The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო აბაშიძე

ვასო აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ვასილ აბაშიძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1854
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1926  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე, ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთნ ერთად), შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879 წლიდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა. იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და ადრევე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოებრივი იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და "განცდის ხელოვნების" გზით ევლო. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტოვი, ტრადატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის "დავა", "გაყრა", ძუნწი"), გეურქა (ანტონოვის "ზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", "ხანუმა", "ციმბირელი", "ბაიყუში", "მათიკო", "ჭკუისა მჭირს"), საქო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), ბესო (სუმბათაშვილის "ღალატი"), გრუშნევსკი (რამიშვილის "მეზობლები"). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის "რევიზორი), ბელოგუბოვის, შმაგას (ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის "სკაპენის ოინები", "ტარტიუფი"), ფიგაროს (ბომარშეს "სევილიელი დალაქი") და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: ლეკოკის "რაინდი უშიშარი და გულმართალი" (ლარგი), ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან" (ასკარი) და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილი და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი "თეატრი". შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები ("ჩანგი", თბ., 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900). მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული თეატრის აღორძინება; ვ. აბაშიძის სახელობისაა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი. ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.19; ბურუსი: burusi.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1922 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია

  • ჩანგი : მწერალთა თხზულებიდამ საუკეთესო ლექსები და სცენები (შემდგენელი). - ოზურგეთი, გამოც. კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის N16, 1893. - 160გვ.
  • ტასიკო : დრამატიული ეტიუდი (ავტორი). - ფოთი, ლ. ტუღუშის გამოცემა, 1893. - 25გვ.
  • ეხლანდელი სიყვარული : კომედია 4 მოქმედებად (ავტორი). - ფოთი, ლ. ტუღუშის გამოცემა, 1893. - 76გვ.

გააზიარე: