The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე დუმბაძე

ივანე დუმბაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1851
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1916  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1869 წელს, შევიდა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც პირველი ხარისხით დაასრულა 1872 წელს.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ, პრაპორშჩიკის ჩინით გაიგზავნა კავკასიის მე-18 ბატალიონში; 1875 წელს გადაიყვანეს ახალციხის 162-ე ქვეით პოლკში, სადაც 1876 წელს მიიღო პოდპორუჩიკის ჩინი; მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, იქ მიიღო პორუჩიკის ჩინი; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ოფისში, ერთ-ერთი დამსჯელი ასეულის მეთაურად. მისი ფუნქცია იყო მაღალმთიან რაიონებში არსებული აჯანყების ჩახშობა; 1880 წელს გახდა გურიის დრუჟინის მესამე ასეულის მეთაური, შტაბსკაპიტანი და გაიგზავნა გურიაში, მის მშობლიურ მხარეში ფირალებთან საბრძოლველად; 1880-1887წწ. იყო ოზურგეთის მაზრის ბოქაული;  1882 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი; 1887 წელს გადაყვანილ იქნა მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო მოსამართლედ; 1894 წელს მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს - სრული პოლკოვნიკისა. ამ პერიოდში იგი დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. 1900 წლიდან იყო კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონის მეთაური; 1903 წელს დაინიშნა მე-16 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლამდე. ამ დროიდან დუმბაძემ გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად ჩაერთო იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში; დაინიშნა იალტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად; 1907 წლიდან გენერალ-მაიორი; 1907-1908წწ. იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი; 1908 წელს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად; 1912 წლდან გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი; 1912 წელს სამხედრო მინისტრის ბრძანებით დუმბაძე გადაყენებული იქნა ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გათავისუფლებული იქნა იალტის მთავარმმართებლობიდან. ის ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში; 1912 წელს ნიკოლოზ II-მ დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, დუმბაძე აღადგინეს იალტის მმართველის თანამდებობაზე. დუმბაძემ მიიღო რამდენიმე უცხოური ორდენი, მათ შორის ლომისა და მზის სპარსული ორდენი, ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენები, მხსნელის ბერძნული ორდენი და წმინდა დანიელის ჩერნოგორიული ორდენი. 1914 წელს "ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის" დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმინდა გიორგის ბაფთაზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ვერ მიიღო მასში მონაწილეობა ავადმყოფობის გამო; 1916 წლის გაზაფხულზე კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა; 1916 წლის 15 აგვისტოს საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართველის პოსტიდან, მაგრამ დარჩა სვიტას შემადგენლობაში. 1 ოქტომბერს გარდაიცვალა ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქო პატივით. რუსეთის არმიის გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე, სვიტას გენერალ-მაიორი, ქალაქ იალტის მთავარმართებელი, რუსი ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური, ცნობილია ექსტრავაგანტული ქცევების, სისასტიკისა და შავრაზმული შეხედულებების გამო.

წყარო: dic.academic.rugeorgianencyclopedia.ge; НАЦИОНАЛЬНАЯ ИСТОРИЧЕСКАЯ ЭНЦИКЛОПЕДИЯ: interpretive.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1882 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)

გააზიარე: