The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხახანაშვილი

ალექსანდრე ხახანაშვილი
სხვა სახელი:ს. პავლიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1912  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი დაიბადა 1864 წელს, სხვა მონაცემებით 1866 წელს. 1889 წლიდან ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში; 1900 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში; მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894, პარიზი 1897); 1902 წელს მივლინებული იყო ათონის მთაზე ივერთა მონასტრის წიგნსაცავში სამუშაოდ. აღმოაჩინა 14 ხელნაწერი, რომლებიც ალ. ცაგარელის მიერ შედგენილ კატალოგში არ ყოფილა შეტანილი; გულმოდგინედ სწავლობდა და აქვეყნებდა საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერებს. თავის შრომებში იგი ეხებოდა ქართული ენის სხვა ენებთან ნათესაობის საკითხსაც; იზიარებდა ფრ. მიულერის აზრს ქართველური ენების ცალკე გამოყოფის თაობაზე და ასკვნიდა, რომ "ქართული ენა არის ძმა მეგრული და სვანური ენებისა"; ეხებოდა აგრეთვე ქართული ენის სხვა  იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობის საკითხსაც და სათანადო ფაქტების ანალიზის საფუძველზე ცდილობდა დაემტკიცებინა ამ ენების ნათესაობა. შექმნა ქართული ლიტერატურის კურსი "ქართული სიტყვიერების ისტორია"; მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში დაარსდა "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება". იყო რამდენიმე საზოგადოების წევრი. გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ერთნოგრაფიის საკითხებზე ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე; გამოსცემდა ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებს და თარგმნიდა უცხო ენებზე; უდიდესია მისი დამსახურება ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში; თავის ლექსებს აქვეყნებდა ფსევდონიმით - ს. პავლიაშვილი. ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს სამი ლექსი "კვალში", ხოლო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "კოლხიდაში", 1911 წელს მან თავისი სახელით დაბეჭდა ლექსი "პატარა ცემი" - ა. ხახანაშვილი. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში. მისი ფონდი 882 საარქოვო საქმეს შეიცავს. ქართული ლიტერატურის მკვლევარი, პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.592-593; საქართველოს სამეფო: georoyal.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: