The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1876
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 1940  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უნივერსიტეტის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება
1899 წელს.

1901–1902წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1902–1917წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს; 1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 1918–1938წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას; 1936-1940წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი; 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი; მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი "ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: "ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს."(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), "ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია"(1926, 1949), "ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა"(1925); მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა "ქართველი ერის ისტორია"(5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი "ქართული სამართლის ისტორია"; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. მიღებული აქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი (1898). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.526; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანადამფუძნებელი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, დამფუძნებელი, წევრი (1907-)
  • საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოსათვის
  • 1938 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1898 - პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისთვის "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: