The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მანველიშვილი

ალექსანდრე მანველიშვილი
სხვა სახელი:ალი-ბაბა  (ფსევდონიმი)
ბაბა  (ფსევდონიმი)
ანდრო დოლიძე  (ფსევდონიმი)
ლეგიონერი  (ფსევდონიმი)
ყარამანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 1997  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა არვადა, კოლორადოს შტატი, აშშ
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის მუნიციპალიტეტი.

1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დაამთავრა სოფელ ვალეს სამწლიანი სახელმწიფო სკოლა და იმავე წელს მიიღეს ქ. ახალციხის ე.წ. უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში. 1924 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ახალციხის საშუალო სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ (შემდეგში იურიდიულ) ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მანველიშვილი ჩაირიცხა მარიამ ორახელაშვილის სახელობის სამწლიან უმაღლეს პედაგოგიურ ინსტიტუტში სოციალ-ლიტერატურული განხრით. 1928 წელს აღნიშნული ინსტიტუტი დახურეს და ალექსანდრე მანველიშვილი გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, ხოლო როგორც ახალციხის სტიპენდიანტი სამუშაოდ მშობლიურ სკოლაში დააბრუნეს. 1929 წელს ალექსანდრე მანველიშვილი ემიგრაციაში წავიდა. 1930 წლის 1 მაისს მან სტამბოლი დატოვა და ფრანგული გემით საფრანგეთში გაემგზავრა, ვალენტინე-ბოლიოში დაბინავდა და მუშაობა პეჟოს ქარხანაში დაიწყო. აქვე გაეცნო "თეთრი გიორგის" მოძრაობას და მის ლიდერს ლეო კერესელიძეს. ემიგრაციაში მოხვედრილ ქართველ ახალგაზრდობას არ აკმაყოფილებდა უფროსი თაობის (კერძოდ, სოციალისტების) პოლიტიკური მოღვაწეობა და საქართველოში მომხდარ ყველა უბედურებას მას აბრალებდა. ამიტომაც ბრძოლის ახალი გზების ძიებას შეუდგა, რისი შედეგიც იყო 1920-იანი წლების შუა ხანებში, პარიზში, "თეთრი გიორგის" ორგანიზაციის შექმნა. ალექსანდრე მანველიშვილი შეუერთდა ეროვნული იდეის გარშემო შემოკრებილ ახლგაზრდულ მოძრაობას და სულ მალე ლეო კერესელიძესა და მიხაკო წერეთელთან ერთად მისი ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი და მეთაური გახდა. ორგანიზაციას ჰქონდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი "თეთრი გიორგი", რომლის პირველი ნომერი პარიზში 1926 წლის 25 აგვისტოს გამოვიდა და მისი გამოცემა 1939 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ერთ ხანს ალექსანდრე მანველიშვილი "თეთრი გიორგის" ფაქტიური რედაქტორი და მისი აქტიური ავტორი იყო. პარიზში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილი დიდ მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. იგი მუდმივად სტუმრობდა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც 30–იან წლებში მუშაობდნენ პროფესორები – ზურაბ ავალიშვილი და შალვა ბერიძე. მათ ამაგს ალექსანდრე მანველიშვილი ყოველთვის მადლიერების გრძნობით იხსენებდა. ამას გარდა იგი ჩაეწერა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა გამოჩენილი ფრანგ მეცნიერების ლექციებს. 1933 წლის ბოლოს ალექსანდრე მანველიშვილი რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად გამოეყო ორგანიზაცია "თეთრ გიორგის" (მხოლოდ ორგანიზაციულად, იდეოლოგიურად ერთად დარჩნენ) და დაარსა ახალი ორგანო – გაზეთი "მომავალი" (1934, თებერვალი – 1938, ნოემბერი). ამ გაზეთში მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. II მსოფლიო ომის წინ ალექსანდრე მანველიშვილი გერმანიაში გადავიდა. ფიქრობდა, რომ გერმანიის დახმარებით მოხერხდებოდა საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა და 1944 წლიდან  კვლავ პარიზში დაბრუნდა. აქ იგი მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა გერმანიიდან საფრანგეთში მოხვედრილ ქართველ ტყვეებს, შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოდ წიგნაკი "ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი", რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა პარიზში. 1950–იან წლებში ალექსანდრე მანველიშვილი თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან: ჟურნალები – "მებრძოლი საქართველო", "ბედი ქართლისა", გაზეთები – "საქართველოს დამოუკიდებლობა", "ქართული აზრი". თავად გამოსცა ჟურნალი "ერის დიდება" და ფრანგულენოვანი გაზეთი "L' Action Georgienne", როგორც "საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ლიგის" ბეჭვდითი ორგანო. გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხო ენაზე ქართული საკითხის პროპაგანდისა და ფართო გავრცელებისათვის. გარდა ამ ფრანგული წერილებისა, ალექსანდრე მანველიშვილს გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები იტალიურ და ინგლისურ ენებზე – ჟურნალებში: "Fronte Unio", რომი; "The Voice of free Georgia", ნიუ-იორკი. 1958 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დატოვა ევროპა და ამერიკაში გადასახლდა. აქ მან  გამოქვეყნა რემდენიმე სქელტანიანი წიგნი, ხოლო წერილებს კვლავ ევროპაში აგზავნიდა და პარიზში გამომავალ ჟურნალებში "კავკასიონსა" და "ივერიაში" ბეჭდავდა. იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რადიოსადგურებში – "კავკასიონი", "თავისუფლება" და "ამერიკის ხმა", მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი, რაც ალექსანდრე მანველიშვილმა დაუტოვა მშობელ ერს, არის მისი წიგნები, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტამბოლში, პარიზსა და სან-ფრანცისკოში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით / გურამ შარაძე. - თბილისი, 1992.-გვ.17

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: