The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლორთქიფანიძე

ივანე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1890
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, ქუთაისის მაზრა.

1900 წლიდან სწავლობდა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიაში; სწავლის დროს ჩაერთო სოციალისტ-რევოლუციონერთა ახალგაზრდული წრის მუშაობაში. 1905 წელს პარტიული საქმიანობის გამო დააპატიმრეს და გიმნაზიის მე-7 კლასიდან გარიცხეს "მგლის ბილეთით" - სწავლის გაგრძელების უფლების მოსპობით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა ესერთა ორგანიზაციაში მუშაობას. ცოტა ხნის შემდეგ შეძლო სწავლის გაგრძელება ტფილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, სადაც 1907 წელს, გიმნაზიის დამთავრებისას ესერთა ამიერკავკასიის ორგანიზაციის დავალებით ხელმძღვანელობდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობას; ასევე პროპაგანდისტობდა მუშათა და გლეხთა შორის. 1907 წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1913 წელს დააპატიმრეს და 3 თვით ციხეში ყოფნის შემდეგ გადაასახლეს სარატოვის მხარის ქალაქ ვოლსკში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მობილიზაციით გაიწვიეს არმიაში და ექიმად გაამწესეს 480-ე საველე ჰოსპიტალში, რუმინეთის - სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუმინეთის ქალაქ იასში აირჩიეს გარნიზონის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ გახდა არმიის კომიტეტის წევრი და დელეგატად გაიგზავნა ოდესის შავი ზღვის ფლოტის ფრონტის და ოდესის ოკრუგის გაერთიანებულ ყრილობაზე, შეიყვანეს ყრილობის პრეზიდიუმში და თავმჯდომარეობდა "რუმინეთის ფრონტის კომიტეტს"; ამავე დროს აირჩიეს ოდესის საქალაქო სათათბიროს თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად; 1917 წელსავე - რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. რესპუბლიკის პირველ მთავრობაში ასრულებდა გზათა მინისტრის მოვალეობას. ამავე პერიოდში იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის და განათლების კომისარი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. იყო ტექნიკური კომისიის წევრი. 1929 წლიდან დაინიშნა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის სანიტარულ-ჰიგიენური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. 1937 წელს დააპატიმრეს "ესერთა კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.286 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: