The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო მუსხელიშვილი

ნიკო მუსხელიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1891
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1976  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1914 წელს.

1915-დან 1920 წლამდე პეტერბურგის უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკასა და მექანიკას. 1921 წელს დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. ნ. მუსხელიშვილს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. ნ. მუსხელიშვილის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ყველა ძირითადი ამოცანა სტატიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალურ განტოლებების თეორიაში. მას ეკუთვნის ინდექსის მნიშვნელოვანი ფორმულა სინგურალურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემისათვის; ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში; მისი მონოგრაფია "დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა" მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენიმეჯერ იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე.  ნ. მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთერთი დამფუძნებელი; მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პტრეზიდენტი (1972).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. -თბ., 1984. -გვ. 212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1972-)
  • ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1952-)
  • გამოყენებითი მექანიკის კონგრესთა საერთაშორისო კომიტეტი, წევრი (1965-)
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (ბერლინის) მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1967-)
  • თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირი, ბიუროს წევრი (1960-)
  • პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1960-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-1976)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1941-1972)
  • სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1961-)
  • სსრკ I-IX მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სსრკ თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ნაციონალური კომიტეტი, თავმჯდომარე (1957-1976)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (1942-1972)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი
  • 1970 - სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის იან იესენიუსის სახელობის ოქროს მედალი
  • 1969 - ტურინის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პრემია და ოქროს მედალი "მოდესტო პანეტი"
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1945 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • ლენინის ორდენი (6 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: