The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ყაზბეგი

Date of birth:1810
Date of death:1868  (at 58 years)
Category:Public Man

Biography

დაიბადა გაბრიელ ყაზბეგის ოჯახში. 1831 წელს ნიკოლოზ ყაზბეგმა სახელმწიფო-სამხედრო სამსახურში პრაპორშჩიკის ჩინი მიიღო, ხოლო ორი წლის შემდეგ სამოქალაქო სამსახურში გადაუყვანიათ, თუმცა ამის შემდეგაც ხშირად მონაწილეობდა საომარ ოპერაციებში. 1832 წელს იგი "მთიელ ხალხთა მმართველის" თანაშემწედ მსახურობდა. 1845 წელს მიანიჭეს პოდპორუჩიკის წოდება, რის შემდეგ მალე სახელმწიფო სამსახურის თავი დაანება. ნიკოლოზ ყაზბეგმა დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, მას თანამედროვენი ახასიათებენ როგორც დარბაისელ, წყნარ, პატიოსან ადამიანს, მხურვალე პატრიოტს, მთის დიდ მოყვარულს და პოეტური ნიჭით დაჯილდოებულ კაცს, იგი შიგადაშიგ ლექსებსაც წერდა. ასეთ პიროვნებად წარმოგვიდგება ნიკოლოზ ყაზბეგი მოთხრობაში "ხანჯალი" ("Кинджал". Из воспоминаний детства"), რომლის თარგმანი თბილისის პროგრესულ გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში" დაიბეჭდა 1894 წლის 20 მარტს. თუმცა მოთხრობა ხელმოუწერლად გამოქვეყნდა, მაგრამ გაზეთის იმ ცალზე, რომელიც ყაზბეგის საგვარეულოს ეკუთვნის, ვიღაცის ხელით მიწერილია "Рафаил Казбек". ნაწარმოების შინაარსიდანაც ჩანს, რომ იგი რაფიელ (ფიდო) ყაზბეგს უნდა ეკუთვნოდეს. ნიკოლოზ ყაზბეგის ლექსი "ნანა" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1859 წლის ნოემბერში. მას პირველი ქორწინებიდან ჯახოტ დუდაროვის ქალიშვილთან, სალომე დუდაროვასთან ჰყავდა ექვსი შვილი: დიმიტრი (მიტკა), გიორგი, გაბრიელი, რაფიელი (ფიდო), ელისაბედი (ლიზა) და ოლღა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მეორედ იქორწინა ვინმე კუდუხოვის ქალიშვილზე, რომელიც ერთ წელიწადში ჭლექით გარდაცვლილა, მესამე ცოლი კი იყო ქოშერხან (ელენე) დუდაროვა, რომელთანაც შეეძინა ვანო (დაიბადა 1860 წლის 11 ივლისს) და ელენე (დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს). მიხეილ ყაზბეგის ძმა. 

წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.40-45; ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები / გიორგი ყაზბეგი ; შეადგინა, ავტორის ბიოგრაფია, კომენტარები და შენიშვნები დაურთო რამაზ სურმანიძემ .- ბათუმი,2019.-გვ.170


Share: