The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ელიავა

ნიკო ელიავა
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ელიავა
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1937  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1902 წელს. 

1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1902 წელს იცავდა ბათუმში დაპატიმრებული მუშების ჯგუფს, რომელთაც მარტში, გაფიცვის შემდეგ დაპატიმრებული ამხანაგების გათავისუფლების მოთხოვნით, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) მიერ ორგანიზებული დემონსტრაციისას პოლიციასთან და ჯართან შეტაკება მოუხდათ. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის " ბოლშევიკების" ფრაქციაში. იყო ჟურნალ "მოგზაურის" მეორე რედაქტორი. 1910 წელს არჩეული იყო ქართული სახალხო თეატრის გამგეობის თავჯდომარედ. 1912 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს როსტოვში, საიდანაც ამნისტიით გათავისუფლდა. 1913 წელს, "მგზავრის" რედაქტორობისას; პეტერბურგის ციხეში გაატარა 3 წელი, შემდგომ კი გადაასახლეს ასტრახანში. 1916 წლიდან მუშაობდა ტფილისის დაჭრილთა და ომში დასახიჩრებულთა კომიტეტის მთავარ კონტროლიორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მარტიდან ნოემბრამდე, იყო ტფილისის საგუბერნიო მომარაგების კომიტეტის თავჯდომარე. 1917 წლიდან იყო საქართველოს ქალაქთა კავშირის თავჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან იყო თბილისის ქალაქის თავი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში; ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში. 1926 წელს ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას. 1926 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა თბილისში; შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში; იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად. 1937 წლის 15 აპრილს პენსიონერი "კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 12 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 13 ივლისის ღამეს. დახვრიტეს ასევე მისი ვაჟი. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1957 წლის 8 ოქტომბერს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.220

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1899-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • ქართული სახალხო თეატრის გამგეობა, თავმჯდომარე (1910-)

გააზიარე: