The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ყაზბეგი

კონსტანტინე ყაზბეგი
სხვა სახელი:რალია ყაზბეგი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1915
დაკრძალვის ადგილი:ყაზბეგების საგვარეულო აკლდამა, დაბა სტეფანწმინდა
კატეგორია:ინჟინერი, რკინიგზელი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კონსტანტინე (რალია) ყაზბეგი დაიბადა გიორგი ყაზბეგისა და ელისაბედ მაღალაშვილის ოჯახში. კონსტანტინე ყაზბეგმა 1898 წელს დააამთავრა ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი, შემდეგ მსახურობდა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო ნაწილებში, კერძოდ, სარკინიგზო ბატალიონში, მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1902 წლების ომში. როგორც ირკვევა, სამხედრო საქმესთან ერთად კონსტანტინე ყაზბეგი კარგად ხატავდა. გემ "ვარიაგის" დაღუპვას მან მიუძღვნა ქანდაკება, რომლის ფოტოასლი თბილისშიც აჩვენეს. ამ ფაქტს იმდროინდელი პრესაც გამოეხმაურა. "ივერიას" (№107, 6 მაისი, 1904 წელი) და "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში (219, 16 მაისი, 1904 წელი) ნათქვამია, რომ ფოტოასლს ჰქონდა წარწერა: "რუსი მეზღვაურები გემ "პასკალიდან" ეთხოვებიან "ვარიაგას". ქანდაკების ავტორად კი მოხსენიებულია ახალგაზრდა მოქანდაკე, პორუჩიკი კ. გ. ყაზბეგი. საყურადღებოა, რომ კონსტანტინე ყაზბეგს გამოუქანდაკებია აგრეთვე რუსეთ-იაპონიის ომში დაღუპული გემის "ვარიაგის" მეთაური რუდნევი, რის შესახებაც იუწყება ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" (32, 1915 წელი გვ. 3). კონსტანტინე ყაზბეგს, როგორც იაპონიასთან ომის ერთ-ერთ გმირს დიდი ადგილი ეკავა რუსეთის იმპერატორის კარზე. ამაზე ისიც მეტყველებს რომ თბილისში ჩამოსული ნიკოლოზ II-ს ამალაში როგორც რკინიგზის ინჟინერი კონსტანტინე ყაზბეგიც შედიოდა (როგორც წესი იმპერატორი პეტერბურგიდან თბილისამდე რკინიგზის ვაგონით მგზავრობდა). მაღალი რანგის სტუმრები ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის მიუწვევია. ქართველ თავადს ცოლად ჰყავდა ლევან დადიანის ქალი ნინო. მათთან იზრდებოდა ახალგაზრდა ნინო (ჩაქურია) გრიგოლის ასული დადიანი. სწორედ მაშინ გაიცნო კონსტანტინე ყაზბეგმა თავისი მომავალი მეუღლე. სამხედრო ინჟინერი კონსტანტინე ყაზბეგი პეტროგრადში სარკინიგზო კატასტროფამ იმსხვერპლა (ამ დროს მისი მეუღლე ნინო დადიანი 4 თვის ორსული ყოფილა მარინეზე). იგი საქართველოში ჩამოასვენეს და სტეფანწმინდაში დაკრძალეს. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით იმდროინდელ გაზეთში გამოქვეყნდა ოჯახის შემდეგი შინაარსის განცხადება (მოგვაქვს მთლიანად, რადგანაც იგი ერთგვარად ნათელს ჰფენს კონსტანტინე ყაზბეგის ოჯახის შემადგენლობას და ბიოგრაფიას): "ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, მეუღლე მისი ელისაბედ ალექსანდრეს ასული და რძალი ნინო გრიგოლის ასული ღრმა მწუხარებით აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ, რომ მათ ოჯახს კვლავ ახალი უბედურება დაატყდა თავსა: ტრაღიკულად გარდაიცვალა პირველთა შვილი და მეორეს მეუღლე, რკინიგზის პოლკის კაპიტანი კონსტანტინე გიორგის ძე ყაზბეგი. დაკრძალვა პეტროგრადიდან მოსვენების შემდეგ მოხდება საგვარეულო აკლდამაში სოფელ სტეფანწმინდაში (სადგური ყაზბეგი) დაკრძალვის დღე ცალკე იქნება გამოცხადებული." (გაზეთი "სახალხო ფურცელი". №312, 20 ივნისი, I915 წელი, გვ.1). ამავე გაზეთში მოკლედ ნათქვამია კონსტანტინეს დაღუპვის მიზეზე: "მას ქუჩაზე ავტომობილი გადაბრუნებია და უეცრად გარდაცვლილა, ხოლო სტეფანწმინდაში დაკრძალული კონსტანტინე ყაზბეგის საფლავის ეპიტაფიიდან ირკვევა, რომ იგი დაიღუპა პეტერბურგში მატარებლის მარცხის დროს. "თანამედროვე ომმა ჩვენის ქვეყნის ბევრი შვილი შეიწირა, ხშირია ოჯახი საიდანაც სამი-ოთხი ძმა და მამა-შვილნი დაღუპულან ბრძოლის ველზე. ერთი ასეთი ოჯახია ჩვენი ცნობილი გიორგი ყაზბეგისა, რომლის სამი შვილი ახლანდელ ომში დაიღუპა. 1) ნიკოლოზ - როტმისტრი, გიორგის პირველი შვილი, თათართა პოლკის უფროსის ადიუტანტი, კარპატებში მოკლული 1915 წლის 16 იანვარში გადმოასვენეს ყაზბეგში. 2) ალექსანდრე - გიორგის მეორე შვილი, პოდპოლკოვნიკი, უკვალოდ დაიკარგა ლოძთან ბრძოლის დროს, არ იციან ცოცხალი თუ მკვდარი. 3) კონსტანტინე - გიორგის მესამე შვილი, კაპიტანი, მსახურებდა სარკინიგზო ბატალიონში. ავტომობილის გადაბრუნების დროს დაიღუპა 1915 წლის 14 თიბათვეს პეტროგრადთან, მოქანდაკე იყო. გამოაქანდაკა რუს-იაპონიის ომში დაღუპულ გემის უფროსი რუდნევი" ("თეატრი და ცხოვრება", 1915 წელი, №32 9 აგვისტო). (1921 წლის თებერვალ-მარტში როცა საქართველოს ანექსია მოხდა, კონსტანტინე ყაზბეგის მეუღლე  ნინო (ჩაქურია) დადიანი, ქალიშვილთან მარინესთან ერთად საზღვარგარეთ წასასვლელად ბათუმში თავად თენგიზ დადეშქელიანმა (1892-1961) ჩაიყვანა, სტამბოლში რძალი თვით გიორგი ყაზბეგმა გააცილა. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების მიღება ერთხანს შეფერხებულა, რის გამოც ნინო დადიანი-ყაზბეგისა, მამამთილის გიორგი ყაზბეგის გარდაცვალების შემდეგაც თითქმის სამი წელი სტამბოლში დარჩენილა, შემდეგ კი ნინო ქალიშვილთან მარინე კონსტანტინეს ასულ ყაზბეგთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა. მარინემ სრულწლოვანობას იქ მიაღწია და გათხოვდა მოლტკეზე, რომლისგანაც შეეძინა ქალიშვილი. ნინო (ჩაქურია) დადიანი-ყაზბეგი 1962 წელს გარდაცვლილა და დაუკრძალავთ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში). გაბრიელ ყაზბეგის შთამომავალი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილიშვილი, გიორგი ყაზბეგის შვილი, ნიკოლოზ, ალექსანდრე და ელენე (ელიუ) ყაზბეგების ძმა.

წყარო: ძმანი ყაზბეგნი : ომში და უბედურად დაღუპულნი, გიორგი ყაზბეგის შვილნი: ნიკოლოზი, ალექსანდრე, კონსტანტინე [პორტრეტები] // თეატრი და ცხოვრება. - 1915. - N32.-8; ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები / გიორგი ყაზბეგი ; შეადგინა, ავტორის ბიოგრაფია, კომენტარები და შენიშვნები დაურთო რამაზ სურმანიძემ .- ბათუმი,2019.-გვ.170


გააზიარე: