში და მსახურება დაიწყო ოქონის ეკლესიაში. იესე გარსევანიშვილის, როგორც მწერლისა და მწიგნობრის დამსახურებაა, რომ თარგმნა და გადაწერა რამდენიმე თხზულება. ისინი დაცულია გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მის მიერ თარგმნილ "მოხსენებისათვის მიცვალებულთასა" ალ. გარსევანიშვილისეულ მინაწერში ვკითხულობთ: "გადმოთარგმნილ არს რუსულისაგან ქართულსა ენასა ზედა ნეტარსახსენებლისა ბიძისა ჩემისა იესე იაკობის ძის გარსევანოვის მიერ, რომელმან მრავალთა წიგნთა თარგმნებითა უკვდავყო სახელი თვისი" (ფონდი Nº452). იესეს უთარგმნია აგრეთვე მარტვილობისა და წმინდანთა ცხოვრების წიგნი, რომელშიც შეუტანია "გამოცდილების მოყვარეობითი წინა-თქმობაი ასე ექვსი წლის დიდებულისა შვეიცარელ მოხუცისა". მანვე თარგმნა 1837 წელს სამეგრელოს მთავრის თხოვნით ივანე მარტინოვის პროზაული ვერსიიდან ჰომეროსის "ილიადა". შემკვეთი 1833 წელს იესეს სწერდა: "გიგზავნი ამასთანავე თუმცა პატარა წიგნებს, მაგრამ ჩინებულს. უნდა მოთარგმნო ტკბილსა და ლამაზისა ენაზედ ქართულად. ეს წიგნები არის ილიადა. აღდგომამდის უნდა შემისრულო და გამომიგზავნო შენის ძმის ხელით, ანუ შენ მომიტანე შენის ხელით და ბერძნული ლექსების განმარტება რომ არის, თვითო გალობის ბოლოს არიან ისინი, არიან საჭირო სათარგმნელად" (ფ. №97). უფრო ადრე 1815 წელს მას გიორგი წერეთლის დავალებით უთარგმნია ანდრია სვეტუშკინის რუსული თარგმანიდან პლუტარქეს "ოდისეა" და "შედარებითნი ცხოვრების აღწერანი", ჰეროდოტეს "ისტორია" ცხრა წიგნად, აბატი მილიოტის "ყოვლად ზოგადი ისტორია", პეტრე იმპერატორის კანონი, "მგზავრობანი პითაღორასნი", "სამხედრო ტიპიკონი" და სხვ. 1828 წელს იესეს უთარგმნია ვოლტერის დრამატურგიული ნაწარმოები "ლუდოვიკო მეთოთხმეტის საუკუნე". იესე გარსევანიშვილი იყო რუსულიდან ქართულ ენაზე დახელოვნებული მთარგმნელი. როგორც ჩანს, იგი აგრეთვე ქართულიდან რუსულ ენაზე კარგ მთარგმნელადაც ითვლებოდა. მას სთხოვეს საქართველოში ჩამოსულ ივანე მარტიანოვისათვის ეთარგმნა "ქართლის ცხოვრება". გრ. წერეთლის წერილიდან ვიგებთ, რომ "ამას ესაჭიროება ქართლის ცხოვრება" ათარგმნინოს როსიულად, გირჩევ, თარგმნე. ეგებ საბრალო ჩვენს მამულის სახელიც იხსენიოს სადმე ისტორიას აკეთებსო". იესე გარსევანიშვილს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გადანუსხვაში. მას გადაუწერია დოგმატიური ჟანრის ნაწარმოებები: "სიმბოლო სარწმუნოებისა", "თავნი სჯულის კანონისანი", "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა", "ხარისხისათვის ქორწინებისათა და მათთა განყოფათა", გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი "ღვთივმშვენიერი თხრობანი, სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსაც ეწოდების გვირგვინი", აღაპიტე კონსტანტინე თბილელის "ტომისა სამეფო" და სხვ. 1828 წელს იესეს გადაუწერია კრებული წმინდანთა მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ, რომელიც წარმოადგენს წმინდანთა მოსახსენიებელ საეკლესიო კალენდარს. გადაუწერია ანტონ პირველის "რიტორიკა-ქმნილი მხითარით ბრძნისა სარგებლად ყრმათა, ქართლისა ხმასა ზედა გარდმოღებით შრომილი". ამ 125-გვერდიან ხელნაწერ წიგნს უძღვის "წინასიტყვაობაი ეპისტოლე, მოწერილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა საქართველოისა დავითიან-ბაგრატიონისა ირაკლის მიმართ მეორისა ძმისა თვისა მეფის ყოვლისა საქართველოისა დავითიან ბაგრატიონისა." აქვე ინახება იასეს გადაწერილი ანტონ კათოლიკოსის "ქადაგებანი" და "პირად-პირადი სტილი", სადაც იამბიკოებია ჩაწერილი ქართველ წმინდანებზე: ქეთევან წამებულზე, ელიზბარ, შალვა და ბიძინაზე, წმ. კონსტანტინესი და ილარიონის ღვაწლის და ცხოვრების შესახებ. იესემ გადაარჩინა ანტონ კათოლიკოსის ქადაგებანი ხარებობის დღისა, რომელიც მანამდე არცერთ კრებულში არ იყო შეტანილი. მან გადაწერილ იოანე ოქროპირიძის თხზულებას, "სიტყვათ იგავისათვის მეზვრისა და ფარისევლისა", დაურთო 72 სიტყვისა და ცნების განმარტება. მასვე შეუდგენია რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც მოიცავს ათასამდე სალექსიკონო ერთეულს და რომლის მინაწერიდანაც ჩანს: "ჟამსა სიყრმისასა, ოდეს კეთილმან მამამან ჩვენმან წარმიყვანა სიცოცხლისაზე თვისსა, საქართველოს სატახტო ქალაქსა ტფილისს სასწავლებლად როსიულისა ენისა ყოვლად სასარგებლოდ ჩემდა აღსამაღლებლად მხედრობისითა ძალისა, სრულვყავ" (1837 წ., ინახება გორის სახელმწიფო მუზეუმში). საგულისხმოა, რომ ი. გარსევანიშვილის მიერ გადაწერილი თხზულებების კიდეებზე მარგინალიების სახით მიწერილია ნაწყვეტი თეიმურაზ მეორის "ხილთა ქებიდან", ბესიკის სატრფიალო ლექსები და სხვ. მინაწერში ვკითხულობთ: "ბესიკი საამო სასმენი არის" (ფონდი, №142, გვ.5). იესეს მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონია. შემორჩენილია 150 დასახელების წიგნის სია. მათ შორის ყოფილა "მარხვანი" (ხელნაწერი) იოანე დამასკელის სამართმადიდებლო აპოკალიფსის განმარტება, ათენური რიტორიკა და სხვ. მის ფონდშია დაცული ათეულობით სიგელ-გუჯარი და ნაბეჭდი წიგნი, რომლებსაც დიდი ისტორიული და სამეცნიერო ღირებულება გააჩნიათ. ოქონის ეკლესიის დეკანოზის, იაკობ გარსევანიშვილის შვილი, რომელიც ანტონ კათოლიკოსს საგანგებო დავალებით რუსეთში გაუგზავნია.

წყარო: გორელი მწერალ-მწიგნობრები : ავთანდილ თუმანიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, იესე გარსევანიშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი / ლალი კარიჭაშვილი // მწიგნობარი : ალმანახი.-თბილისი, 2010.-N 10.-გვ.169-177


გააზიარე: