The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გომართელი

შალვა გომართელი
სხვა სახელი:გორისელი  (ფსევდონიმი)
ზემო იმერელი  (ფსევდონიმი)
მატიაშვილი  (ფსევდონიმი)
ჟუჟუნა  (ფსევდონიმი)
შან-განი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1895
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1938  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი, მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორისა, ჭიათურის რაიონი.

სწავლობდა საჩხერის ორკლასიან სკოლაში, ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში, ბაქოს გიმნაზიაში, მოსკოვის №1 ელექტროტექნიკურ სასწავლებელში და უმაღლეს პოლიტექნიკურ სასწავლებელში. პოლიტიკურ-რევოლუციურ მუშაობაში ჩაება 15 წლიდან. 1912 წელს ბაქოს პარტიულმა ორგანიზაციამ მიიღო რსდმპ რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო-ლიტერატურულ, კულტურულ და სხვადასხვა პოლიტიკურ ღონისძიებაში. 1916 წელს დაიჭირეს, ბაქოდან გაასახლეს და სამუდამოდ აუკრძალეს ბაქოში ჩასვლა. ამავე წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო მოსკოვის ბუტირკის ციხეში იჯდა. 1917 წლის რევოლუციის დროს, ქართველ სტუდენტებთან ერთად, განაიარაღა პოლიცია და არჩეულ იქნა მოსკოვის მილიციის პირველი უბნის უფროსად (რომლის სურათიც დაბეჭდილია რუსულ გაზეთში "Утро России"- "Студенты Грузии - первые революционные милиционеры"). 1916 წელს მიემხრო ინტერნაციონალისტების მემარცხენე ფრთას-სოციალ დემოკრატებს, აკრიტიკებდა ნოე რამიშვილს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ "სხიველების" ჯგუფმა შალვა გომართელი პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად აირჩია, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დამოუკიდებელი წევრი, 1923 წლიდან ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, 1922 წელს აირჩიეს 26 მაისის სადღესასწაულო დემონსტრაციის მომწყობ კომისიაში, დემონსტრაციის დამარცხების შემდეგ 6 თვით დააპატიმრეს, იჯდა მეტეხის ციხეში. იბრძოდა მენშევიკური პარტიის ლიკვიდაციისათვის, 1923 წელს კომუნისტურ პარტიას მიემხრო და III ინტერნაციონალის პროგრამას დაუჭირა მხარი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1914 წელს, ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოაქვეყნა წერილი "უბის წიგნიდან". ბეჭდავდა მოთხრობებს, წერილებს სახელმწიფო, სამეურნეო, ხელოვნების და სხვა საკითხების შესახებ. თანამშრომლობდა ყველა მემარცხენე ჟურნალ-გაზეთთან და გამოცემასთან: "თანამედროვე აზრი", "თეატრი და ცხოვრება", "სკოლა და ცხოვრება", "მეგობარი", "თავისუფლება", "მხედარი", "ჩირაღდანი", "კომუნისტი", "მუშა", "პარნასი", "ეშმაკის მათრახი", "დროშა", "აღმასკომის მოამბე", "საქართველოს ეკონომისტი", "ფუხარა", "ტარტაროზი", "ზარია ვოსტოკა", "Рабочая правда", "საბჭოთა აღმშენებლობა" (იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი).  თბილისში მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული უპარტიო გაზეთი "მილიცია". რუსულ ენაზე შეადგინა პირველი პოლიტიკურ სიტყვათა ლექსიკონი ("Словарь: (Политические и иностранные слова)". Москва, 1917), რომლის 3000 ეგზემპლარი სახელმწიფო სათათბირომ შეიძინა ჯარში დასარიგებლად. დაწერა სამი პიესა: "ქართველი სტუდენტები", "უკანასკნელი ქეიფი", "კომისარი" (იდგმებოდა ხშირად). თარგმა ვინიჩენკოს დრამა "ცოდვა" (დაიდგა სახალხო სცენაზე 1924 წელს). შალვა გომართელის  ნაშრომიდან აღსანიშნავია "საქართველოს რუსეთთან შეერთების მოკლე ისტორია" (ჟურნალი "თავისუფლება", 1917, №7-22), "წერილები თეატრზე" ("თეატრი და ცხოვრება", 1920, №15-18) და სხვ. პირველად სცენაზე გამოვიდა 1912 წელს ბაქოში (ყარაგიოზის როლი, "და-ძმა"). 1906 წლიდან იყო თბილისის აღმასკომის სტატისტიკისა და ეკონომიკის განყოფილების გამგე, 1917 წელს იყო მოსკოვის ექსპედიციაში, 1918 წელს რევოლუციური ადმინისტრაციის უბნის უფროსი (მოსკოვი), 1919 წელს თბილისში მუშაობდა ამავე თანამდებობაზე, 1921 წელს სახალხო სახლში დასის კომისარი და სახალხო თეატრის გამგე, ბათუმში რუსეთ-სპარსეთის სავაჭრო საზოგადოების წარმომადგენელი, 1924 წელს საქართველოს შრომის არტელის გამგეობის თავმჯდომარე. დააპატიმრეს 1937 წლის 27 დეკემბერს, ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა (საქმე შეწყდა ბრალდებულის გარდაცვალების გამო). რევოლუციონერი, მოყვარული მსახიობი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 678; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია

  • წარსულის ხვეულებში (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფსკოლის სტ., 1926. - 48გვ.
  • სამი პიესა : (შინაარსი: ქართველი სტუდენტები; უკანასკნელი ქეიფი; მილიციის ცხოვრებიდან) (ავტორი). - თბილისი, იოსებ იმედაშვილის გამოც.(სათეატრო ბიბლიოთეკა) N71, 1920. - 32გვ.

გააზიარე: