The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ხანძთელი

გრიგოლ ხანძთელი
დაბადების თარიღი:759
გარდაცვ. თარიღი:861
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ; გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში; აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე(ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო); თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო; აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა; ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი; გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები; დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი; გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში; გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს; მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი ცქირი; გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია; მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად; გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა(აქედან – მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა; გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი; გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოი იადგარი" — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი და უწოდა ღირსი მამა; მისი ხსენების დღეა 18 ოქტომბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.159

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: