| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბალე ლაშხაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის ქალთა უმაღლესი სამედიცინო კურსები. მუშაობდა მოსკოვის მახლობლად სერპუხოვოში კერძო საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად, მალე ბარბალე ლაშხაური აირჩიეს პიროგოვის საზოგადოების წევრად. ამ საზოგადოებასთან არსებობდა სამალარიო კომისია, რომელმაც 1913 წლის გაზაფხულ-ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე მოაწყო ორი დიდი ექსპედიცია, ერთი სოჭიდან სოხუმამდე, ხოლო მეორე – სოხუმიდან ბათუმამდე. ბარბალე ლაშხაური მეორე ექსპედიციაში ირიცხებოდა. ექსპედიციის მიზანი იყო დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება მალარიის კერების გამოსავლენად. გზადაგზა ექსპედიციის წევრები მოსახლეობას განუმარტავდნენ და აძლევდნენ სათანადო რჩევა-დარიგებას მალარიით დაავადების მიზეზებისა და მისი თავიდან აცილების საკითხებზე. მოსახლეობაში ატარებდნენ მალარიის პლაზმოდიუმებზე სისხლის მასობრივ ლაბორატორიულ გამოკვლევას. ექსპედიციამ მოქმედების ძირითად ბაზად ბათუმი აირჩია, სადაც იმჟამად გაიხსნა რუსეთში პირველი სამალარიო სადგური. აქვე არსებობდა სამალარიო კომისია, რომელიც მუშაობის შედეგებს იხილავდა. ექსპედიციის წევრები ერთხანს ბათუმში დარჩნენ, ხოლო შემდეგ მუშაობა გააგრძელეს ფოთში. ამგვარად, ბარბალე ლაშხაურს, როგორც ექსპედიციის აქტიურ წევრს, სათანადო წვლილი მიუძღვის კოლხეთის დაბლობის მალარიული კერების გამოვლენისა და მეცნიერული რეკომენდაციების დამუშავებაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბარბალე ლაშხაური ჯარში გაიწვიეს. იგი ჯერ საველე ჰოსპიტალში მსახურობდა, ხოლო შემდეგ მუშაობდა თბილისის მერვე ლაზარეთში, ქართული ქირურგიული სკოლის ფუძემდებელთან გრიგოლ მუხაძესთან ერთად. ნიჭიერმა და ყურადღებიანმა ექიმმა მოიხვეჭა ავტორიტეტი ავადმყოფთა და დაჭრილთა შორის. მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდა თვით გრიგოლ მუხაძე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი წამყვან სამხედრო ექიმად დანიშნა. ამგვარად, ბარბალე ლაშხაური ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი პირველი სამხედრო ექიმიცაა. ომის დამთავრების შემდეგ ბარბალე ლაშხაური კვლავ სერპუხოვოში დაბრუნდა. სხვათა შორის, იქვე ცხოვრობდა ბარბალეს ძმის ვლადიმერ ლაშხაურის ოჯახიც. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წლიდანვე ბარბალე ლაშხაური თბილისში დაბრუნდა და ქართულ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, რომელიც სასტუმრო "თბილისში" იყო მოთავსებული. 1919 წელს 32 წლის ბარბალე ლაშხაური მუცლის ტიფით დაავადდა და თბილისშივე გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე, სამწუხაროდ მას შთამომავლობა არ დარჩენია და საფლავიც უცნობია. მასზე ქართულ პრესაშიც არაფერი დაწერილა. პირველი ქართველი სამხედრო ექიმი ქალი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.148-150; ექიმ ბარბარე ლაშხაურის ასული:(ნეკროლოგი). მუხაძე, კატო. ჟურნალი ექიმი 1919, N3-4.- გვ.62
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

