| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კუზიატინი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1881 წელს. ბათუმის ოლქში სამედიცინო საქმის განვითარებაში საკმაო წვლილი მიუძღვის სამოქალაქო საექიმო უწყების ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს, დავით კუზიატინს. მუშაობდა სამხედრო უწყებებში, ხოლო შემდეგ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლების დირექტორის წინადადებით, იგი 1890 წლის 2 ივნისს დაამტკიცეს ბათუმის სახელოსნო სასწავლებლის (გაიხსნა 1889 წელს) ექიმად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ამგვარად დავით კუზიატინი ამ სასწავლებლის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. 1903-1916 წლებში შეთავსებით მუშაობდა ბათუმის საზღვაო საექიმო-სამეთვალყურეო სადგურის ექიმად, ხოლო 1912 წლიდან ქალაქის სანიტარული ექიმის მოვალეობასაც ასრულებდა, ასევე ითვლებოდა ბათუმის ექიმთა საზოგადოების დამფუძნებლად და 20 წლის მანძილზე თანამშრომლობდა მასთან, ხოლო მისი მეუღლე როზა სინეისკაია-კუზიატინა განაგებდა საზოგადოების ბიბლიოთეკას. პირველი სამეცნიერო ნაშრომი დავით კუზიატინმა I892 წელს მოამზადა და ბათუმში ქოლერის ეპიდემიას მიუძღვნა. ავტორმა არამარტო გაარჩია საინტერესო შემთხვევები, არამედ ნაშრომში შეიტანა ავადობისა და სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებლები, რომლებიც შეფარდებული იყო მოსახლეობის რაოდენობასთან. საყურადღებოა, რომ დავით კუზიატინი გაბედულად გამოვიდა სახელგანთქმული მეცნიერის პეტენკოფერის წინააღმდეგ, რომელიც თვლიდა, რომ "ქოლერის სენი გაჯერებულია ჰაერში და რომ საშიშია ისეთ ოთახში დიდხანს ყოფნა, სადაც ავადმყოფები იმყოფებიან ან გვამებია დასვენებულიო". "მიუხედავად ავადმყოფთა ძალზე გულდასმითი მოვლისა – წერდა დავით კუზიატინი, – იმისა, რომ მედიცინის მუშაკებს ზოგჯერ არაქათის გამოცლამდე უხდებოდათ ავადმყოფის საწოლთან მორიგეობა, მათგან ავად არავინ გამხდარა არათუ ქოლერით, არამედ უბრალო ფაღარათითაც. როგორც ჩანს, ქოლერის გამომწვევი ორგანიზმში საკვებითა და წყლით შედის". პრაქტიკამ დაადასტურა ბათუმელი ექიმის ეს მნიშვნელოვანი ვარაუდი, 1911 წელს იგი კ. მხეიძესთან, გ. სობოლევსკისთან და ა. ლისტოვთან ერთად არჩეულ იქნა გაერთიანებულ საკურორტო კომიტეტში ბათუმის ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლად. დავით კუზიატინი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დატოვა მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელიც თანაუგრძნობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას. მისი მემკვიდრეები არ აპირებდნენ ბათუმიდან წასვლას, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებით იძულებული გახდნენ უცხოეთში გადახვეწილიყვნენ. დავით კუზიატინი ბათუმს ბრწყინვალე საკურორტო მომავალს უწინასწარმეტყველებდა: "... როცა ჭაობები ამოშრება, მაშინვე ბათუმის კლიმატი შეიცვლება და ქალაქი კიდეც გადაიქცევა კლიმატურ სადგურად", წერდა დავით კუზიატინი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.87-89
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

